“ყველაფერს ვაკეთებთ რათა დავამსხვრიოთ საქართველოსა და ნატოს შორის არსებული კედლები”

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა საქართველოსა და ნატოს შორის არსებული კედელი დაამსხვრიოს. თინა ხიდაშელმა აშშ-ში ვიზიტისას არასამთავრობო ორგანიზაციებსა და წამყვანი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ბუქარესტის სამიტის მოლოდინებზე ისაუბრა.
„რაც შეეხება მოლოდინს ვარშავის სამიტზე, მე ვცდილობ ვიყო რაც შეიძლება გაწონასწორებული, რადგან ყველაზე უარესი, რაც მოხდა საქართველოსთვის იყო 2008 წელს, როდესაც მოლოდინი იყო ძალიან მაღალი. ბუქარესტის გადაწყვეტილებაზე ჩვენ ყველანი ველოდებოდით გაწევრიანების მიღებას, თუმცა მივიღეთ გაწევრიანებაზე დაპირება, რაც MAP-ზე არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო იმ მომენტში. გაწევრიანებაზე დაპირება MAP-თან ერთად იდეალური იქნებოდა, გაწევრიანებაც იდეალური იქნებოდა. თუმცა ჩვენ იდეალურ სამყაროში არ ვცხოვრობთ, ჩვენ ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი ამ მოლოდინების სამართავად. ჩვენმა საზოგადოებამ, რომელთანაც სრული კომუნიკაცია გვაქვს იცის, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა დაამსხვრიოს ის კედლები, რომლებიც დგას საქართველოსა და ნატოს შორის“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა.
საერთაშორისო კვლევების ცენტრში თავდაცვის მინისტრმა საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და მედიის თავისუფლებაზეც ისაუბრა. თინა ხიდაშელი თქმით, ხელისფლების ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, მედიის თავისუფლებაა.

„სამი წლის წინ ყველა ნაციონალური მედიასადგური ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ იმართებოდა, არ არსებობდა მთელს ქვეყანაში მაუწყებელი არცერთი ტელესადგური და მედიასაშუალება, რომელიც მმართველი პარტიისგან დამოუკიდებელი იქნებოდა, ასეთი წარსულის შემდეგ, თუკი რამით მე პირადად ვამაყობ, ეს არის მედიის თავისუფლების გაუმჯობესება ქვეყანაში. თუკი თქვენ არ იცით საქართველოში წლების განმავლობაში მფლობელების შეცვლის გარემოებებზე, თუ არ იცით, რომ ერთი ტელეარხი, რომელიც დღეს ყველაზე პოპულარულია ჩვენი დემოკრატიული რეფორმის კრიტიკაში, იმართებოდა წინა მთავრობის თავდაცვის მინისტრების მიერ, მაშინ ვითარება შეიძლება დამახინჯებული გამოჩნდეს. ტელესადგურის წინააღმდეგ საქმე სასამართლოშია. ზოგიერთ დამკვირვებელს შეიძლება ჰქონდეს წარმოდგენა, რომ მთავრობა ებრძვის ამ ტელევიზიას და საქმე ამიტომ არის სასამართლოში, მაგრამ თუკი ვინმემ ცოტა მაინც იცის საქართველოზე, მაშინ შეკითხვები აღარ წამოიჭრება“,- აცხადებს მინისტრი.

Leave A Reply

Your email address will not be published.