ქართველი ტყვე ლიბიაში!!! რატომ სდუმს ხელისუფლება?!

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 აგვისტოს, ჩემი მეუღლე – სოსლან კაკაბაძე (პ/ნ 61001016317, დაბ. თარ. 06-01-1962), ბათუმში არსებული საკრუინგო სააგენტოს (GeoBridgeKa LTD) მიერ შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმდა მზარეულის პოზიციაზე და 12 აგვისტოს ავიდა ტოგოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე, რომელიც ეკუთვნის მალტის მოქალაქეს – ჯოზეფ მიცის (Joseph Mizzi).
24 აგვისტოს, სოსლანის გემზე ასვლიდან მე-12 დღეს, სავარაუდოდ, ლიბიის სასაზღვრო პოლიციამ გემი სპეც-ოპერაციით დააკავა. დაკავებისას გემის ეკიპაჟზე, რომელიც სულ 5 წევრისგან შედგება, განხორციელდა ფიზიკური ძალადობა. როგორც ჩვენთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი, სოსლან კაკაბაძეს არაერთი დაზიანება ჰქონდა მიღებული, მათ შორის თავის და ფეხის არეში. სოსლანი და ეკიპაჟის დანარჩენი წევრები 5 დღის განმავლობაში ჰყავდათ სასაზღვრო პოლიციის განყოფილებაში. ხოლო, მეექვსე დღეს გადაიყვანეს ეგრეთ წოდებულ ციხეში (Tajoura, Daman, Section 3), ტრიპოლში. საპყრობილე რეალურად წარმოადგენს გალიის მსგავს რკინის ნაგებობას ღია ცის ქვეშ, სადაც მცირე სივრცეში 60-მდე ადამიანი ჰყავთ ერთად მოთავსებული. აღნიშნულ გალიას არც კედელი და არც სახურავი გააჩნია, პირობები გაუსაძლისი და აუტანელია, თითქმის არ მიეწოდებათ საჭმელი, არ აქვთ თბილის ტანსაცმელი, პლედი, არავითარი სამედიცინო დახმარება.
დაპატიმრების შესახებ ჩვენმა ოჯახმა თავად სოსლანისგან გაიგო. 6 სექტემბერს, დაკავებიდან მე-10 დღეს, ის ერთ-ერთი პატიმრის მობილური ტელეფონით დაგვიკავშირდა. ჩვენ არ დაგვკავშირებია არც საკრუინგო სააგენტო ბათუმში და არც გემის მეპატრონე მალტაში. აღნიშნულ მობილურ ტელეფონზე, რომელიც ერთ-ერთ პატიმარს ეკუთვნის, პერიოდულად ვუკავშირდებით სოსლანს და ვგებულობთ მისი მდგომარეობის შესახებ,რომელიც უფრო და უფრო მძიმდება.

ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ჩვენ თავად დავუკავშირდით გემის მეპარტონეს – ჯოზეფ მიცის მალტაში, რომელიც, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, არის იურისტი და ადვოკატი აღნიშნულ საქმეში. თუმცა, დღემდე არც საგენტოსგან და არც გემის მეპატრონისგან არავითარი დადებითი ინფორმაცია პატიმრობიდან გამოხსნის ვადების ან რაიმე პროგრესის შესახებ არ მიგვიღია.
გემის მეპატრონე დიდი ხნის განმავლობაში გვეუბნებოდა, რომ ლიბიის მხარე ითხოვს თანხას და ისინი მზად არიან გადაიხადონ. თუმცა, სასამართლო უნდა გაიმართოს ქ. ზუარაში და ვინაიდან ტრიპოლიდან ზუარაში მიმავალი გზა ჩაკეტილია, ეს პროცესი იწელება. ამის საპასუხოდ ჩვენ მოვითხოვეთ ეჩვენებინათ რაიმე დოკუმენტი ოფიციალური მიმოწერიდან, ან ლიბიის სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა, ამაზე პასუხად გვითხრეს, რომ არავითარი ოფიციალური დოკუმეტი არ არსებობს და არც პასუხი აქვთ კითხვაზე – რა პერსპექტივაა სოსლან კაკაბაძის პატიმრობიდან დახსნის (დანართი 1).
აჭარის მთავრობის მეშვეობით, დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვთხოვე დახმარება. საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით დავუკავშირდი საქართველოს ელჩს ეგვიპტეში ბატონ გიორგის .ბატონი გიორგი დაუკავშირდა ქაეროში ლიბიის ელჩს,ის კი დაუკავშირდა ლიბიაში მყოფ ადვოკატს რომელიც იცავს ეკიპაჟის ინტერესებს.უკვე მეექვსე თვე დაიწყო და არც სამინისტროსგან არაფერი საიმედო გვსმენია.
სოსლან კაკაბაძე არის პატიოსანი მოქალაქე, რომელსაც არასოდეს ჩაუდენია არასამართლებრივი ქმედება. მას არაფერი აკავშირებს გემის კაპიტნის ან მეპატრონის მიერ განხორციელებულ რაიმე ტიპის დანაშაულებრივ ქმედებასთან, თუ ასეთი არსებობს, რა თქმა უნდა. ის სულ 10 დღის დასაქმებული იყო მზარეულად და მისი უფლებამოსილება შემოიფარგლებოდა მხოლოდ გემის ეკიპაჟისთვის საჭმლის მომზადებით (დანართი 2 ).
მე გახლავართ უმუშევარი, გვყავს არასრულწლოვანი შვილი და მატერიალურად სრულიად დამოკიდებულები ვართ სოსლანის შემოსავალზე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ აღნიშნული გარემოებები და განახორციელოთ შესაბამისი ქმედებები საქართველოს მოქალაქის, სოსლან კაკაბაძის პატიმრობიდან დასახსნელად, რომელიც გაურკვეველი მიზეზით არის დაპატიმრებული და სრულიად არადამიანურ, გაუსაძლის და სიცოცხლისათვის სახიფათო პირობებში იმყოფება. ასევე, გთხოვთ, მოითხოვოთ ამჟამინდელი პირობების გაუმჯობესება, ტანსაცმლის, საკვების სამედიცინო დახმარების მიწოდების უზრუნველყოფა და თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, გემის მეპატრონეზე განახორციელოთ ერთგვარი ზეწოლა, რათა შეასრულოს ეკიპაჟის უსაფრთხოებზე ზრუნვის ნაკისრი ვალდებულება.
დანართი N1 – ელექტრონული მიმოწერა გემის მეპატრონესთან
დანართი N2 – სოსლან კაკაბაძის დასაქმების ხელშეკრულება
პატივისცემით,

დონარ გოგიტიძე.

Comments
Loading...