ქეთევან ჯაყელი – გამარჯობა ჩემო პატრიარქო, მე თქვენით ვამაყობ!

გამარჯობა ჩემო პატრიარქო, მე თქვენით ვამაყობ!

წერილის მოწერას ვერ გავბედავდი, არვიცი რამდენად მაქვს ამის უფლება, თუმცა ჩემი თაობის წარმომადგენლებმა აქტიურად დაიწყეს თქვენთან კომუნიკაციის დასამყარებლად ამ გზის არჩევა, ამიტომ გავბედავ და მეც შევუერთდები მათ რიცხვს.
პირველად რომ გნახეთ პატარა ვიყავი, დედამ სიონში პატრიარქი მობრძანდებაო და ჩემს ძმასთან ერთად ლოცვაზე წამომიყვანა. ლოცვის დამთავრების შემდეგ სულ ახლოს ჩამიარეთ, მაშინ პირველად ვიგრძენი თქვენგან მომავალი ჩემთვის აუხსნელი მუხტი… შემიყვარდით, არვიცოდი რატომ, რის გამო თუმცა გულში თქვენი სიყვარულის ნაპერწკალი გამიჩნდა.იმის მერე ვცდილობ მოვუსმინო თქვენს ქადაგებებს. ყველა ქადაგება უფრო და უფრო მიძლიერებდა გაჩენილ ნაპერწკალს და დღეს გულში თქვენი სიყვარულის ცეცხლი მინთია.მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ამ ქადაგებებით მეხმარებით ცხოვრების გზის სწორად გავლაში…
ბოლოს რამდენიმე თვის წინ გნახეთ სამების ტაძარში, მაშინაც სულ ახლოს ჩამიარეთ, იმ დროისთვის უკვე ზუსტად ვიცოდი, რატომ მიყვარდით ასე ძალიან და ამეტირა, ამეტირა, რადგან შეუნიღბავი, საზოგადოებაში თქვენს წინააღმდეგ აგორებული დიდი აგრესიისგან სრულიად შორს მდგომი, უბრალო, ცოდვილი ადამიანის თვალისთვის აშკარაა რამხელა სევდას ატარებთ გულით, როგორ განიცდით ყველა მართლმადიდებლის ტკივილს, რომ მუდან ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე ფიქრობთ… ამეტირა,რადგან ვიცი ამას ბევრი ვერ ხედავს, თვალზე ბინდად გადაკრული თქვენი შეურაცყოფით მოპოვებული „მაგარი ბიჭის“ და „მაგარი გოგოს“ სტატუსი ხიბლავთ, თქვენი დაკნინებით ჰგონიათ საზოგადოებაში საკუთარ სტატუსს აიმაღლებენ და უფრო მარტივად დაიმკვიდრებენ თავს…სამწუხაროდ ხშირად სწორედ ასე ხდება …
ჩემო პატრიარქო, გულს მტკენს საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი ჩემს თაობაში, თქვენი და მართლმადიდებლური ეკლესიის დაკნინებისკენ მიზანმიმართული კამპანია, მაწუხებს თქვენი მისამართით ნათქვამი ყველა შეურაცმყოფელი სიტყვა, თუმცა ერთს გთხოვთ -“მამაო, შეუნდე მათ, რამეთუ არ უწყიან რას სჩადიან”…
არ უწყიან, რადგან ხშირად თქვენი ქადაგებებიდან ამოირჩევენ ხოლმე ერთ ფრაზას, კონტექსტიდან ამოაგლეჯენ, „თითზე დაიხვევენ“ და ცდილობენ გამოიგონონ ამ ფრაზის ყველა შესაძლო ინტერპრეტაცია, საბოლოოდ კი, ვისი გამონაგონიც ყველაზე მაღალ ხარისხში დააკნინებს თქვენს წმინდა სახელს, ის ჰკონიათ სიტყვის თავისუფლების ყველაზე დიდი მოტრფიალე….
თვენზე ამბობენ ოჯახში ძალადობის მომხრეა, რადგან ცოლს ქმრების ფეხების დაბანისკენ მოუწონა და კაცი ოჯახის თავად მოიხსენაო… არადა ქადაგებაში ამბობთ „ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები“ მე მესმის, რომ დაცვა თავისთავად გულისხმობს ძალადობის დაგმობას. გაბრალებენ თითქოს მცნება „არა კაც-ჰკლა“ არ გესმით და რომ ბოლო პერიოდძი ძალადობას შეწირულ ქალებზე არაფერი გითქვამთ, არადა პირდაპირ შეეხეთ ამ პრობლემას, ეცადეთ საზოგადოებისთვის აგეხსნათ რა არის ძალადობის გახშირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი და მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორების თქვენეული ვერსიაც გაგვიმხილეთ – „აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა, კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას. რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება.მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორება სამუშაო ადგილების შექმნასა და ანაზღაურების გაუმჯობესებას შეუძლია. თუ ეს განხორციელდა, დიდად შეეწყობა ხელი ოჯახში სხვა სახის ძალადობის აღმოფხვრასაც და ცხოვრების, ასე თუ ისე, ნორმალურ კალაპოტში ჩადგომას.“
ვიცი არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში ადამიანი, რომელსაც თქვენზე მეტად შესტკივა ემიგრანტებზე გული. ვიცი კარგად გესმით რა ძნელია დატოვო ოჯახი და ემსახურო სრულიად უცხო ოჯახს, სადაც ხშირად თავს ადამიანადაც ვეღარ გრძნობ, თქვენ იცით, ხშირია შემთხვევა, როცა ემიგრანტი ქალები ქვეყანაში საერთოდ ვეღარ ბრუნდებიან ან დაბრუნებულებს უკვე გაზრდილი, ჩამოყალიბებული შვილები და გაუცხოებული ოჯახები ხვდებათ… ვიცი ეს ყველაფერი რამდენად მძიმეა თვენთვის და მესმის, რომ სწორედ ამიტომ მოუწოდეთ ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ. თქვენ მათთვის საუკეთესო გინდათ, მჯერა რომ სწორედ თქვენი ლოცვა აძლიერებთ და აძლებინებთ მათ. როგორ შეიძლება ქალთმოძულე გეწოდოთ, როდესაც ასეთი სითბოთი და სიყვარულით იხსენიებთ დედებს?!- „ამდენი ტანჯვისა და ტკივლის, თავსმოხვეული „ახალი აზროვნებისა” და ყოველდღიური მოულოდნელობების ფონზე ოჯახები საქართველოში მაინც დგას ზნეობის სადარაჯოზე; ეს სასწაულია, რაც, პირველ რიგში, ქართველი ქალის, – დედის დამსახურებაა. ქალის როლი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და არის ჩვენს ისტორიაში. წმინდა ილია მართალი წერს:„ქართველებისთვის „დედა“ მარტო მშობელი არ არის, ქართველი ღვიძლ ენასაც „დედა-ენას“ ეძახის, უფროს ქალაქს, – „დედა-ქალაქს,“ – მკვიდრ და დიდ ბოძს სახლისას, – „დედა-ბოძს,“ უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს, „დედა-ბურჯს,“ სამთავრო აზრს, – „დედა-აზრს,“ გუთნის განმგებელი მამაკაცს კი – „გუთნის-დედას“. რამდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა!“…
