ქიბარ ხალვაში: “ჩვენ ვადანაშაულებთ ხელისუფლებას და პროკურატურას უმოქმედობაში”


ქიბარ ხალვაში დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს მიმართავს:

“მოგმართვათ ახალი ქართული დემოკრატიის საყრდენ ინსტიტუტებს და გთხოვთ არ მოაკლოთ ყურადღება, ერთი შეხედვით, ჩვენს კერძო დავას ტელეკომპანია „რუსთავი“2 -ის ფორმალურ მეწილეებთან. სინამდვილეში კი პრეცედენტულ სასამართლო პროცესს, რომლითაც, პრაქტიკულად და რეალურად უნდა დაიწყოს საქართველოში სამართლიანობის აღდგენა და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობის პრინციპის დამკვიდრება.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ სასამართლო პროცესზე ხდება ზეწოლა, რასაც მიუღებელი და დაუშვებელი საშუალებებით ხელს უწყობს ტელეკომპანია „რუსთავი“2 -ის დღევანდელი მენეჯმენტი და ყოფილი მმართველი პარტია, – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მათი მიზანი ცხადი და აშკარაა. მათი მიზანია – სასამართლო დავა გადაიტანონ პოლიტიკურ სიბრტყეში და საკუთარი ქმედებები შენიღბონ, როგორც სიტყვის თავისუფლებისათვის ბრძოლა. მოგმართავთ ყველას, ვისთვისაც მართლაც ძვირფასია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება და კერძო საკუთრების ხელშეუხებლობა.

არ დატოვოთ ყურადღების მიღმა მიმდინარე პროცესი და თქვენი აქტიური ჩართულობით განაპირობეთ, რომ ამ პრეცედენტულ დავაზე ვერავინ შეძლოს ზეწოლის მოხდენა. დარწმუნებული ვარ, კარგად იცით მიმდინარე დავის ისტორია, თუმცა, მაინც საჭიროდ ვთვლი, კიდევ ერთხელ, მოკლედ შეგახსენოთ მომხდარი: ტელეკომპანია „რუსთავი 2“ 2004 წელს, დაახლოებით 7 მილიონ დოლარად შევიძინე.

იმ პერიოდში გაკოტრების რეჟიმში მყოფი ტელეკომპანია ჩემს მიერ განხორციელებული ინვესტიციებით, კვლავ იქცა წარმატებულ ორგანიზაციად და, რაც მთავარია, დამოუკიდებელ მედია საშუალებად. 2006 წლის დეკემბერში ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენლების, მათ შორის, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ზეწოლით, „რუსთავი 2“-ის წილი უკანონოდ დამათმობინეს. წილის დაბრუნების მოთხოვნამ ჩემს წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო სადამსჯელო მანქანა აამუშავა და 2007 წლიდან დაიწყო ჩემი სასტიკი დევნა. იძულებული გავხდი თავი გერმანიისათვის შემეფარებინა, სადაც მოგვიანებით პოლიტიკური თავშესაფარი მომცეს „რუსთავი 2“-ის იძულებით ჩამორთმევასთან დაკავშირებული მოვლენების გამო.

„რუსთავი2“-ის დასაბრუნებლად ბრძოლა ჯერ კიდევ 2008 წელს დავიწყე, როდესაც საქართველოს პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნით მივმართე. ეს ფაქტი აღწერილია აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2009 წლის 25 თებერვლის საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ მოხსენებაში. ცხადია, იმ პერიოდში რეაგირება არ ყოფილა და დასანანია, რომ ასე გრძელდება ახალი ხელისუფლების პირობებშიც. ამ სამი წლის განმავლობაში არაერთხელ მივმართე პროკურატურას „რუსთავი 2“-ის და სხვა ქონებების ძალადობრივი ჩამორთმევის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით, მაგრამ პასუხი სამწუხაროდ არ ჩანს. ჩვენ ვადანაშაულებთ ხელისუფლებას და პროკურატურას უმოქმედობაში და რუსთავი 2-ის ნომინალური მეწილეებისა და მოძალადეების მფარველობაში, რადგან ვერ ან არ შეძლო სამართლიანობის აღდგენა და კანონიერი მეპატრონის უფლებების დაცვა. 2015 წლის 4 აგვისტოს, ჩვენ „რუსთავი 2“-ის ნომინალური მეპატრონეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოვითხოვეთ „რუსთავი 2“-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება. სასწრაფო ზომების მიღება აუცილებელი გახდა მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ კიდევ ერთხელ იგეგმებოდა „რუსთავი2“-ის წილების გადაფორმება, რათა მნიშვნელოვნად გართულებულიყო სამართლიანობის აღდგენა და წილების დაბრუნება კანონიერი მესაკუთრისათვის. წილების დაყადაღება საშულებას გვაძლევს აღვკვეთოთ პოტენციური თვალთმაქცური გარიგება და შევინარჩუნოთ საკუთარი ქონების დაბრუნების შანსი.

ის რომ ჩვენი ეს ნაბიჯი იყო აუცილებელი და გადაუდებელი, დაადასტურა მორიგი თვალთმაქცური გარიგების მცდელობამ, როცა უკვე, სულ ახლახანს, არა „რუსთავი 2“ –ის, არამედ ნომინალურად მისი მფლობელის, ტელეკომპანია „საქართველოს“ გასხვისებას შეეცადნენ. ცალსახად ვაცხადებთ, რომ ჩვენ ვედავებით კომპანიის ნომინალურ მფლობელებს, რომლებზეც წილები ფორმალურად არის რეგისტრირებული და არა შემოქმედებით კოლექტივს, რომლის პროფესიონალიზი ეჭვს არ იწვევს. ტელეკომპანიის დაბრუნების შემთხვევაში, პირობას ვდებთ, რომ ჟურნალისტებს, მთელ შემოქმედებით გუნდს, გარანტირებული ექნებათ საქმიანობის საუკეთესო პირობები, სრული ჟურნალისტური თავისუფლება და სარედაქციო ჩაურევლობა, მათ შორის, კომპანიის მესაკუთრის მხრიდანაც.

ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, გთავაზობთ, გთხოვთ და გიწვევთ ღია თანამშრომლობისთვის, რათა, ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში, მოხდეს როგორც პოზიციის, ისე ოპოზიციის ქმედებების მკაცრი მონიტორინგი და არ დავუშვათ საკითხის პოლიტიზებისა და სასამართლოზე ზეწოლის ნებისმიერი მცდელობა. დავაზე საზოგადოებრივი კონტროლის განსახორციელებლად, ჩვენ მზად ვართ უზრუნველვყოთ ნებისმიერი თქვენგანის ან თქვენს მიერ შერჩეული მსოფლიოში აღიარებული ექსპერტების მოწვევა და მათი საქმიანობისთვის ხელშეწყობა.

ასევე მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა ტელეკომპანიის შეუფერხებელი საქმიანობისთვის. ჩვენ, თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, რადგან გვაქვს ცალსახა პოზიცია, რომ ჩვენი შელახული უფლებების სამართლებრივი გზებით აღდგენის პროცესში არ უნდა განხორციელდეს ისეთი ქმედებები, რომლებიც შეაფერხებს ტელეკომპანიისა და ჟურნალისტების საქმიანობას.

ქიბარ ხალვაში 19 ოქტომბერი

Leave A Reply

Your email address will not be published.