ყოველწლიურად საქართველოში ექვსასამდე ადამიანი ავტოკატასტროფაში იღუპება

შსს-მ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით, ცვლილებათა კანონპროექტი შეიმუშავა და პარლამენტს განსახილველად გადასცა, რასაც არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. რა არის ,,გოჩა»; რატომაა გერმანიაში ქართველი მძღოლი კანონმორჩილი და საკუთარ ქვეყანაში – დაუმორჩილებელი; რამდენად სახიფათოა მარჯვენასაჭიანი ავტომანქანით მოძრაობა; დაბრუნდება თუ არა საავტომობილო გზებზე ..გაიშნიკების» მეთოდი და ვის სჭირდება ,,შეშინებულის გამოლოცვა»? – ,,ქართული სიტყვა» საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტ შალვა ოგბაიძეს ესაუბრა.

– ბატონო შალვა, იმ ცვლილებებს, რაც საქართველოში, საგზაო უსაფრთხოების მიზნით უნდა დაიგეგმოს, როგორ აფასებთ?

– ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან წამოვიდა. საერთოდ, საქართველოში პერიოდულად საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ცვლილებები მიმდინარეობს. დროდადრო ზოგი თემა ცხელდება, მერე ნელდება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქვეყანაში მოძრაობის ერთიანი სტრატეგია არ არსებობს, ასევე, არ არსებობს ერთიანი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისა და სატრანპორტო სისტემებთან დაკავშირებული პრობლემების მარეგულირებელი ერთიანი კომპეტენტური ორგანო – დეპარტამენტი თუ უწყებათაშორისო ჯგუფი, რგოლი, რომელიც თავიდან ბოლომდე ხელში აიღებს საგზაო უსაფრთხოების დარეგულირებას. საგზაო უსაფრთხოება მხოლოდ საგზაო ნიშანი, ან მხოლოდ ავტომობილის გადაადგილება ხომ არაა?! გაცილებით რთული კომპლექსი და კლასიკური სამკუთხედია – ადამიანი, ავტომობილი, გარემო.

ადამიანის ფაქტორი მძღოლის განსწავლულობის, ქვეითის ქუჩაში მოძრაობის წესებს ითვალისწინებს. მეორე ფაქტორია თვითონ საავტომობილო პარკის მდგომარეობა, თუ როგორ ახლდება პარკი, როგორი ტენდენციებია, როგორი ტაქტიკა აქვს სახელმწიფოს საავტომობილო პარკის მიმართ, ეკონომიკური პოლიტიკა, განბაჟების ტარიფები და წამახალისებელი მეთოდები.

მესამე ფაქტორი გარემო, ანუ ინფრასტრუქტურაა: გზა, განათება, საგზაო ნიშნები და შუქნიშნები, გზის მონიშვნა და ყველაზე მთავარი – კანონმდებლობაა, რომელიც თავისთავად, რეგულაციებსა და მონიტორინგს შეიცავს. სამწუხაროდ, ყველა ეს ფუნქცია სხვადასხვა უწყებაშია გაბნეული, სადაც გამეფებულია პრინციპი – ,,მე ეს არ მეხება!».

ახლა შსს-ს აქვს მცდელობა, ამ რეგულაციებში ერთგვარი ინტერვენცია განახორციელოს და რაღაც სიახლე შემოიტანოს, რადგან ამის აუცილებლობის წინაშე დადგა.

– რას გულისხმობთ?

