ქართველი მწარმოებლის თაღლითობა ევროკავშირის ბაზარზე-თხილის სკანდალი

„ვერსიის“ ექსკლუზიური ინფორმაციით, შესაძლოა, ევროკავშირში ქართული თხილის ექსპორტი საფრთხის ქვეშ დადგეს.

საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ალეკო მოწერელია, „ვერსიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ერთ-ერთმა ექსპორტიორმა კომპანიამ გერმანელი პარტნიორი მოატყუა და გადამუშავებულ თხილის პარტიაში, მიწის თხილი შეურია.

მიწის თხილი ალერგენად ითვლება, ხოლო იმ ადამიანის ჯანმრთელობა, რომელსაც ამ პროდუქტზე ალერგია აქვს და შემთხვევით მოიხმარს, სერიოზული რისკის ქვეშ დგება. გერმანიის სურსათის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ზომებს უკვე მიმართეს: ქსელიდან ქართული თხილის ეს პარტია ამოიღეს, ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს კი ოფიციალური წერილებით მიმართეს. არადა, 2014-2015 წლებში, ევროკავშირში ქართული თხილის ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა, რის გამოც სახელმწიფომ 184 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ახლა კი ერთი თაღლითი მეწარმის გამო, ევროკავშირის მასშტაბით, ქართული თხილის ექსპორტს პრობლემა ექმნება. „ვერსიას“
ალეკო მოწერელია ესაუბრება, რომელიც გერმანიიდან ახლახან დაბრუნდა.

_ ბატონო ალეკო, რა წერილი გაუგზავნა გერმანიის სურსათის უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს?

_ სხვათა შორის, ანალოგიური წერილი ჩვენმა ასოციაციამაც მიიღო, რომელსაც ექსკლუზიურად თქვენც გადმოგცემთ. სამწუხაროდ, ერთ-ერთმა კომპანიამ გერმანიაში ექსპორტით შეიტანა გადამუშავებული თხილი დაქუცმაცებული ან ფქვილის სახით, რომელშიც 22% მიწის თხილი იყო შერეული. ამ კომპანიამ ეს შეგნებულად გააკეთა, რადგან ჩვეულებრივ თხილთან შედარებით, მიწის თხილი გაცილებით იაფია. ზემოგების მიღების მიზნით, არაკეთილსინდისიერმა მეწარმემ თხილში მიწის თხილი შეურია და ასე გააგზავნა გერმანიაში.

_ რა ღირს თხილი, მიწის თხილი და კონკრეტულად რა მოგებაზეა საუბარი?

_ საშუალოდ, 1 კგ პროდუქტზე 5-დოლარიანი სხვაობაა, მეტი არა. ზუსტად არ ვიცი, კონკრეტულად რა რაოდენობის თხილის ექსპორტი განახორციელა კომპანიამ, მაგრამ დავუშვათ, სტანდარტული, 20-ტონიანი პარტია გაიტანა. თუ 20 ტონა თხილში 22% მიწის თხილი შეურია, საშუალოდ, 4 ტონაზე მეტი გამოდის. უხეში გათვლებით, ამ კომპანიამ ზემოგების სახით, 20 000-დან 30 000 აშშ დოლარამდე მოგება მიიღო… მოკლედ, ეს დარღვევა გერმანიის სურსათის უსაფრთხოების თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და იმის გამო, რომ მიწის თხილი ალერგენია, რომელიც ადამიანის სიკვდილსაც კი იწვევს, ევროკავშირის მასშტაბით, ეს ინფორმაცია სწრაფი განგაშის სისტემაში გაავრცელეს. მიწის თხილიანი თხილის პარტია ქსელიდან ამოიღეს, მაგრამ ევროკავშირში უკვე ცნობილია, რომ ასეთი ფაქტი სწორედ საქართველოდან დაფიქსირდა. რა თქმა უნდა, თხილში მიწის თხილის შერევა ჩვეულებრივი კრიმინალია, მაგრამ ეს ფაქტი ნეგატიურად აისახება ქვეყნის იმიჯზე. სახელმწიფოცა და სხვა ექსპორტიორებიც სერიოზულად დავზარალდებით, რადგან სწორედ ამის გამო, ბევრმა უცხოურმა კომპანიამ უარი განაცხადა ქართული თხილის შესყიდვაზე. დღეს, როდესაც ფაქტობრივად ცნობილია, რომ ქართული თხილი ნაკლებად საფრთხის შემცველია, ამ არაკეთილსინდისიერი ექსპორტიორის გამო, იმ კატეგორიაში გადაინაცვლებს, სადაც საფრთხის შემცველი პროდუქტები შედის. სამწუხაროდ, ევროკავშირი ქართული თხილის ექსპორტის რეგულაციებსაც შეცვლის, რაც ბიზნესოპერირებას გაართულებს. ცხადია, ეს საკმაოდ ცუდი ფაქტია, მაგრამ სასწრაფოდ უნდა მივხედოთ, საქართველომ შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს და ევროკავშირს აცნობოს.