ჩემო პატრიარქო, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც გამუდმებით განგიკითხავთ , ალბათ არ ესმით, რომ თქვენ უფლის მსახური ხართ, რომ თქვენთვის თითოეული მოვლენის უკან უფლის ნება დგას და გჯერათ რომ არც კარგი და არც ცუდი არ შეიძლება უფლის გარეშე ხდებოდეს… ალბათ სწორედ ამიტომ გაუკვირდათ 13 ივნისის მოვლენები როგორც პატრიარქმა, ისე რომ შეაფასეთ და არა როგორც სინოპტიკოსმა ან გეოლოგმა.. ვიცი თქვენთვის 13 ივნისი ერის ტრაგედია იყო და არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების, და თქვენ ის ადამიანი ხართ, რომელსაც ყველაზე მტკივნეულად შეეხო ეს მოვლენა…სწორედ ამიტომ გინდოდათ დაგენახებინათ, რომ ცოდვით დაწყებული საქმე მადლით ვერ დამთავრდება, რომ ზოგჯერ სწორ გზაზე დასადგომად უფალი გამოცდას გვიწყობს… ვერც ამ შემთხვევაში გაგიგეს, თქვენი ქადაგებიდან მხოლოდ „ზარები“ გაიგეს და არ გაამახვილეს ყურადღება იმაზე, რომ საპატრიარქომ დიდი ფულადი დახმარება გაუწია სტიქიის შედეგად დაზარალებულებს. ისიც თქვეს ხალხის ბედი არ ადარდებს და მხოლოდ წარსულის ცოდვებზე ამახვილებს ყურადღებასო, არადა თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი, რომელმაც დაგვიფასა შრომა ყველას, ვინც 13 ივნისის სტიქიის შედეგების წინააღმდეგ ბრძოლაში მცირედი წვლილი მაინც შევიტანეთ – „ეს იყო გამოცდა ქართველი ადამიანის, ქართველი ხალხის და მადლობა უფალს, რომ ეს გამოცდა ჩვენმა ხალხმა ღირსეულად ჩააბარა. მთელი ხალხი გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად. ეს იყო მართლაც სიხარულის და სიყვარულის გამოვლინება. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ ღმერთი გვაძლევს ამ თანაგრძნობას, ამ მადლს, მთელი ახალგაზრდობა გამოვიდა გაჭირვებულთა დასახმარებლად და ჩვენ კიდევ ერთხელ ვიგრძენით, როგორი ძლიერია ჩვენი სამშობლო, როგორი მადლიანია ქართველი ადამიანი.“ ამ სიტყვებით თქვენ სტიმული მოგვეცით და დაგავნახეთ რომ ერთად დგომით ყველაფრის გაკეთებას შევძლებთ.
შეუძლებელია ბოლომდე ჩავწვდე თქვენი ნათქვამი თითოეული სიტყვის უკან მდგარ ჭეშმარიტებას,თქვენ ხომ ყველაზე ახლოს ხართ უფალთან, თუმცა თქვენს ქადაგებებში გაჭღერებული ჭეშმარიტების მეათასედი, რომელიც ჩემამდე მოვიდა მეხმარება დავჩე ადამიანად, რომელიც უფლის ხატად და მსგავსად შეიქმნა…
ჩემო უწმინდესობავ, ეს წერილი გულწრფელობითაა სავსე, გულწრფელობის ამოცნობა თქვენზე უკეთ აბა ვის შეუძლოა, ამიტომ მინდა ბოლომდე სიმართლე გითხრათ.
მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ მჯერა საპატრიარქოში ყველაფერი იდეალურადაა, თუმცა იმის ნამდვილად მჯერა რომ თქვენ ჩემზე და სხვა ყველაზე, ვინც ამ საკითხს განიხილავს, უკეთ იცით რა , როგორ და რატომ ხდება, ვიცი ყველა გზებით ცდილობთ არსებული პრობლემების მოგვარებას. მჯერა რომ თქვენი ძალისხმევით მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. რაც შეეხება „ჯიპებს“
ვერ მივცემ თავს უფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით მანამდე ვთქვა რამე, სანამ არ მივეჩვევი, რომ ორი ახალი მაისურის მაგივრად ერთი ვიყიდო და დარჩენილი თანხა მათ მოვახმარო ვისაც ჩემზე მეტად სჭირდებათ.
ჩვენს თაობას ცოდვით სავსე გარემოში გვიწევს ცხოვრება ჩემო პატრიარქო, შეგვინდეთ ყველა შეცდომა, თქვენი მისამართით ნათქვამი თითოეული დამაკნინებელი სიტყვაა, ცილისწამება, დაცინვა…. მანამ, სანამ სხვები დაინახავენ თქვენს ნამდვილ სახეს ჩემგან მიიღეთ გულწრფელი ბოდიში, როგორც ამ თაობის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან. გეფიცებით ვეღარ ვუსმენ და ვუძლებ თქვენზე ამდენი საზიზღრობის მოსმენას. მაპატიეთ რომ ზოგჯერ ვნებდები ხოლმე და ყოველთვის ვერ ვპოულობ ძალას რომ შევედავო მათ ვინც ცუდად მოგიხსენიებთ. იმიტომ კი არა რომ თქვენს რომელიმე ქმედებაში ეჭვი მეპარება, არამედ, იმიტომ რომ ხანდახან ვხვდები ადამიანი ჭეშმარიტების გზაზე დგომა-არდგომას თვითონ უნდა ირჩევდეს. ილოცეთ ჩვენთვის პატრიარქო, ილოცეთ რომ ჩვენი თაობა გზას არ ასცდეს და შეძლოს ჭეშმარიტების აირჩევა.
იცით ახლა გამაკრიტიკებენ, იტყვიან რომ სიბნელეში ვცხოვრობ, ფანატიზმი დამაბრალონ შეიძლება, დამცინებენ,თუმცა ცხოვრებაში რთული სიტუაციების შესამსუბუქებლად და იმედის მარცვლის გასაღვივებლად ასეთი რაღაც გვითხარით:
-„ნუ შიშობ, უფლის იწამე მარად
და ყველაფერი კარგად იქნება!“