– სავალალოა სტატისტიკა: ყოველწლიურად საქართველოში ექვსასამდე ადამიანი ავტოკატასტროფაში იღუპება და ამ მონაცემებით მსოფლიო ქვეყნების ათეულშიც მოვხვდით. 100 ათას ადამიანზე 16-17 შემთხვევაა დაფიქსირებული და ეს იმ დროს, როცა ევროპაში ამავე რაოდენობაზე 3-5 შემთხვევა ფიქსირდება. 600 დაღუპული ადამიანი ხომ ერთი სოფლის რუკიდან გაქრობის ტოლფასია?! ამიტომაც მიმაჩნია, რომ შსს-ს მიერ შემოთავაზებული ინტერვენცია დროულია. როგორც საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტი, ავტომობილისტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრებზე, მედიასთან ურთიერთობაში ვცდილობ, ჩემი და თქვენი სათქმელი გავაჟღერო, გარკვეული კორექტირებები შევიტანო, სასიკეთო ზემოქმედება მოვახდინო, რათა ჩვენს ქუჩებში მოძრაობა ნაკლებად სახიფათო გახდეს. წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, ეს ბეჭედდასმული ბრძანება კი არა, გარკვეული ცვლილებების კანონპროექტია, რომლის განხილვაში მონაწილეობის მიღებაც ყველას შეუძლია.

– საქართველოს ევროკავშირისკენ სწრაფვა წარმატებით მიმდინარეობს, ვიზალიბერალიზაციის საკითხმა საზოგადოებას ერთგვარი სტიმული მისცა, რომ კანონმორჩილება ცხოვრების წესად გაიხადოს. ზემოხსენებული ცვლილებებიც ევროპული კანონმდებლობის ანალოგია?

– ევროპას კარზე ვუკაკუნებთ, ნახევარი ნაბიჯით ევროპულ ოჯახში ფეხი შევდგით და ეს ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, მაგრამ ამავდროულად, ქართველები აღშფოთებულები არიან. ბევრისგან გვესმის: ,,ეს რა უბედურებაა? – ეს რა კანონებია?!» ევროპა კი, პასუხს გვცემს: ,,სადოური წესია და აქოური წესია!»

– ბატონო შალვა, განსაკუთრებული აჟიოტაჟი მძღოლებისთვის ქულების დარიცხვის წესმა გამოიწვია…

– დიახ, ქულების დარიცხვის წესი სუფთა ევროპული, უფრო სწორად, გერმანული მეთოდია, სადაც «პუნქტებს» უწოდებენ. ყველა ადამიანი ინდივიდია, რობოტი არაა – კანონი რაღაც დოზით ,,შემოგერღვევა», დაარღვევ საგზაო წესებს, დაჯარიმდები და ფულის გადახდასთან ერთად, შესაბამისი ქულაც ჩამოგაკლდება. როცა ზღვრამდე მიდიხარ, მართვის მოწმობის მოქმედების ვადა შეგიჩერდება. როცა ეს გერმანიაში ხდება, მძღოლს ჯოჯოხეთის გავლა უწევს, ვიდრე მართვის ახალ მოწმობას აიღებს. თავიდან ფსიქოლოგთან ათი სეანსი უნდა გაიაროს, რაც სოლიდურ ხარჯთანაა დაკავშირებული. შემდეგ, გამოცდა ხელახლა ჩააბაროს, ამას კი ნერვები, ფული და დრო სჭირდება. გერმანელი საკუთარ თავზე ექსპერიმენტს აღარ ჩაიტარებს, ურჩევნია, საგზაო მოძრაობის წესები დაიცვას. ანალოგიურად იქნება საქართველოშიც.

– ქართველი მძღოლების დაუდევრობა და კანონისადმი დამოკიდებულება ევროპული ტიპის საგზაო უსაფრთხოების წესებს როგორ მიიღებს?

– მშვენივრად მიიღებს. გერმანიაში ქართველები საგზაო წესებს არ არღვევენ – გერმანიაში ქართველზე მოწესრიგებული მძღოლი არ მინახავს. მენტალიტეტი არაფერ შუაშია. მახსოვს, ღვედზე წესის შემოღებისას წუწუნებდნენ, ქართველი კაცი შეზღუდვას ვერ იტანს, ღვედისგან თეთრი პერანგი გვესვრებაო. ერთი სული მაქვს, მავანს ვუთხრა: შე მამადალოცვილო, ადექი და გაწმინდე ეგ ღვედი! დღეს მშვენივრადაც იტანენ ღვედს და უამრავი სამადლობელი სიტყვაც გამიგია იმ ადამიანებისგან, ვინც ავტოავარიის დროს სწორედ ღვედმა გადაარჩინა სიკვდილსა თუ დასახიჩრებას!

