ქართველი პოლიციელი მადრიდში – “ქართველები ესპანეთში დღეში 700 ბინას ტეხდნენ”

“ქართველები სახლებს ტეხდნენ, სადარბაზოებში ხვდებოდნენ მოხუც ქალებს და სადისტურად ახევ­დნენ საყურეებს. მადრიდში უამრავი ბინა გაქურდეს. მობინადრეები საკეტებს ლამის ყოველდღე ცვლიდნენ და მძარცველების “ნიჭიც” აღიარეს – ურთულეს საკეტებს მხოლოდ ქართველები ხსნიანო…”

22 წლის ანა ფიცხელაური 8 წელია, დედასთან ერთად მადრიდში ცხოვრობს. თბილისელმა გოგონამ თავდაუზოგავი შრომით შესაშურ წარმატებას მიაღწია. ანას უკვე სამი დიპლომი აქვს, მეექვსე უცხო ენას სწავლობს და მადრიდის პოლიციაში თარჯიმნად მუშაობს.

ანა ფიცხელაური: – თბილისში გავიზარდე. 2008 წელს, რვა კლასის დამთავრების შემდეგ, მე და დედამ­ ესპანეთში გადავწყვიტეთ წასვლა. მანამდე ესპანური ენა შევისწავლე. ჩამოვედით მადრ­იდში და ალკობენდასში ვიქირავეთ ბინა. ამ დასახლებაში უამრავი ქართველი ცხოვ­რობს. აქ პატარა საქართველო გვაქვს…
დავიარე სკოლები და რადგან ენა ვიც­ოდი, ისეთ ინსტიტუტში გამანაწილეს, სადაც სკოლის მასალასთან ერთად პროფეს­იასაც დავეუფლებოდი. დამრიგებელს ძალიან შევუყვარდი. წიგნების ყიდვის საშუა­ლება არ მქონდა და ჩამწერა სახელმწიფო დახმარების სამსახურში, სადაც ყველაფრით უზრუნველმყვეს, ბინის ქირასაც მიხდიდნენ და სამი წლის განმავლობაში მეხმარებოდნენ. დედა ინვალიდია, წლების წინ დაიწვა და ცალ ხელს ვერ ამოძრავებს, ამიტომ სამსახური ვერსად იშოვა… სკოლის დამთავრების შემდეგ, მადრიდის მირასიერას უნივერსიტეტში ადმინისტრირების ფაკულტეტზე ჩავირცხე. დილით ვსწავლობდი, საღამოს ვმუშაობდი – ქუჩაში ფლაერებს ვარიგებდი. უნივერსიტეტი წელს დავამთავრე. იანვრიდან პრაქტიკა მექნება ბანკში და დიპლომს მერე მომცემენ…

– პოლიციაში როგორ მოხვდი?
– კომისარიატში (პოლიციაში)­ ქართველ ბიჭებს რამდენჯერმე გავყევი თარჯიმნად. ინგლისური, ესპანური, რუსული და თურქული ენებიც ვიცი, ახლა გერმანულს ვსწავლობ. კომისარმა შემომთავაზა, თუ დიპლომი­ გაქვს, პოლიციაში გაგაფ­ორ­მ­ებთო. დღესდღეობით კანონის ფარგლებში ვეხმარები ქართველებს…

