ქართველებმა გალის დატოვება დაიწყეს

გალის რაიონიდან ქართველი მოსახლეობის მიგრაცია დაიწყო, ამის მიზეზი კი გალის ქართულ სკოლებში რუსულად სწავლის შემოღება გახდა. ოჯახები იძულებულები არიან, თავიანთი სახლკარი დატოვონ და შვილები ენგურს აქეთ, ზუგდიდის რაიონში, ან საქართველოს სხვა რეგიონების ქართულ სკოლაში გადმოიყვანონ.

შეგახსენებთ, რომ აფხაზური ადამინისტრაციის გადაწყვეტილებით, 2015 წლის სასწავლო წლიდან გალის ქვედა ზონის 11-ვე ქართული სკოლის დაწყებით კლასებში სწავლა რუსულ ენაზე დაიწყო. რაც შეეხება მე-5-მე-11 კლასებს, სწავლა კვლავ ქართულ ენაზეა, თუმცა ქართულის ენის სწავლება შეზღუდული დროით მიმდინარეობს.

როგორც გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ნონა შონია “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, პროგრესულად მოაზროვნე მშობლები რუსულად სწავლის შემოღებას იმით აპროტესტებენ, რომ თავიანთი შვილები ენგურს აქეთ, ქართულ სკოლებში გადმოჰყავთ.

“მათ არ სურთ, რომ შვილებმა რუსულენოვანი განათლება მიიღონ. ამიტომაც თავიანთ სახლკარს ტოვებენ და ენგურს აქეთ ზუგდიდის რაიონში ან საქართველოს დანარჩენ ადგილებში გადმოდიან.

“2014-15 სასწავლო წლის დასასრულიდან დღემდე ქართულ სკოლებში 55 ბავშვი გადმოვიდა. ეს ბავშვები მეორე, მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები არიან და სწავლას საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლებში აგრძელებენ.

“დღეს გალის რაიონში 31 სკოლა ფუნქციონირებს. ტყვარჩელსა და ოჩამჩირის რაიონების სკოლებში ქართული საერთოდ აკრძალულია. გალის ზედა ზონის სკოლებში 2014-15 სასწავლო წელს უკვე ქართული მხოლოდ თითო-თითო საათია დარჩენილი. ქვედა ზონის სკოლები მიმდინარე სასწავლო წლამდე ქართული სკოლის სტატუსს ინარჩუნებდნენ. ამ სკოლებში ყველა საგანი პირველი კლასიდან მეთერთმეტე კლასის ჩათვლით ქართულ ენაზე ისწავლებოდა.

“თუმცა, აფხაზური ადამინისტრაციის გადაწყვეტილებით, წელს გალის ქვედა ზონის 11-ვე სკოლაში, მოსამზადებლიდან მეოთხე კლასის ჩათვლით, სწავლა რუსულ ენაზე დაიწყო.

“მიმდინარე წელს გალში ყველა საგანი რუსულად ისწავლება. ქართული ენა მოსამზადებელში საერთოდ არ არის, ხოლო პირველ-მეოთხე კლასებში ქართული ენისთვის მხოლოდ სამი საათია გამოყოფილი. აქედან ერთი საათი ქართულ ენას, ხოლო 2 ლიტერატურას ეთმობა,” – აღნიშნა შონიამ.

მისი თქმით, რუსულ ენაზე სწავლების დაწყებამ უარყოფითი გავლენა, პირველ რიგში, მე-2-4 კლასებზე მოახდინა. მისივე თქმით, მოსწავლეები სრულიად უცხო ენაზე ახსნილ მათემატიკას, ბუნებას და ა.შ. ვერ იგებენ. როგორც მან გვითხრა, პატარებს აერიათ არათუ სამეტყველო, არამედ წერითი კულტურაც.

“პედაგოგები იძულებულები არიან, რომ ქართულად არალეგალურად ასწავლონ, მაგრამ ეს ძალიან დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული. აფხაზეთის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები ყოველგვარი ნებართვის გარეშე სკოლებში შედიან და მოსწავლეთა ჩანთებს ჩხრეკენ. ასევე ამოწმებენ – ჟურნალი ივსება თუ არა რუსულ ენაზე, სწავლება როგორ მიმდინარეობს და ბავშვების ცოდნის დონე როგორია.

“როგორც სეპარატისტული ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი ამბობს, სექტემბრიდან აფხაზური გეგმა ამოქმედდებაო, ეს აფხაზური გეგმა კი არ არის, არამედ წმინდა რუსული გეგმაა.