– მოდით, საჯარიმო ქულებზე უფრო კონკრეტულად ვისაუბროთ, რათა საზოგადოებამ გაიგოს, თუ რას ემსახურება ეს ინიციატივა.

– მას, ვისაც ფული აქვს, ჯარიმის გადახდა არ უჭირს. გამოდის, რომ საქართველოში ფულიანი კაცი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის შემთხვევაში, ერთგვარად ყიდულობს დარღვევის უფლებას. როცა მძღოლი მრავალჯერადად იქ, სადაც 60-კილომეტიანი სიჩქარით უნდა იაროს, 160 კილომეტრ-სიჩქარით დადის, არად დაგიდევს მოძრაობის შეზღუდვას, ამას შეგნებულად აკეთებს და რისკის ქვეშ აყენებს ჩემი, თქვენი ოჯახის წევრებს და ამიტომ საჭეს უნდა ჩამოსცილდეს. რამდენიმე დარღვევის შემდეგ მძღოლი თავადაც უნდა დაფიქრდეს, რომ მის ფსიქიკას რაღაც წესრიგში ვერ აქვს.

აქვე უკმაყოფილებას გამოვთქვამ იმის გამო, რომ წვრილმანი დარღვევების საკითხი მეტად მიშვებულია, დისციპლინაა საჭირო და საზოგადოების დაკვეთაა, რომ პატრული უნდა გააქტიურდეს. რას ველოდებით? – კაცი, რომელიც ავტომანქანით გაზონზე დადის და საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს, ბავშვებს, ან ტროტუარზე მდგომი მანქანების პატრონები რომ უნდა დააჯარიმო, ამას ევროკავშირის კანონები სჭირდება? აქ კომპრომისი ზედმეტია, ასეთ მძღოლებთან სწორედ ნულოვანი ტოლერანტობის გამოვლენაა აუცილებელი. ამ ბადეში მოყვებიან მაღალჩინოსნები, გამგებლები, მათი მოადგილეები, დეპუტატები, საკრებულოს წევრები. პირველ რიგში, სწორედ მათ მოეთხოვებათ კანონის დაცვა. ერთხელ და სამუდამოდ შეწყდება ადამიანთა პიროვნული დახარისხება!

– უკონტაქტო პატრულირების მიმართაც გამოითქვა გარკვეული უკმაყოფილება, რასაც ,,ფარულ პატრულირებასაც» უწოდებენ…

– ესეც ევროპული მეთოდია, საქართველოს გზებზე, წითელი ხიდიდან სარფამდე, აგრეთვე, დედაქალაქში, ბოძებზე სათვალთვალო კამერებია დამონტაჟებული, სიჩქარის მზომების წინააღმდეგ, ერთმა ჭკვიანმა ადამიანმა მისი კოორდინატები მობილურში შეიტანა – ამ პროგრამას ,,გოჩა» ჰქვია. როცა სიჩქარის მზომ რადარს უახლოვდები, ,,გოჩა» ზარს მოგცემს. ასეთი პატრულირება აზრს კარგავს, ამიტომ გვექნება უკონტაქტო პატრულირება, რომლის მიხედვითაც, საჩქარისმზომი ადგილს მოინაცვლებს ხოლმე, ანუ მძღოლს მისი ადგილმდებარეობა არ ეცოდინება. დღეს შეიძლება ამ ბოძზე იყოს განთავსებული, ხვალ სადმე, მანქანაში იდოს. განვმარტავ: ლაპარაკია არა ჩასაფრებულ ადამიანზე, არამედ, ჩვეულებრივ რადარზე, რომელიც ფიქსირებული კი არა, ადგილმონაცვლეა. პირადად მე, ასეთ ცვლილებას და კანონის წინაშე შიშის დამყარებას მივესალმები.

