„ყველაფერი მიმზიდველი არ არის, რასაც ევროკავშირი გთავაზობს“

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს განცხადებით, ყველა ქვეყანას, რომელიც დაინტერესებულია შეუერთდეს ევროკავშირს, საბოლოოდ შესაძლებლობა უნდა მიეცეს, ევროკავშირს გემო გაუსინჯოს.

ეს განცხადება რობერტ ფიცომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

კითხვაზე, ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით მალე თუ მიიღწევა კონსესუსი საქართველოსთან მიმართებაში, სლოვაკეთის პრემიერმა აღნიშნა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხი გლობალურ ჭრილში განხილვას მოითხოვს.

„ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, ეს საკითხი უფრო ზოგადი თვალსაზრისით, ასევე ბოლო დროის მიგრაციის კრიზისის ასპექტში უნდა განვიხილო. ერთის მხრივ, რატომ უნდა აუკრძალო მოგზაურობა ვინმეს, ვინც არის კეთილსინდისიერი მოგზაური და სურს ესტუმროს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას ან შენგენის ზონის ქვეყანას, მან უნდა შეავსოს შენგენის ვიზის მკაცრი მოთხოვნები, რომ მიიღოს ნებართვა. თუმცა, მეორეს მხრივ, ამას წინ უძღვის სიტუაცია, როცა ბოლო დროს ვიხილეთ ასობით ათასი უკანონო მიგრანტი, რომელმაც ევროკავშირის საზღვარი ნებისმიერი მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის გარეშე გადაკვეთა“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

რობერტ ფიცოს განცხადებით, ვიზის რეგულაციები საშუალებას იძლევა განისაზღვროს, თუ ვინ რა მიზნით მოგზაურობს.

„მე მტკიცე მხარდამჭერი ვარ თავისუფალი სავიზო მიმოსვლის და ლიბერალიზაციისა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ინტეგრაციისკენ მისწრაფებებს გამოხატავენ. რაც შეილება მეტ ქვეყანას, რომელიც დაინტერესებულია შეუერთდეს ევროკავშირს, საბოლოოდ უნდა მიეცეს შესაძლებლობა გემო გაუსინჯოს ევროკავშირს. მეორეს მხრივ, ყველაფერი არ არის მიმზიდველი, რასაც ევროკავშირი გთავაზობს. აქ დაშვებულია შეცდომები. ასე რომ, მხოლოდ უფლება კი არ არის კანდიდატი ქვეყნებისთვის, ვისაც სურვილი აქვთ მიაღწიონ სრულ წევრობას, რომ დაინახონ სრული სურათი, არამედ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ვალდებულებაც არის, რომ მათ ყველაფერი ცხადად აჩვენონ“, – აღნიშნა რობერტ ფიცომ.

Comments
Loading...