ყველა დროის 10 უდიდესი ქართველი გენერალი

ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობენ, იმსახურებენ თუ არა ქართველი მხედართმთავრები ადგილს მსოფლიოს საუკეთესო გენერლებს შორის და სხვადასხვა რეიტინგებში ხალხმა ხმის მიცემის საშუალებით მაღალი პოზიციები დააკავებინა ისეთ დიად ქართველ სარდლებს, როგორებიც იყვნენ ქაქუცა ჩოლოყაშვილი, დავით აღმაშენებელი, ერეკლე II (ეს უკანასკნელი მხოლოდ 30-ე ადგილზე გავიდა და ამის გამო დიდი უკმაყოფილებაც გამოითქვა, რადგან ერეკლე II ნამდვილად იმსახურებდა ადგილს თუნდაც უფრო მაღალს ვიდრე სციპიონ აფრიკელი, ჰენრი V ანდაც სალადინი). შესაბამისად, ჩვენ გვსურს შემოგთავაზოთ მაქსიმალურად ობიექტური ათეული იმ დიდი ქართველი გენერლებისა (რომელთა შორის არიან მდედრობითი სქესის წარმომადგენლებიც, რაც თავისთავად მეტყველებს ქართველ ხალხში ბუნებრივი სამხედრო ნიჭის არსებობას. გაითვალისწინეთ ეს და არავითარ შემთხვევაში არ შეხედოთ საკითხს გენდერული ბალანსის თვალსაზრისით), რომელთაც საქართველოსა და მსოფლიოს ისტორია შეცვალეს და თავიანთი ზარბაზნებით, მახვილით, შუბითა თუ მშვილდ-ისრით გადაწერეს ერის მატიანე.

  1. რევაზ მუხრანბატონი (1835-1922 წწ.)

ალბათ ბევრი არგუმენტი არ სჭირდება იმის ახსნას, თუ რატომ უნდა იდგეს ქართველ გენერალთა ათეულის პირველ ადგილზე. მან, ერთადერთმა შეძლო და დაამარცხა XXსაუკუნის ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო მოღვაწე, „მსუქანი ნაპოლეონი”, სომხური წარმომავლობის რუსი გენერალი იგორ ხორთუმოვი და ყველაზე ახლოს იყო მოსკოვის აღებასთან, რომლის დაპყრობა ოცნებაა ნებისმიერი ქართველი სამხედრო მოღვაწისათვის და ამან თავისთავად განსაზღვრა კიდეც რევაზ მუხრანბატონის მიერ პირველი ადგილის დაკავება რეიტინგში. რევაზ მუხრანბატონმა შეასრულა ბრწყინვალე სამხედრო კამპანია, რომელიც დაიწყო კავკასიონის გადალახვით და დასრულდა ცარიცინთან. მის მიერ დამარცხებულ გენერალთა სიაში ადგილს იკავებს თვითონ ანტონ დენიკინიც, „თეთრების” არმიის მხედართმთავარი. დაწვრილებით აღარ აღვნიშნათ მის წარმატებას I მსოფლიო ომში. მუხრანბატონის  ცხოვრებისა და მისი სამხედრო კამპანიის დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენ ბლოგზე უკვე მოცემულ სტატიაში. დამატებით იხილეთ: უცნობი ფაქტი 1918 წლის საქართველოს ისტორიიდან

  1. თამარ-მეფე (1160-1210 წწ.)