– ზოგს იმის ეშინია, რომ «გაი»-ს მეთოდები დაბრუნდება…

– სისულელეა, მსგავსი რამ არ მოხდება. ყველასთვის ცნობილია ჩემი მკვეთრი დამოკიდებულება სააკაშვილ-მერაბიშვილის მთავრობის მიმართ, მაგრამ ტრასაზე დამრღვევი მძღოლისგან ფულის აღება წარსულს ჩაბარდა. ერთი შემთხვევაც კი არ მახსოვს, რომ პატრულს ფული აეღოს. შესაძლოა სადმე, ოდესმე ერთეულ შემთხვევას ადგილი ჰქონდა, როცა მუნდირის ღირსებაზე, ადამიანობასა და ნამუსზე ვინმემ ხელი აიღო, მაგრამ ვიმეორებ: ეს ერთეული შემთხვევა იქნება.

ჩვენდა სასიხარულოდ, ქართველმა კორუფციის გარეშე ცხოვრების გემო გაიგო. უკან დაბრუნება შეუძლებელია, ,,გაი»-ს სტანდარტები და წარსულის აჩრდილების შიში უსაფუძვლოა, ვისაც ეს შიში აქვს, შეშინებულის გამოლოცვა ჩაიტაროს.

shalva-ogbaidze

– ბატონო შალვა, საგზაო მოძრაობის ახალ წესებში პატრულის თანამშრომლები, თქვენი აზრით, რამდენად მომზადებულ-გაწაფულები არიან?

– ჩვენ ამბიციურნი გავხდით და ეს კარგია: გვინდა, რომ ყველაფერი იდეალურად გვქონდეს. ვინ არიან პატრულის თანამშრომლები? – ჩვენი ოჯახის წევრები, ახლობლები, მეზობლები. პატრული ისეთია, როგორიცაა საზოგადოება. ვაღიარებთ, რომ მუდმივად განახლება სჭირდება ჩვენს აზროვნებას, უნარ-ჩვევებს, რათა თანამედროვე მსოფლიოს არ ჩამოვრჩეთ; მუდმივად გვჭირდება საკუთარ თავთან, მავნე უნარ-ჩვევებთან ბრძოლა, მათი უკუგდება. ასევეა პატრულიც, მას ნამდვილად სჭირდება გამუდმებული ტრეინინგები, მით უმეტეს, ვიზალიბერალიზაცია ევროკავშირთან საზღვრების სხვა რეჟიმში გადასვლა სხვა პირობებს აყენებს. ევროპას ძალიან მკაცრი საგზაო მოძრაობის წესები აქვს – საზოგადოებრივი წესრიგი, ხმაური, გამონაბოლქვი, ეკოლოგია, გარემოს დაცვა და სხვა უამრავ სტანდარტს ითვალისწინებს მისი კანონმდებლობა. ასე რომ, არა მარტო პატრული, არამედ, მთელი საზოგადოება და მთავრობა მოძრაობის სხვა ჭრილში უნდა გადავიდეს, საზოგადოებას, მედიასთან ერთად, მუდმივად სახრე უნდა ეჭიროს, რომ მთავრობას დროდადრო შეუძახოს. კარგი მთავრობა არასოდეს იქნება. მთავრობა შეიძლება იყოს წინაზე უკეთესი. მისი სიკარგე ჩვენზეა დამოკიდებული…

– საქართველო სავსეა დრომოჭმული და გაზზე მომუშავე ავტოებით ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების საკითხით არავინ ინტერესდება? მანქანის ტექნიკური დათვალიერების აღდგენა სავალდებულოდ ხომ არ მიგაჩნიათ?