ნეტავ იცოდეთ კიდევ რამდენი გრძნობა მიტრიალებს გულში და ნეტავ ვიცოდე, როგორ შეიძლება ამ გრძნობების სიტყვებად ფორმირება, ერთი კი ზუსტად ვიცი- ამ წერილის მთავარ სათქმელს თქვენ ყველაზე უკეთ მიმიხვდით… მჯერა ერთ დღეს უფალი გამხდის ღირს თქვენს წინ დავდგე და ალბათ მაშინ თვალების გავლით მოხვდებით ჩემს გულში, სადაც სამუდამოდ იქნებით უფალი და თქვენ, მაშინ კი დაინახავთ რეალურადრას ვგრძნობ თქვენს მიმართ…
მანამდე კი მადლობას გადაგიხდით იმისთვის,რასაც ქვეყანას უკეთებთ.თქვენ მუდამ ერთმანეთის პატივისცემას, მშვიდობას, შემწყნარებლობასა და რაც ყველაზე მთავარია სიყვარულს ქადაგებთ.
თქვენ ყოველთვის ზუსტად არჩევთ იმ გზავნილს, რომელიც თქვენს ქადაგებაში უნდა იყოს. დაე უფალმა მოგვცეს ძალა სწორად გავიაზროთ თქვენი თითოეული სიტყვა.

ჩემო პატრიარქო, გახსოვდეთ, რომ არსებობს ადამიანი, რომელიც თქვენით ამაყობს!
და ასეთი ძალიან ბევრია…

Leave A Reply

Your email address will not be published.