ყოველი ქართველი უნდა შევიდეს ეკლესიაში და მადლობა შესწიროს უფალს ამდენი წყალობისთვის

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას მრევლს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე მიულოცა.

“რომ გადავხედოთ ჩვენი ქვეყნის წარსულს დავინახავთ, რომ ჩვენს ისტორიაში არის ამოფრქვევები. როგორ შეიძლება ავხსნათ ჩვენ ამდენი წყალობა, ამდენი დიდება. საქართველო წილხვედრია ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა, კვართი უფლისა ჩამოტანილია საქართველოში, ანდრია პირველწოდებული ღვთისმშობლის ხატით ხელში მოდის საქართველოში. რამდენი შეიძლება გავიხსენოთ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ არის და განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია მას. ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისთვის. კათოლიკოსი პეტრე და კათოლიკოსი სამუელი – პირველი კათოლიკოსები, პირველი დამოუკიდებელი ეკლესია საქართველოსი – ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ საქართველოზე განსაკუთრებული მადლია ღვთისა, მადლი უძლურთა მკურნალი, მადლი, რომელმაც შეცვალა ქართველი ადამიანი და დღეს ჩვენ ვზეიმობთ ამ დღესასწაულს, ჩამობრძანებას ანდრია პირველწოდებულისა საქართველოში. ასევე ვზეიმობთ ვახტანგ გორგასლის დღეს და პირველი კათოლიკოსების დღესასწაულს. უფლის წყალობით ვართ, რაც ვართ. დღეს ყოველი ჩვენგანი, ყოველი ქართველი ადამიანი უნდა შევიდეს ეკლესიაში და მადლობა შესწიროს უფალს ამდენი წყალობისთვის. წმინდა მოციქული ანდრია გფარავდეთ თქვენ და საქართველოს. ანდრია პირველწოდებული აგრძელებს თავის ქადაგებას საქართველოში, ვახტანგ გორგასალი და პირველი კათოლიკოსები აგრძელებენ თავის მოღვაწეობას. შეგეწიოთ ღვთის მადლი და ღვთის კურთხევა იყოს თქვენზე, საქართველოზე და მთელს მსოფლიოზე”, – ბრძანა პატრიარქმა.

Comments
Loading...