– ტექნიკური დათვალიერების ინსტიტუტი არ გაუქმებულა, მხოლოდ შეჩერებულია: 2004 წელს მოვამზადე საკითხი მსუბუქი ავტომობილებისთვის ტექნიკური დათვალიერების შეჩერების თაობაზე, რადგან ის მანქანის ტექნიკური კი არა, ფულის კუპიურების დათვალიერება იყო. სამწუხაროდ, სახელმწიფომ მოქალაქეებს ახალი არაფერი შესთავაზა. არსებობენ კერძო სტრუქტურები, რომელთაც დიდი ინვესტიციები აქვთ ჩადებული ავტომობილების ვარგისიანობის თანამედროვე ტესტების დასანერგად, ეკონომიკის სამინისტროში აკრედიტირებული ორგანიზაციები, ამ გაურკვევლობის გამო, დღესაც უზარმაზარ ხარჯებს განიცდიან. ამ საკითხს ალტერნატივა არ აქვს, სახელმწიფოს უნდა ეყოს გაბედულება, არ გადადოს პრობლემის მოგვარების საკითხი. ხელისუფლება, როგორც წესი, მუდმივად პრობლემებს გაურბის, რადგან ეშინია, რომ ამომრჩეველი ხმას არ მისცემს. ასეთი ხელისუფლება სათავეში არც უნდა იყოს.

– ბატონო შალვა, მარჯვენასაჭიანი მანქანების მფლობელებმა თბილისსა დ სხვა ქალაქებში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. ისინი ხელისუფლებას სთხოვენ, არ გაატაროს ის რეგულაციები, რაც მათ უფლებებს შეუზღუდავს. რამდენად საფრთხის შემცველია ამ სახის ავტომანქანა ჩვენი ქვეყნის გზებზე?

– «მარჯვენასაჭიანები» ვერ გაიფიცებიან, თუ მათ ვინმე არ უხელმძღვანელებს. მათ წინააღმდეგ წინა ხელისუფლებაც გამოდიოდა: 2005 წელს მოინდომეს აეკრძალათ ასეთი მანქანების შემოყვანა. დღეს მარჯვენასაჭიანების მფლობელებს არაფერი ემუქრებათ, საუბარი მანქანების სამომავლოდ შემოყვანის აკრძალვაზე კი არა, რეგისტრაციაზეა, თუმცა ეს გადაწყვეტილება ხისტად მიმაჩნია. ჩემი აზრით, დრაკონული მოთხოვნაა, მაგრამ ლოგიკას დაქვემდებარებული. ალბათ, საჭის გადატანა უნდა აიკრძალოს, მფლობელებმა ტარება ისწავლონ, ფარები მოაწესრიგონ, რათა შემხვედრი არ დააბრმავონ და კეთილი ინებონ, ორკარიანი მარჯვენასაჭიანით ნუ იტაქსავებენ, რომ პრობლემა ფეხით მოსიარულეს არ შეექმნათ. ეს რეგულაციები ბუნებრივად შეამცირებს მარჯვენასაჭიანებზე მოთხოვნილებას.

– არ შეიძლება, ორივე მხარეს მქონე საჭიანი მანქანებით მოძრაობა რომ დაწესდეს?

– ცუდია, რადგან ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა მარცხენაზეა გათვლილი. მარჯვენასაჭიანი მანქანებისკენ სწრაფვა იმის ნიშანია, რომ ეკონომიკა არ მუშაობს, საქართველოში ყოველწლიურად იმპორტირებული 70 ათასი ავტომობილიდან 90%-ზე მეტი მეორადია და მხოლოდ 8% პირველადი, ნულოვანგარბენიანი ავტომობილი.

– თბილისში ერთობ ბევრი ავტომანქანაა – საცობები დღითიდღე მატულობს.

– ქალაქში არაა პოპულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ხუთასი დაჯაგლაგებული ავტობუსი, 1700 სამარშრუტო ტაქსი და მეტროს ის მოძრავი შემადგენლობა, რომელიც სულს ღაფავს, საკმარისი არაა, რომ მოქალაქეები გადავაადგილდეთ. ავტომანქანა, როგორც არასდროს, ფუფუნების საგანი კი არა, გადაადგილების საშუალება გახდა. რაც უფრო იაფია ავტომობილი, მით უფრო ნაკლები ხარჯი აქვს. იქნებ, ვინმე დააკვირდა, ასათიანისა და ვაჟას გადაკვეთაზე, მთელი დღის განმავლობაში, მანქანების ექვსი რიგი და უზარმაზარი საცობია. დედაქალაქის მიმართ ურბოციტსა და ურბანულ ვანდალიზმსა აქვს ადგილი. იქ, სადაც ფეხით გავლა ჯერ კიდევ შეიძლება, ანუ მწვანე საფარია, სოკოებივით ამოდის არა ათ და თვრამეტსართულიანი, არამედ, ასთექვსმეტსართულიანი შენობები. ვინც ქალაქის მერად დავით ნარმანია აირჩია, იქნებ, ისიც ურჩიოს, რომ სიტუაცია დაარეგულიროს.

