ქიბარ ხალვაში: გილოცავთ სააკაშვილის დამარცხებას

დღეს მოხდა ის, რისიც 10 წელია მჯერა და რისთვისაც ბრძოლა 10 წელია არ შემიწყვიტავს, – ასე გამოეხმაურა ბიზნესმენი ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის საქმეზე მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებას.

როგორც ხალვაში აცხადებს, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალური დასაწყისია.

„დღეს სასამართლოში დამარცხდა მიშა სააკაშვილი, რომელიც უკვე აღარ არის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პატრონი. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება არის სწორედ სამართლიანობის აღდგენის პროცესის რეალური დასაწყისი.

მიუხედავად იმისა, თუ როგორ გაგრძელდება სამართლებრივი პროცესი შემდგომი ინსტანციის სასამართლოებში, მე გამარჯვებული ვარ, რამდენადაც არა დაშინებითა და ზეწოლით, არამედ ცივილიზებულად, სასამართლოს გზით, დავამტკიცე ჩემი სიმართლე და ჩემი განადგურების მოსურნე ოდესის გუბერნატორმა საკადრისი სამართლებრივი პასუხი მიიღო.

თუმცა, დღეს ეს უკვე აღარ არის მთავარი. კარგად მესმის, რომ ჩემი სამართლებრივი ბრძოლა რუსთავი 2–ის დასაბრუნებლად ნაციონალური მოძრაობის და პირადად სააკაშვილის მიერ საყოველთაო აჟიოტაჟის საგნად არის ქცეული.

დღეს სულ სხვა რამ მაღელვებს. ესაა იმ ადამიანების ბედი, რომლებიც ნებსით თუ უნებლიედ მოყვნენ წლების მანძილზე სააკაშვილის მიერ დატერორებული ტელეკომპანიების ცრუ და პროპაგანდისტულ მექანიზმში.

რუსთავი 2–ის თანამშრომლებზე ვსაუბრობ. მე მათ გუშინაც მივმართე და დღესაც მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო: მე მართლაც კარგად მესმის რა ტერორის და ზეწოლის ქვეშ იმყოფებით დღემდე ტელეკომპანია რუსთავი2–ის მეპატრონის მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. დღეს ეს ტერორი დასრულდა! მე გარწმუნებთ და კიდევ ერთხელ გპირდებით, რომ თქვენგან არცერთი პროფესიონალი არ გათავისუფლდება სამსახურიდან.

საქართველოში მართლაც შეიძლება ხარისხიანი, სარედაქციო დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტების მქონე, კრიტიკული და ამავდროულად მომგებიანი ტელე–ბიზნესის კეთება და ერთად გავაკეთებთ ამას.

სიმართლე ერთია და ის ყოველთვის არა ძალადობის, არამედ თავისუფალი სიტყვის, თავისუფალი ბიზნესის და თავისუფლების მხარესაა.

დღეს სიმართლემ იზეიმა და დიდი ბოროტება დამარცხდა. გილოცავთ!“,- ნათქვამია ქიბარ ხალვაშის განცხადებაში.

ცნობისთვის, მოსამართლე თანაზ ურთნელიძემ ქიბარ ხალვაშის შვიდი სასარჩელო მოთხოვნიდან მე-5 და მ-6 მოთხოვნა დააკმაყოფილა.

მე-6 სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, ქიბარ ხალვაში მოითხოვდა: შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ (ს.კ.211352016) პარტნიორების ლევან ყარამანიშვილის (პ.ნ. 62001003710) 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის (პ.ნ.01025001809) 18%-ის, შპს „ტელეკომპანია საქართველოს“ (ს.კ.206074291) 51%-ის და ნინო ნიჟარაძის (პ.ნ.01009001438) 9%-ის წილების რეგისტრაციის გაუქმებას და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” (ს.კ.211352016) წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის (პ.ნ.61002000543) 60%-ის და შპს „პანორამას“ (ს.კ.205033328) 40%-ის ცნობას.

მე-5 სასარჩელო მოთხოვნას რაც შეეხება, ქიბარ ხალვაში შემდეგი ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საკითხს აყენებდა:

ა) 2005 წლის 26 დეკემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „საქცემენტს“ (ს.კ. 230866435) (ამჟამინდელი შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს „რუსთავი 2ის“ მისი კუთვნილი 60% წილიდან 22% გადაუფორმა შპს „საქცემენტს“ (ს.კ. 230866435).

ბ) 2006 წლის 17 ნოემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „გეო-ტრანს“ (ს.კ. 204504401) შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს „რუსთავი 2ის“ საწესდებო კაპიტალის 38% გადაუფორმა შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401);

გ) 2006 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, გაფორმებული შპს „პანორამა“–ს (ს.კ. 205033328) და შპს „გეო–ტრანს“ (ს.კ. 204504401) შორის, რომლითაც განხორციელდა შპს „რუსთავი 2“–ის 40%–ის გადაფორმება შპს „გეო–ტრანს“–ზე (ს.კ. 204504401); როგორც იძულებითი და ამორალური გარიგებები.

Leave A Reply

Your email address will not be published.