“ქართველი ემიგრანტები” “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან ამოღებას ითხოვენ

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია “ქართველი ემიგრანტები” “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან ამოღებას ითხოვს. “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად ყუშიტაშვილმა მედიასთან ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა.

ყუშიტაშვილის განხადებით, ქართველმა ხალხმა თვალი უნდა გაახილოს და “ნაციონალური მოძრაობა” უნდა ამოვიდეს საარჩევნო სიიდან.

“მთელი საზოგადოება “ჰეროკრატიაზე” საუბრობს, სადაც ნათლადაა ასახული სააკაშვილის ჯალათური მმართველობა. დღეს არჩევნები მოდის და ქართველმა ხალხმა თვალი უნდა გაახილოს და “ნაციონალური მოძრაობა” უნდა ამოვიდეს საარჩევნო სიიდან. მათ არანაირი მორალური უფლება არააქვთ, რომ დღეს ხვდებიან საზოგადოებას, გვესაუბრებიან იმაზე თუ როგორ უნდა აცხოვრონ არჩევნების შემდეგ საზოგადოება, მაშინ როდესაც ისინი უკვე იყვნენ ხელისუფლებაში და ამხელა წნეხის ქვეშ ამყოფეს ჩვენი საზოგადოება”, – განაცხადა ყუშიტაშვილმა.

მისივე თქმით, ის “ნაციონალური მოძრაობის” ზეწოლის მსხვერპლი გახდა.

“საზოგადოებამ “ნაციონალური მოძრაობისგან ის მიიღო, რომ სრულიად უდანაშაულო ადამიანები, მათ შორის მეც ვიმყოფებოდით საშინელი ზეწოლის ქვეშ. მე პირადად მომიწია საქართველოს დატოვება, იმის გამო, რომ არ დავეჭირეთ და ჩემი ოჯახი არ გაენადგურებინათ. ვფიქრობ, რომ როდესაც ჩვენმა ხელისუფლებამ “ნაციონალურ მოძრაობასთან” კოჰაბიტაცია გამოაცხადა, მათ შანსი მიეცათ, რომ გარკვეული ნაწილით ყოფილიყვნენ პარლამენტში, მაგრამ ამ ადამიანებმა ვერ შეიმშვენეს პარლამენტში ყოფნა და ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ”, – განაცხადა ზვიად ყუშიტაშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიიდან ამოშლასთან დაკავშირებით დღეს განცხადება მზადდება, რომელსაც ხვალ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წარუდგენენ. მათ უკვე 200 ხელმოწერა აქვთ შეგროვებული.

Comments
Loading...