– არსებობს სტატისტიკა, საავარიე სიტუაციას მარჯვენასაჭიანები უფრო ქმნიან თუ მარცხენასაჭიანები?

– ასეთი კლასიფიკატორი არ არსებობს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ მარჯვენასაჭიანები იშვიათად ქმნიან ავარიულ სიტუაციას. პრობლემა კი ისაა, რომ ყოველდღიურად ქალაქში ავტომობილისტების არმია 80-დან 120-ადამიანამდე იზრდება. ეს ადამიანები რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.

– რატომ?

– თუ გავიხსენებთ, რომ მართვის უფლების აღების მსურველების გამოცდაზე მოითხოვენ მანქანის ადგილიდან დაძვრას, გაჩერებას და უკუსვლას, რეალურად, ქუჩასა და საცობში სიარული არ უწევს მოწაფეს და წარმოიდგინეთ, მართვის მოწმობას როგორი მძღოლები იღებენ. გამოდის, რომ სახელმწიფო ერთი ხელით მართვის მოწმობას არაკვალიფიციურ ადამიანს აძლევს, მეორე ხელით კი, წესების დარღვევისთვის აჯარიმებს.

– ვინ უფრო სახიფათოა: ქალი თუ მამაკაცი მძღოლი?

– ადამიანებს გენდერული ნიშნით არ ვყოფ, არსებობენ უცოდინარი და მცოდნე მძღოლები.

– თბილისში მომრავლებული ორმო ხშირად დავით ნარმანიას ქილიკის საბაბია…

– ორმო არა, «ორმოგედონი».

– ენამოსწრებული ხუმრობაა… ბატონო შალვა, იქნებ, ავტოსპორტზეც ვისაუბროთ, სპორტის ეს სახეობა როგორ ვითარდება?

– ავტოსპორტი ისევ ენთუზიასტების დონეზეა – ჯეროვანი ყურადღება არ აქვს, არ მინდა, ჩემი საუბრით სპორტის რომელიმე სახეობას ჩრდილი მივაყენო, მაგრამ წინა ხელისუფლებამ ჭადრაკის განვითარებისთვის 38 მილიონი გამოყო, ავტოსპორტს კი, კაპიკები არგუნა. შეიძლება, ვიღაცას ავტოსპორტი ახირებული ადამიანების გართობა ჰგონია, მაგრამ არა, ბატონო, ავტოსპორტი მაგალითია, თუ როგორ უნდა ფლობდე საჭეს, როგორი უნდა იყოს მოწესრიგებული მძღოლი – გამბედავი და ღირსეული მოქალაქე.

– ბატონო შალვა, რა ამის პასუხია და, ბოლო დღეების ქრონიკა შეწყალების კომისიის სკანდალს უკავშირდება… 26 მაისს დარბეულ-დაზარალებული ხართ, თქვენს მიმართ თუ აღდგა სამართლიანობა?