“მე-5-დან მე-11 კლასის ჩათვლით, რასაკვირველია, ქართულენოვანი სწავლება დატოვებულია, მაგრამ მერვედან ქართული ენის სწავლება მხოლოდ თითო-თითო საათია დატოვებული.

“პედაგოგები და მშობლები აღშფოთებული არიან, რადგან ის უზარმაზარი პროგრამა, რომელიც ქართულ ენასა და ლიტერატურაში არსებობს, შეუძლებელია, ამ მცირე დროში რომელიმე მასწავლებელმა მოსწავლეებს სრულყოფილად ასწავლოს.

“საერთოდ, სწავლის ხარისხზე საუბარი ზედმეტია, რადგან მიუხედავად მასწავლებელთა გადამზადებისა, საგნებს სრულყოფილად მაინც ვერ ასწავლიან. ჩუმად მშობლიურ ენაზე გაკვეთილის ახსნა, იმის შიშით, კარი ვინმემ არ შემოაღოს, ბუნებრივია, ფსიქოზურ აშლილობას იწვევს. პედაგოგები დაძაბულ რეჟიმში მუშაობენ.

“მაღალ კლასებში ქართული ენის სწავლების შემცირება, რა თქმა უნდა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა შემცირებას გამოიწვევს. ძალიან საგანგაშო მდგომარეობაა და მოსახლეობის დიდ უკმაყოფილებას იწვევს.

“წელს ვინც მეოთხე კლასში რუსულ ენაზე სწავლობს, ბუნებრივია, მომავალი წლიდან მეხუთე კლასშიც სწავლას რუსულად გააგრძელებენ. ამიტომ სულ ახლო მომავალში გალის ქვედა ზონებში ქართულის რუსული კლასების ჩანაცვლებით ფაქტობრივად ქართული სკოლა აღარ იარსებებს,” – განაცხადა შონიამ.

აფხაზეთის უშიშროების ექსმინისტრი ლევან კიკნაძე “რეზონანსთან” საუბრისას ადასტურებს, რომ მოსახლეობა სკოლის შეცვლის მიზნით გალს ტოვებს. მისი თქმით, სკოლებში ქართულის სწავლების აკრძალვის მიზანი, ქართველების და აფხაზების კიდევ უფრო მეტად გაუცხოებაა.

“მართლაც, ქართულ სკოლებში ბავშვების გადმოყვანა დაიწყეს, რადგან გალში პრაქტიკულად ქართულად სწავლება აკრძალეს. საქმე ისაა, რომ გალის ადმინისტრაციის უფროსი ნადარაია, რომელიც ხაჯიმბას სურვილებს ახმოვანებს, გალის სკოლებში ქართული ენის აკრძალვაზე დიდი ხანია საუბრობდა.

“ამ მოვლენებს ცოტა ღრმად თუ შევხედავთ, ერთ რამეში დავრწმუნდებით, სეპარატისტების მიზანია, ქართველები და აფხაზები რაც შეიძლება მეტად გაუცხოვდნენ. ქართულ მოსახლეობას ისეთ მდგომარეობაში აყენებენ, რომ იძულებულები არიან, აფხაზეთი დატოვონ.

“ერთ მხარეს ქართული სახელმწიფოა, რომელიც აფხაზ ავადმყოფებს ხელგაშლილი ეგებება და მათ უფასოდ მკურნალობს, მეორე მხრივ იგივე სეპარატისტები ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ქართველებმა აფხაზეთის ტერიტორია დატოვონ.

“აფხაზი მოსახლეობის ნაწილი ხვდება, რომ კრემლმა ასე თუ გააგრძელა, აფხაზეთის ყირიმიზაციის პროცესის დაწყება შორს აღარ იქნება.

“ცოტა ხნის წინ თბილისში ერთ აფხაზს თავისი ტრავმირებული ნათესავი ჰყავდა ჩამოყვანილი, რომელიც იქ სიკვდილს ებრძოდა. აქ ჩამოიყვანეს და გადაარჩინეს. ამის შემდეგ აფხაზმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რაც საქართველოში ვიყავი და ქართველმა ექიმებმა ჩემს ახლო ნათესავს უმკურნალეს, ჩემთვის კონფლიქტი აფხაზებსა და ქართველებს შორის დამთავრებულიაო. რაც უფრო მეტ აფხაზს დავაყენებთ ამ აზრზე, კონფლიქტის მოგვარებასთან უფრო ახლოს ვიქნებით,” – აღნიშნა კიკნაძემ.

წყარო: რეზონანსი
წყარო

Comments
Loading...