ქიბარ ხალვაში: ყველაფერი სააკაშვილის მიერ არის ინსპირირებული, ხალხი ბარიკადებზე სააკაშვილის ინტერესების დასაცავად დგას

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესები სააკაშვილის მიერ არის ინსპირირებული და ის ხალხი,  ვინც  „რუსთავი 2“-ის დასაცავად იბრძვის, სააკაშვილის ინტერესებს იცავს.

როგორც ხალვაშმა „იმედს“ განუცხადა, ის არცერთი თანამშრომლის გაშვებას არ აპირებს, თუ ეს მათი სურვილი არ იქნება.

„ეს ყველაფერი სააკაშვილის მიერ არის ინსპირირებული და ის ხალხი ბარიკადებზე მხოლოდ სააკაშვილის ინეტერესების დასაცავად დგას. მე არ მითქვამს, რომ ვყიდი ან ვაპირებ უახლოეს მომავალში, მაგრამ ვერ შეგპირდებით, რომ მთელი ცხოვრება „რუსთავი2“-ის მფლობელი ვიქნები. იმიტომ, რომ ბიზნესი წარმატებული და მომგებიანი იქნება თუ არა, უნდა შევაფასო.

მერე თუ ვინმე უფრო წარმატებული იქნება, მას მივყიდო. ჩვეულებრივი კომერციაა. ვისაც წასვლა უნდა ყველა წავა, ვინც დარჩენას გადაწყვეტს არ გავუშვებთ. კომერცია წარმატების საწინდარია, ამიტომ რეიტინგი აუცილებელია, ეს გუნდი პროფესიონალია და მათ არავინ გაუშვებს“, -განაცხადა ხალვაშმა.

უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ 100%-იანი წილის მფლობელია. განჩინების მიხედვით, „რუსთავი 2-ის” 60%-იანი წილის მესაკუთრედ ცნობილია ხალვაში, ხოლო 40% კი მის კუთვნილ შპს „პანორამას“ გადაეცა. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, გაუქმდა ყარამანიშვილების წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

“უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება”, – ნათქვამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

Comments
Loading...