საქართველოს ისტორიას არ ახსოვს სხვა არც ერთი მეფე, რომლის სახელი ასე შორს ყოფილიყო გავარდნილი როგორც უბრწყინვალესი და უნიჭიერესი ქალი, წმინდანი და ქრისტიანობის მფარველი. თამარ-მეფე იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგოსი, რასაც მოწმობს მისი სამხედრო კამპანიები აზერბაიჯანის ათაბაგთა (შამქორის ბრძოლა) და რუმის სასულთნოს წინააღმდეგ (ბასიანის ბრძოლა), ასევე ბრძოლა ხლათის დასაუფლებლად და სამოქალაქო ომში არაპირდაპირი მოქმედების სტრატეგიის გამოყენება (სერ ბასილ ლიდელ-ჰარტის სამხედრო თეორიამდე ბევრად ადრე). თამარ-მეფეს ბრწყინვალედ შეეძლო ჯარის მოტივირება, ის ფეხშიშველი უძღოდა მას წინ ჯვრით ხელში, ლოცულობდა მათთვის და ყველას ხორცშესხმული წმინდანი ეგონა (ასეც იყო). რეალურად, ის პირადად არ ხელმძღვანელობდა ყველა ბრძოლას, მაგრამ ამას თავისი სარდლების მეშვეობით ახერხებდა, რომელთაც შესანიშნავად არჩევდა, ისევე როგორც შემდგომში ნაპოლეონი მარშლებს. ეს მხედართმთავრის კიდევ ერთი, ძალიან დიდი ღირსებაა. აღსანიშნავია, რომ თამარ-მეფე არასდროს დამარცხებულა და მისი სახელი სამხედრო ისტორიაში ოქროს ასოებითაა ჩაწერილი.

 

  1. არტემონ (არტემ) ჯიჯიხია (1874-1938 წწ.)

მართალია XX საუკუნის პირველ ნახევარში საუკეთესო ქართველი მხედართმთავარი იყო რევაზ მუხრანბატონი, მაგრამ მის მიღწევებს ალბათ მხოლოდ მცირედით ჩამორჩება გენერალ არტემონ ჯიჯიხიას სამხედრო კარიერა. ეს უბრწყინვალესი შვილი საქართველოსი წარმოშობით სამეგრელოდან იყო, რამაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მის მოღვაწეობაში. რუსეთის სამხედრო ატაშე მის შესახებ წერდა, რომ „ისეთივე გაიძვერაა როგორც ყველა მეგრელიო”. მართალია ეს მოწინააღმდეგის გაკეთებული შეფასებაა და ის რასაკვირველია უარყოფითი კუთხით აფასებდა მას, მაგრამ აქედანაც ჩანს, რომ არტემონ ჯიჯიხია ჰქონდა მხედართმთავრისათვის აუცილებელი ეს თვისება და სათანადოდაც იყენებდა მას როგორც I მსოფლიო ომში, ისე საქართველო-სომხეთისა და საქართველო-რუსეთის ომებში. არტემონ ჯიჯიხია იყო განსაკუთრებული სიმამაცის ადამიანიც. I მსოფლიო ომში ის წინასწარი განზრახვით, ტყვედ ჩაუვარდა მტერს და 3 წლის განმავლობაში იმყოფებოდა მათთან ტყვეობაში. ამ დროში მან დეტალურად შეისწავლა გერმანელთა სამხედრო საქმე და მათი სამხედრო საიდუმლოებები თავის სამხედრო შტაბში გადაგზავნა. სწორედ ჯიჯიხიას დამსახურებაა ე.წ. ბრუსილოვის გარღვევის წარმატება, რომელიც მთლიანად მიიწერა ალექსეი ბრუსილოვმა. არტემონ ჯიჯიხია ითვლებოდა თავდაცვითი ბრძოლის ოსტატად. ეს მან გამოავლინა 1919 წელს სომხეთთან ომში და ასევე 1921 წელს, როდესაც თბილისთან ბრძოლებში წითელმა არმიამ ვერაფრით ვერ შეძლო მისი ფლანგის გარღვევა. მარო მაყაშვილის დღიურის მიხედვით: „გენერალი ჯიჯიხია ზარბაზანთან იდგა ჭიქა ოჯალეშით ხელში და ომახიანად ამხნევებდა თავის სალდათებს, რომლებიც მზად იყვნენ მისთვის მომკვდარიყვნენ” (ეს ის ზარბაზანი იყო რომლიდანაც იგორ ხორთუმოვმა სიკვდილის წინ არარატი დაინახა რიაზანთან რევაზ მუხრანბატონთან ბრძოლაში დამარცხების შემდეგ). ჯიჯიხიამ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ სამხედრო სამსახური დატოვა და მას შემდეგ აღარ უმსახურია ჯარში, მაგრამ მისი განვლილი კარიერა საშუალებას გვაძლევს ის ჩვენი რეიტინგის მესამე ადგილზე მოვათავსოთ.