_ ცხადია, სახელმწიფო ამ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებს, მაგრამ თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციასაც შეუძლია, ამ კონკრეტული კომპანიის გადამუშავებული თხილი აღარ ჩაიბაროს… გარკვეული ზომები თქვენც ხომ უნდა მიიღოთ?

_ ასე არ არის, რადგან კომპანია, რომელმაც თხილში მიწის თხილი შეურია, ჩვენი ასოციაციის წევრი არ არის. ამ კომპანიამ თხილი გლეხებისგან ჩაიბარა, გადაამუშავა, შემდეგ მიწის თხილი იყიდა, შეურია და ასე გაიტანა გერმანიაში. თვითონ მოძებნა გერმანელი მყიდველი, რომელიც შეცდომაში შეიყვანა. დიახ, ეს კომპანია ჩვენი წევრი არ არის, მაგრამ მისი საქციელი დიდი დარტყმაა ნებისმიერი ქართველი ექსპორტიორისთვის. ოფიციალური წერილით უკვე მივმართეთ სოფლის მეურნეობის მინისტრს, რათა თხილის ტექნიკური რეგლამენტი სწრაფად მივიღოთ, რომელიც სამინისტრომ კანონპროექტის სახით შეიმუშავა. დღემდე არ არსებობს ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც გვეცოდინება, თუ როგორ და რა ხარისხის თხილი უნდა ვაწარმოოთ. გარდა ამისა, თხილის ტექნიკური რეგლამენტი განსაზღვრავს, როგორ უნდა განვახორციელოთ მარკირება. ჯერ თხილის ტექნიკური რეგლამენტის მიღება უნდა დაჩქარდეს და ამის შემდეგ სახელმწიფომ მონიტორინგი უნდა განახორციელოს, თუ როგორ იცავენ ამ წესებს ბიზნესოპერატორები. არ შეიძლება, ვისაც მოუნდება, თხილი იმან იყიდოს, მერე სხვა პროდუქტი თვითნებურად შეურიოს, ექსპორტზე გაგზავნოს, შემდეგ კი მთელმა ქვეყანამ და ბიზნესმა მისი შეცდომის გამო, ხარკი გადაიხადოს!

_ რა სანქციები მოჰყვება ამ ფაქტს ევროკავშირის მიერ?

_ პირველ რიგში ის კომპანიები, რომლებიც ქართული თხილის შესყიდვას აპირებდნენ, გნებავთ, საქართველოში ჩამოსვლასა და თურქული თხილის ქართულით ჩანაცვლებას, ახლა თავს შეიკავებენ. უკვე ოფიციალურად გაცხადდა, რომ საქართველოს აქვს პრეტენზია მსოფლიოში თხილის მეორე მწარმოებელი გახდეს, სახელმწიფო მზადაა, ამ დარგის განვითარებას ხელი შეუწყოს, ახლა კი არაკეთილსინდისიერი ექსპორტიორის გამო, ზურგში დარტყმა მივიღეთ!

_ რამდენად რეალურია ვივარაუდოთ, რომ ამ კონკრეტული კომპანიის უკან, თუნდაც თურქეთის ინტერესია, რომელსაცარ აწყობს, რომ საქართველო მსოფლიოში თხილის მეორე მწარმოებელი ქვეყანა იყოს?

_ გამორიცხული არ არის, მაგრამ არ მგონია, ამ კომპანიის უკან რომელიმე სახელმწიფოს ინტერესი იყოს. ზოგადად, რაოდენობიდან გამომდინარე, ქართული თხილი თურქულს კონკურენციას ვერ გაუწევს. ეს მხოლოდ ერთი, არაკეთილსინდისიერი ექსპორტიორის შეცდომაა, რომელმაც მოგების მიზნით, ქვეყნის იმიჯი შელახა. პ.ს. „ვერსია“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებს დაუკავშირდა. მათი განცხადებით, სამინისტრო ამ კონკრეტულ საკითხზე უკვე მუშაობს და დეტალურად შესწავლის შემდეგ, ოფიციალურ განცხადებასაც გააკეთებს!
წყარო: ვერსია

Comments
Loading...