– სიმართლე გითხრათ, დღეს ვერ გეტყვით, თუ რას ნიშნავს ,,სამართლიანობის აღდგენა». 2012 წლის 1 ოქტომბრის მერე, მალევე, საქართველოს პროკურატურაში განცხადება შევიტანე იმის თაობაზე, თუ როგორ დაარბიეს, გააჩანაგეს ჩემი ოჯახი და ბიზნესი. დაწვრილებით დავწერე, თუ როგორ შემიტანეს საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში, მე და ჩემს ვაჟებს უკანონოდ თავისუფლება აღგვიკვეთეს. სასტიკად ნაცემი უფროსი ვაჟი რუსთავის ,,კა-პე-ზე-»ში ვიპოვეთ, ჩვენი «პროფილაქტიკა» გაიყიდა, ამას მიჰყვა ოჯახისა და რძლის ბინები, რომელიც პოლიციას აჩუქეს, საავტომობილო ფედერაციაში ,,ნაციონალური მმართველობა» მოვიდა, ხალხი, რომელსაც ავტომობილსა და ფედერაციასთან შეხება არასოდეს ჰქონია. განცხადება რომ შევიტანე, მაშინდელი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ხუთი წუთით შემხვდა, ჩემი თანდასწრებით დაუძახა თანამშრომელს, საქმეს რეზოლუცია დაადო, მაგრამ არჩილ კბილაშვილი სიტყვის გამტეხი და მატყუარა აღმოჩნდა. პარლამენტმა კი, თავს კოჰაბიტაცია მოგვახვია. ბოდიში და, კოჰაბიტაციისთვის ავირჩიეთ ეს მთავრობა? როგორც თეიმურაზ ხევისთავსა დ მოძალადე ჯაყოს შორის ვერ დამყარდებოდა კოჰაბიტაცია, ისე ჩვენსა და ,,ნაციონალებს» შორის ვერ დამყარდებოდა შეხმატკბილებული ურთიერთობა.

ვატყობ, ეს პარლამენტი ჩემი პარლამენტი არაა, იგი ,,ნაციონალების» საქმეების ,,გამპრავებელი» საკანონმდებლო ორგანოა. დღესაც არ ვიცი, ვინ დაუკვეთა პატიება, რეჟიმი რატომ არ გაასამართლა? პოლიტპატიმრებად აღიარებული ნატანჯი ადამიანები დღესაც რეაბილიტირებულნი არ არიან. რა უშლის ხელს ხელისუფლებას, 26 მაისს დახოცილი ადამიანების, რომლებიც მაღაზიის თავზე შემოდეს, გარდაცვლილი პოლიციელის, რომელიც მანქანის ქვეშ შეაგდეს, «დუბინკებით» ნაცემი მოქალაქეების საქმეები გამოიძიოს?

ჩემი უფროსი ვაჟი გერმანიაში გადასახლდა და იქ პოლიტდევნილის სტატუსით ცხოვრობს, ზრდილობის გამო მაინც რატომ არ დაკითხეს? რა, 26 მაისს საჯარო ბიბლიოთეკაში ვიყავით და «ზონდერებთან» ჩხუბი მოგვივიდა? ეს შეკითხვები მთავრობას დამოკლეს მახვილივით ჰკიდია და მას გუნდრუკს ვერ ვუკმევ. პატრონებისთვის ნახმარი მანქანების საწყალობლად გადმოგდება არაა სამართლიანობის აღდგენა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ მომავალი პარლამენტი ნამდვილად ხალხის უფლებებს იცავდეს!

,,ნაციონალური მოძრაობა» უმრავლესობაში მყოფ ხელისუფლებას დღეს იმას ედავება, რასაც თავად ჩადიოდა: პოლიტიკური ნიშნით დევნას, საპატიმროებში ხალხის წამებას, თუმცა ,,ოცნებამ» რაც დათესა, ის მოიმკო. თუ ეს ხელისუფლება ,,ნაციონალების» დროს დაჩაგრული ადამიანების უფლებებს არ დაიცავს, სხვა მოვა და წინა და დღევანდელ ხელისუფლებასაც ერთად გაასამართლებს! ,,ნაციონალებთან» გარიგებაში მყოფი ხელისუფლება აზრს ამკვიდრებს, რომ ,,შუა უნდა გაიკრიფოს», რომ ,,ნაციონალების» გარდა საქართველოში სხვა ალტერნატიული პოლიტიკური ძალა არ არსებობს, მაგრამ ამასაც ვნახავთ!

ესაუბრა ნათია გოგიტიძე

წყარო:http://qartulisityva.ge/

Leave A Reply

Your email address will not be published.