 

  1. პეტრე I (1672-1725 წწ.)

რუსეთის იმპერიაში მრავალი ქართველი მსახურობდა, მაგრამ ის იყო წარმოშობით ქართველი პირველი დიდი მმართველი, რომელიც ამ უშველებელ, უძლეველ დათვურ სახელმწიფოს ჩაუდგა სათავეში და მისი ძალები მსოფლიოს წინააღმდეგ მიმართა. პეტრე I იყო ქართლის მეფის, ერეკლე I-ს (შემდგომში ნაზარ ალი-ხანად წოდებულის) ვაჟი. მამამისისაგან მას ბაგრატიონების სამხედრო ნიჭიერება ბუნებრივად გადაეცა. როდესაც ბაგრატიონი იბადება, მას ხელის გულზე პატარა მახვილის ფორმის ლაქა აქვს, რომელიც შემდგომში ქრება. ესაა მესიის მახვილის სიმბოლო. პეტრეც სწორედ ასეთი სიმბოლოთი დაიბადა. ახალგაზრდობაშივე, ის შეუდგა თავისი სამხედრო-პოლიტიკური მიზნების დაგეგმვას. პეტრემ განახორციელა კამპანიების მთელი სერია იმ დროის ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფოს, შვედეთის წინააღმდეგ და დაამარცხა მათი მეფე კარლოს XII, ოსმალეთის სულთანი და ღრმად შეიჭრა კავკასიაშიც, სადაც ვახტანგ VI-თან ერთად დიდ ლაშქრობას გეგმავდა და მხოლოდ მისმა ნაადრევმა სიკვდილმა შეუშალა ხელი ორ ქართველ მონარქს, ერთობლივი ძალებით აეღოთ ისპაჰანი და თავრიზი. პეტრე განსაკუთრებით გამოირჩეოდა შეუპროვრობით, სიმამაცით, დიდი ენთუზიაზმით და ნიჭიერებით არა მხოლოდ სამხედრო საქმეში, არამედ ადმინისტრირებაშიც, რაც თავისთავად ხელს უწყობდა მის სამხედრო მიზნებს. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ პეტრე Iდამსახურებულად არის ერთ-ერთი უდიდესი ქართველი გენერალი.

 

  1. ფარნავაზი (ძვ.წ. IV-III სს.)

ფარნავაზი, ქართლის პირველი მეფე და საქართველოს გამაერთიანებელი, უპირობოდ იმსახურებს ადგილს უდიდესი ქართველი გენერლების სიაში. მისი სამხედრო მოღვაწეობა, არმიის ორგანიზება, მოკავშირეებთან შეთანხმებული მოქმედება, მანევრები, ტაქტიკა-სტრატეგია, ლოჯისტიკა, ყოველთვის სათანადო დონეზე იდგა და ფაქტობრივად, ისიც შეგვიძლია დავასახელოთ დაუმარცხებელ მხედართმთავრად. განსაკუთრებული დიდება ფარნავაზს, როგორც სარდალს, მოუტანა აზოს წინააღმდეგ გამოყენებულმა სამხედრო ფანდმა, როდესაც მან ნახა რომ მორბენალ დათვს საომარი ეტლივით დამანგრეველი ძალა ჰქონდა, ტყესთან გაუმართა ბრძოლა აზოს, ტყე ცეცხლს მისცა და იქიდან გამოდევნილი დათვების საშუალებით გადათელა მოწინააღმდეგე. ეს სამხედრო ხერხი მსოფლიოს ცნობილ სამხედრო აკადემიებში ისწავლება და მას დათვის გარღვევა (Bear Offensive) ეწოდება. ფარნავაზის საბრძოლო დროშა, რომელზეც კამეჩის რქებზე შემდგარი საქართველო იყო გამოსახული, მტერს შიშის ზარს სცემდა, რის შესახებაც ბერძნულ-რომაული ისტორიული წყაროები (ელიუს სპარტიანუსი, პომპონიუს მელა და სხვ.). დამატებით იხილეთ: ფარნავაზ მეფე და საყდრისის მაღარო: საქართველოს გაერთიანების ერთადერთი გზა

