ქართველი სამხედროები ავღანეთიდან დაბრუნდნენ

ავღანეთიდან II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული სამშობლოში უდანაკარგოდ დაბრუნდა. თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქართველ სამხედროებს ალექსეევკის აეროპორტში დახვდა და ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება პირადად მიულოცა.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებულ ასეულს სამშობლოში დაბრუნება გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმაც მიულოცეს. აეროპორტში ასევე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა, საქართველოში გერმანიის სამხედრო ატაშე ვიცე-პოლკოვნიკი ფრანც იოზეფ ნოლტე და სხვა მაღალი რანგის სამხედრო მოსამსახურეები.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფარგლებში ავღანეთის ჩრდილოეთით, მაზარ-ი-შარიფში მდებარე სამხედრო ბაზა “მარმალზე” სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებდნენ. ქართულმა ქვედანაყოფმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ოპერაცია განახორციელა და სამშვიდობო მისიის შესრულების დროს თავი გამოიჩინა. მათ შორის, 2016 წლის 10 ნოემბერს მაზარ-ი-შარიფში გერმანიის საკონსულოზე თავდასხმისას ქართულმა ასეულმა უსაფრთხოების უზრუნველყოფა ეფექტურად შეძლო და ამოცანა წარმატებით განახორციელა. ქართველმა სამხედროებმა ავღანეთში წარმატებით ჩატარებული ოპერაციებისთვის გერმანული სარდლობისგან მაღალი შეფასებები მიიღეს.

II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში როტაციის წესით I ქვეითი ბრიგადის ასეულმა ჩაანაცვლა.

Comments
Loading...