ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა საქართველოში განხორციელებული რეფორმების შესახებ წიგნი დაწერა

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ნიკა გილაურმა წიგნი – “პრაქტიკული ეკონომიკა: ეკონომიკური ტრანსფორმაცია და 2004-2012 წლის რეფორმები საქართველოში” დაწერა.

წიგნში საუბარია იმ რეფორმებზე, რომელიც საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს განხორციელდა.

ნიკა გილაური წიგნის დაწერის მიზეზებს სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განმარტავს.

„რატომ დაიწერა ეს წიგნი? ამაზე ორი პასუხი მაქვს: პირველ რიგში, ინფორმაციის მოთხოვნა ქართულ გამოცდილებაზე ყოველთვის ძალიან დიდი იყო. უამრავი სახელმწიფოს ლიდერთან ურთიერთობისას, მუდმივად ჩნდებოდა კითხვა, სად შეიძლებოდა გაცნობოდნენ იმ უნიკალური რეფორმების გამოცდილებას, რომელმაც უამრავი ქვეყნის ლიდერი დაარწმუნა რომ შესაძლებელია ურთულესი ეკონომიკური პრობლემების წინაშე მდგომმა პატარა ქვეყანამ, ძალიან მოკლე პერიოდში მოახდინოს სრული ტრანსფორმაცია და გახდეს სწრაფად მზარდი და კორუფციისგან პრაქტიკულად თავისუფალი ეკონომიკა. მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო სურვილი დეტალურად აღმეწერა და შემეფასებინა ყველა ის რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც ხშირ შემთხვევაში შედეგებიდან გამომდინარე წარმატებული იყო, მაგრამ გარკვეულ შემთხვევებში წარუმატებელიც.

რატომ ჰქვია წიგნს პრაქტიკული ეკონომიკა? ჩემს პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ასევე საერთაშორისო კონსულტანტად მუშაობისას, დავრწმუნდი რომ დღესდღეობით მსოფლიოში გავრცელებული კლასიკური ეკონომიკური თეორიები საკმაოდ მოძველდა და ვეღარ უმკლავდებიან თანამედროვე სამყაროში მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებს. შესაბამისად დადგა დრო, როდესაც მსოფლიომ უნდა შექმნას ახალი ეკონომიკური მიდგომა და მოდელი, რომელიც დაეყრდნობა უფრო პრაქტიკულ ეკონომიკას და შესაძლებელი იქნება მიმდინარე და მოსალოდნელი ეკონომიკური გამოწვევების ინოვაციური მეთოდებით გადაჭრა“, – წერს გილაური.

ყოფილი პრემიერ-მინისტრის წიგნი მხოლოდ ინგლისურ ენაზეა, მაგრამ უახლოეს პერიოდში მისი ქართულ ენაზე თარგმნაც იგეგმება.

Comments
Loading...