 

  1. თამილა აყაშვილი (1895-19 ??)

თამილა აყაშვილი XX საუკუნის I ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი სამხედრო მოღვაწე იყო. 23 წლის ასაკში მან მიაღწია ისეთ მაღალ სამხედრო თანამდებობას, როგორიც იყო გაგრის კომენდანტობა და იქცა საქართველოს გამათავისუფლებელი ომის ერთ-ერთ ლიდერად. რადგან მის შესახებ მკითხველს ნაკლები ცნობები აქვს, გვსურს უფრო დაწვრილებით გაგაცნოთ თამილა აყაშვილის მოღვაწეობა. აყაშვილების გვარი XIII საუკუნის ბოლოდან მოიხსენიება ქართულ ისტორიულ წყაროებში და უმეტეს შემთხვევაში სადროშოების სარდლებად ან გამორჩეულ მეომრებად ბრძოლის ველზე, თუმცა თამილა აყაშვილი ამ გვარის უკანასკნელი წარმომადგენელი იყო და ალბათ ყველაზე ცნობილიც. ის რუსეთის იმპერიის ჯარში 20 წლის ასაკში ჩაირიცხა და რომ არ მიმხვდარიყვნენ რომ მამაკაცი იყო, თავი გადაიპარსა. იბრძოდა უკრაინის ფრონტზე გერმანიის იმპერიის ძალების წინააღმდეგ. თავდაპირველად შეტაკებებში უშუალოდ არ მონაწილეობდა, უბრალოდ დაჭრილები გამოჰყავდა ბრძოლის ველიდან. ერთ დღეს მან 50-ზე მეტი დაჭრილი გამოიყვანა, რაც განსაკუთრებულად აღინიშნა გენერალ ნიკოლაი დუხონინის ანგარიშში. ამის შემდეგ თამილა სწრაფად დაწინაურდა და როდესაც საქართველოში დაბრუნდა, უკვე კაპიტნის წოდებას ატარებდა. 1918 წელს ის გენერალ გიორგი მაზნიაშვილთან ერთად შეიჭრა აფხაზეთში და პირადად მეთაურობდა სამ ბატალიონს, რომელმაც მთელი რიგი პუნქტები დაიკავა, მათ შორის გაგრა, რომლის აღების დროსაც თამილა დაიჭრა. გენერალმა გიორგი მაზნიაშვილმა სათანადოდ დააფასა მისი სამხედრო ნიჭი და ნოე ჟორდანიას თანხმობით გენერლობა და გაგრის კომენდანტობა უბოძა, ხუმრობით ის „დალისაც” ეძახდა, ქართული ნადირობის ქალღმერთის სახელს, რომელიც დაუნდობლად ნადირობდა მოწინააღმდეგეზე, ეს სახელი თამილას სამუდამოდ შერჩა. თამილა წარმატებით ებრძოდა თურქებს აჭარაში და მოახერხა მათი განდევნა სულ ორი ასეულით. ჭრილობის გამო არ მონაწილეობდა სომხეთთან ომში, თუმცა 1921 წელს უკვე მწყობრში იყო და რუსეთთან გამართულ ომამდე სამხედრო შტაბშიც იყო მიწვეული. მან ურჩია გენერალ გიორგი კვინიტაძეს აზერბაიჯანის დაკავების საშუალება არ მიეცა რუსებისათვის, მაგრამ არც ნოე ჟორდანიამ და არც კვინიტაძემ ეს ჭკვიანური გეგმა არ მიიღეს. წითელი არმიის მიერ თბილისის ალყისას, თამილა გენერალ ჯიჯიხიასთან ერთად მოქმედებდა. ბოლშევიკების მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, თამილა არ წასულა ემიგრაციაში, ის ტყეში გაეშურა პარტიზანად და თავის თანამებრძოლებთან ერთად მტერს მოსვენება დაუკარგა. 1924 წელს თამილას რაზმი გაერთიანდა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმთან და თავგანწირვით იბრძოდა საქართველოს გასათავისუფლებლად. ქაქუცას მარცხისა და საფრანგეთში წასვლის შემდეგ, თამილამ ბრძოლა გააგრძელა და 1926 წლის ერთ-ერთი საარქივო დოკუმენტის მიხედვით, ის ყაზბეგის მიდამოებში შეუნიშნავთ, მაგრამ ამის შემდეგ ისტორიიდან ქრება და არც უცხოურ და არც საბჭოთა საარქივო მასალებში, მემუარებში თუ სხვა ტიპის დოკუმენტებში გვხვდება. მიუხედავად ამისა, თავისი მოკლე სამხედრო კარიერის განმავლობაში მან შესანიშნავად წარმოაჩინა თავი როგორც ნიჭიერმა მეთაურმა და მებრძოლმა და ჩვენს ათეულში საპატიო ადგილიც დაიკავა.