– ჩვენამდე აღწევს ხმები, რომ ქართვ­ე­ლები ესპანეთში ხშირად სჩადიან­ დანაშაულს.
– ქართველები სამსახურს რომ ვერ შოულობენ, ქურდობენ. დანაშაულის აღსაკვეთად გერმანიამ ესპანეთს დიდძალი თანხა გადმოურიცხა და მხოლოდ ალკობენდასში ქართველების გასაკონტროლებლად 150 პოლიციელი გამოყვეს. მანამდე აქ ქართველები სახლებს ტეხდნენ, სადარბაზოებში ხვდებოდნენ მოხუც ქალებს და სადისტურად ახევ­დნენ საყურეებს. მადრიდში უამრავი ბინა გაქურდეს. დადგინდა, რომ ქართველები დღეში 700 ბინას ტეხდნენ. მობინადრეები საკეტებს ლამის ყოველდღე ცვლიდნენ და მძარცველების “ნიჭიც” აღიარეს – ურთულეს საკეტებს მხოლოდ ქართველები ხსნიანო. სანამ კანონი გამკაცრდებოდა, დაიჭერდნენ ერთი თვით და მერე უშვ­ებდნენ. ქართველები ამბობდნენ, პოლიციაში­ ისე თავაზიანად გვექცევიან­, გვგონია, სასტუმროში­ ვართ, გვთავაზობენ ყავას, ჩაისო… ესპ­ანეთმა ახლა კანონი გაამკაცრა, ზოგი საქართველოშIი დააბრუნეს, ესპანეთის ციხეში კი უამრავი ქართველი იხდის­ სასჯელს. საეჭვო პირებს მანქანებში ვიდე­ოთვალს უმონტაჟებენ. ცდილობენ, ფაქტზე დაიჭირონ. მადრიდში არის ქუჩა, სადაც ღამის კლუბებია. იქ დაცვაში ბევრი ქართველი მუშაობს…

ქართველი მამაკაცების უმრავლესობა ბევრ საქმეს უკადრისობს და ისევ ქურდობას ამჯობინებს. რატომ არის სამარცხვინო, მაგალითად, ბალახის მკრეჭავად მუშაობა? ქალები, ძირითადად, ოჯახებში დამლაგებლებად, მომვლელებად მუშაობენ და 8.00-დან 1.000 ევრომდე აქვთ გასამრჯელო. მამაკაცებისთვის უფრო ჭირს სამსახური. ცოლ-ქმარი თუ ჩამოდის, ცოლი მუშაობს, ქმარი­ შინ ზის. ბევრმა ქართველმა ქალმა სამსახური იმის გამო დაკარგა, რომ სახელი გატეხილი გვაქვს.

– ბედმა გაგიღიმათ და მადრიდში ბინა მოიგეთ მაშინ, როცა ესპანელები წლობით ელიან გამართლებას…

– ერთი წლის წინ დედამ ბინის მოთხოვნაზე განცხადება შეიტანა. შეისწავლეს ჩვენი პირობები – ნესტიან ოთახში­ ვცხოვრობდით ქირით, სოციალურად დაუცველები, დედა ინვალიდი და უმუშევარი, მე – სტუდენტი… გარკვეული დროის შემდეგ გვახარეს, რომ ჩვენს უბანში, ალკობენდასში, ოროთახიანი ბინა მოვიგეთ. ასეთი­ გათამაშება 10-15 წელიწადში ერთხელ ტარდება.

განაცხადი 700-ს კაცს ჰქონდა შეტანილი და 12-მა მოვიგეთ, ქართველი მარტო დედაჩემი აღმოჩნდა. კეთილმოწყობილი ბინა და 2 ათასი ევრო გადმოგვცეს. ჩვენი უბანი მადრიდში პრესტიჟულად ითვლება.­ აქვეა უმდიდრესი დასახლება, სადაც ცნობილ კინოვარსკვლავებსა და ფეხბურთელებს აქვთ სახლები, მათ შორის, კრიშტიანუ რონალდუს, პენელოპა კრუსს…

ქართველებს მადრიდში წმინდა გიორგის სახელობის მართლმადიდებლური ტაძარიც გვაქვს. ბევრი­ ესპანელი მეგობარი მყავს. მინდა,­ საქართველოში ჩამოვიყვანო და ჩემი მშობლიური ხევსურეთი ვაჩვენო… შესანიშნავ ქვეყანაში ვცხოვრობთ, თუმცა სამშობლოსა და ახლობლების მონატრებას მუდმივად განვიცდით.

წყარო: http://www.kvirispalitra.ge/

Comments
Loading...