“ყველა შეხვედრაზე იხვეწება, ციხიდან გამიშვით და საქართველოდან იმავე დღეს წავალო” -მერაბიშვილისა და ახალაიას მდგომარეობა ციხეში

გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი დაკავებულის გათავისუფლების შემდეგ, მთავარ კითხვად რჩება, დატოვებენ თუ არა საპატიმროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები – ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია.

“ევროპული საქართველოს” წევრები პირად საუბრებში არც მალავენ, რომ მერაბიშვილის გათავისუფლებას აპრილში ან მაქსიმუმ მაისში ელოდებიან. თანაც 8 მარტს, სტრასბურგში მერაბიშვილის საქმის განხილვაა ჩანიშნული და როგორც უგულავას შემთხვევაში მოვისმინეთ, არ არის გამორიცხული, მერაბიშვილიც საერთაშორისო ზეწოლის შედეგად გათავისუფლებულ პოლიტპატიმრად მოინათლოს.

გაზეთ “კვირის პალიტრას” სანდო წყარო,უყვება :
“ვანოს არც ერთ ფლანგთან ბრძოლაში ჩართვა არ სურს, მეტიც, დიდი ხანია საბრძოლო განწყობაზე აღარ არის. პირიქით, ყველა შეხვედრაზე იხვეწება, ოღონდ ციხიდან რაც შეიძლება სწრაფად გამიშვით და საქართველოდან იმავე დღეს წავალო. მის პოლიტიკაში ჩართვაზე ზედმეტია საუბარი. რაც შეეხება მერაბიშვილის მდგომარეობას ციხეში, ყველა პირობა აქვს შექმნილი (ისევე როგორც გიგი უგულავას ჰქონდა), რაც საპატიმროში კანონმდებლობით არის ნებადართული.

ბაჩო ახალაიაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით – ბევრად პატარა კამერაშია და გარკვეული შეზღუდვებიც აქვს. ერთხელ ახალაიამ ერთ-ერთი არხის ჩართვა მოითხოვა, თუმცა მერაბიშვილსა და უგულავას შეუთვლიათ, ციხის ადმინისტრაციისგან ნურაფერს ითხოვ, შენი მოთხოვნების გამო ჩვენც ყველაფერს გვართმევენო. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ვანოს მდგომარეობა ნორმალურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ბაჩო ახალაია კი ზოგჯერ ნერვული აშლილობის ზღვარზეა და ექიმები წამლებს აწვდიან” – გვიყვება წყარო.

 

Comments
Loading...