  1. გიორგი II (1040-1112 წწ.)

გიორგი II ერთ-ერთი უდიდესი სამხედრო-პოლიტიკური მოღვაწე იყო შუა საუკუნეებში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ზოგადად ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში. გიორგი II-ს როლი დიდი ხნის განმავლობაში იყო დაკნინებული ქართულ ისტორიოგრაფიაში. ის ითვლებოდა მეფედ, რომელმაც ვერ შეძლო სელჩუკებისაგან საქართველოს დაცვა და მის ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებად დავით IV-ს ტახტზე აყვანას თვლიდნენ, მაგრამ რეალობა აბსოლუტურად სხვაგვარია. გიორგი II-ს გენერალური ბრძოლა სელჩუკებთან ფარცხისის მახლობლად, მისი ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ როდესაც მეფემ დაინახა, რომ უამრავი მტრით გარშემორტყმულს არ შეეძლო გამარჯვება, მტერთან ზავის დადება და ქვეყნის გადარჩენა ამჯობინა. მართალია თურქთა მარბიელი ლაშქრობები მაინც ეწყობოდა, მაგრამ ეს არ იყო ორგანიზებული ძალების შემოსევა და გიორგი II მოხერხებულად ირიდებდა მათ თავიდან რომ არა ძლიერი მიწისძვრა, რომელმაც საქართველო ძალიან დააზიანა. ამის შემდეგ მან რეპუტაცია დაკარგა და თავისი შვილის სასარგებლოდ გადადგა, თუმცა დავით IV-ს ამოფარებულმა კვლავაც განაგრძო თავისი გონივრული პოლიტიკის გატარება. შესაბამისად, ყოველივე ის სამხედრო წარმატება, რასაც ვითომ დავითმა მიაღწია 1112 წლამდე, გიორგი II-ს დამსახურებაა და მისი დაგეგმილია. ეს იყო ბრძოლის ძირითადი ეტაპი, რადგან ამ წლებში გიორგიმ მოასწრო ქვეყნის მოძლიერება და დავითს დაუტოვა შესანიშნავი სამხედრო ძალა, რომლითაც მან დააგვირგვინა მამის წარმატებები. გიორგი II სავსებით სამართლიანად შეიძლებოდა უფრო მაღლაც დაგვეყენებინა ამ რეიტინგში, მაგრამ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჯერჯერობით ცოტაა დაწერილი და მკითხველმა შეიძლება ეს არარეალურად მიიჩნიოს, ამიტომაც თავს ვიკავებთ და მომავალში იმედს ვიტოვებთ, რომ კიდევ უფრო განვავრცობთ და მაშინ ყველა დაინახავს, რომ გიორგი II ადგილს ხუთეულშიც იმსახურებდა.

  1. დიმიტრი „ბაზორკა” ამილახვარი (1906-1942 წწ.)
    უცხოეთში მოღვაწე ქართველ მხედართმთავართაგან გამორჩეული იყო დიმიტრი „ბაზორკა” ამილახვარი, უცხოური ლეგიონის სიამაყე და საფრანგეთის ეროვნულ გმირთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული. მისი სახელი საფრანგეთში ყველამ იცის, ისევე როგორც დიადი ნაპოლეონისა და შარლ დე გოლისა. ნებისმიერი ფრანგი გაიხსენებს ბაზორკას და მის გმირულ საქმეებს. დიმიტრი დაიბადა ქალაქ ბაზორკინოში. 1922 წელს გადასახლდა საფრანგეთში და 20-იანი წლების ბოლოს უკვე საფრანგეთის უცხოური ლეგიონის წევრი იყო. დიმიტრი ამილახვარი მალევე დაწინაურდა და ოფიცერი გახდა. მას შემდეგ რაც გერმანელებმა დაიპყრეს საფრანგეთი, ბაზორკა ჩავიდა ინგლისში და შარლ დე გოლს შეუერთდა. ბაზორკას განსაკუთრებული სამხედრო ნიჭი გამოვლინდა აფრიკაში, ნაცისტური გერმანიის ძალებთან ბრძოლაში. მანამდე კი ძლევამოსილებით მოიარა ერიტრეისა და სირიის სამხედრო ასპარეზები. აფრიკაში ბრძოლებისას ის თავზარს სცემდა მოწინააღმდეგეს, როდესაც იერიშზე მიდიოდა, გერმანელები ყვიროდნენ „ბაზორკა” მოდისო, გერმანულად კი ბაზორკა „ებრაელ დავითს” ნიშნავს. ერთ-ერთი ცნობის მიხედვით, როდესაც ჰიტლერმა შეიტყო როგორ ამარცხებდა ბაზორკა ანუ ებრაელი დავითი მის ძალებს, უთქვამს „მართლა არ წამომაქციოს ეს გოლიათი კაციო”. ბაზორკა გმირულად დაეცა ელ-ალამეინის ბრძოლაში, რომელიც მისი ჩამოყალიბებული ტაქტიკური გეგმის მიხედვით აწარმოეს მოკავშირეებმა და დიდ გამარჯვებას მიაღწიეს გერმანელთა წინააღმდეგ. ბაზორკა ამილახვარი უცილობლივ იმსახურებს ადგილს ჩვენს ათეულში.

 

9…. ძალიან რთულია ქართველი გენერლებით ათეულის შევსება, რადგან ქვეყანას ძალიან ბევრი დიდი სამხედრო მოღვაწე ჰყავდა და ალბათ მერვე, მეცხრე და მეათე ადგილებისათვის ბევრმა შეიძლება იბრძოლოს, მათ შორის გიორგი სააკაძემ, ბაში-აჩუკმა, ზვიად სპასალარმა, ვაჟა მირიანაშვილმა და ა.შ. ამიტომაც ამ ადგილებს თავისუფალს ვტოვებთ და იმედს ვიტოვებთ მომავალში ობიექტური ანალიზისა და წლების განმავლობაში გაკეთებული გამოკვლევების შედეგად, მასაც შევავსებთ.

Comments
Loading...