„ქონების წართმევებში ყველაზე დიდი „ღვაწლი“ ტელეშოუმენ ნიკა გვარამიას მიუძღვის!

„რუსთავი 2“-ის საქმემ „ნაციონალებისგან“ დაზარალებულებს იმედი გაუჩინა, რომ სამართლიანობა შერჩევითი აღარ იქნება და მათთვისაც აღდგება.

ყოველ შემთხვევაში, ქართველ ენერგეტიკოსთა ჯგუფი, რომელიც მიშას ხალხმა ორჯერ გააკულაკა, იმედოვნებს, რომ სამართალდამცავი უწყებები, სხვა თუ არაფერი, მინიმუმ, იმ განცხადებების შესწავლას მაინც დაიწყებს, რომლითაც მთავარ პროკურატურას ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბერში მიმართეს. სხვათა შორის, ქართველ ინვესტორთა ეს ჯგუფი ერთ-ერთი პირველი იყო ქართულ ენერგეტიკაში, ვისაც ნაცებმა ბიზნესი წაართვეს, ლაპარაკია კომპანია „ჟინერზე“, რომელიც ჟინვალჰესს 1993 წლიდან, 25-წლიანი ლიზინგის უფლებით ფლობდა. ქონების წართმევის მეორე ეპიზოდი ორთაჭალჰესს უკავშირდება, რომელიც შედარებით გვიანდელია და 2007-2008 წლებით თარიღდება. „ქონების წართმევებში ყველაზე დიდი „ღვაწლი“ ტელეშოუმენ ნიკა გვარამიას და კახა დამენიას მიუძღვის _ ყველაფერს ეგ და დამენია „აპრავებდნენ“, რომელიც „რუსთავი 2“-ში მოადგილედ ჰყავს და დღეს რა მორალით ითხოვს, რომ გვერდით დავუდგეთ?“ _ რიტორიკულად კითხულობს ბიზნესმენი თემურ ჭიჭინაძე, რომელსაც გარკვეული კითხვები „ოცნების“ მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილთანაც აქვს და რომელიც ამ თემებზე საჯაროდ, „ვერსიის“ თხოვნით, პირველად ლაპარაკობს.
_ პირველ რიგში, მივესალმები მოსამართლის გადაწყვეტილებას და ხალვაშს, აქიმიძეს და დვალს ვულოცავ სამართლიანობის აღდგენას. იმედია, ეს პირველი და უკანასკნელიარ იქნება. ქონების წართმევის ერთ-ერთი პირველი ფაქტი შპს „ჟინერს“ ეხებოდა, რომელსაც ჟინვალჰესი გრძელვადიანი იჯარით ჰქონდა აღებული და რომელშიც მრავალმილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. სხვათა შორის, ენერგეტიკის დარგში „ჟინერი“ ერთ-ერთი პირველი ქართული ოპერატორი იყო _ რამდენიმე მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა, ელექტროენერგიის
წარმოება ორჯერ გაიზარდა, მინიმალური ტარიფით 1,83 თეთრი. დედაქალაქს წყალი უფასოდ მიეწოდებოდა.
„წართმევის ოპერაცია“ 2004 წელს დაიწყეს და 2005-ში დაამთავრეს. მაშინ ბიზნესის „ახევის“ „კლასიკური სცენარი“
ჯერ შემუშავებული არ ჰქონდათ. უბრალოდ, მე _ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური
დირექტორი, ემზარ ჩაჩხიანი დაგვაკავეს.
_ ბატონო თემურ, „ჟინერ“- ჟინვალჰესთან დაკავშირებით პროკურატურაში განცხადება, როგორც ვიცი, 2012 წლის ოქტომბერში შეიტანეთ. გამოძიების კუთხით, სიახლე არაფერია?
_ არა. არადა, ხელისუფლების შეცვლისთანავე, ფინანსური პოლიციაში დირექტორი დაიბარეს და გვთხოვეს, საჩივარი შეგვეტანა. გამომძიებელმა ჭალიძემ გამოძიება ბრწყინვალედ დაიწყო, მაგრამ ყველაფერი 3-4 თვეში გაჩერდა.
_ გამოძიების გაყინვაში, სხვების მსგავსად, თქვენც კბილაშვილ-ნაცვლიშვილს ადანაშაულებთ?
_ დიახ, თავიდან ბოლომდე. ეს ტანდემი იყო: კბილაშვილი თავისი უმოქმედობით, ნაცვლიშვილი კი მაქინაციებით.
_ თქვენი აზრით, ნაცვლიშვილს რა ინტერესი ჰქონდა, რომ გამოძიება გაეყინა?
_ ამის თქმა რთულია, მაგრამ ფაქტია: გამოძიება „გაჭედა“. არადა, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, პირდაპირ უგულავას დანაშაული იკვეთება: ჩაჩხიანს თავისუფლება 4 საათით უკანონოდ აღუკვეთა.
_ სასამართლოს არც „ორთაჭალჰესის“ წართმევაზე მიმართეთ?
_ აუქციონი რომ ჩატარდა, საქმე უკვე სასამართლოში იხილებოდა, მაგრამ ამასაც არ დაელოდნენ. ეს საქმე ათ მოსამართლეს აქვს განხილული _ დავით ღიბრაძემ, ეცადაშვილმა, ლეკვეიშვილმა, აბუსერიძემ, სოსო ღურწკაიამ, თამარ ალანიამ და ბოლოს, ნათია ხამხაძემ ერთნაირი, თითქოს ერთი ხელით დაწერილი გადაწყვეტილება გამოიტანეს. რომელ სასამართლო დამოუკიდებლობაზეა ლაპარაკი, როცა ისევ ძველი გუნდიდან იმართებიან. ასევე საინტერესოა არასამთავრობოებისა და დიპკორპუსის მაშინდელი პოზიცია _ სიჩუმე და ეს მაშინ, როცა დღეს „რუსთავი 2“-ს დასაცავად ერთი ამბავია ატეხილი. მიმაჩნია, რომ მოსამართლე ურთმელიძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როცა წართმეული ქონება დაუბრუნა ძველ მეპატრონეებს. ქონება ჩვენც წაგვართვეს. მეტიც, იმ ქონებიდან, რომელიც ჩვენი, ქართველი ინვესტიციებით არის შექმნილი და დღესაც „ორთაჭალენერჯის“ ბალანსზეა, „ენერგო პრო“ ფლობს და, ჩვენი ქონების ხარჯზე, უკანონო შემოსავლებსაც ღებულობს. ფინანსურ პოლიციას აღნიშნულ საკითხზეც დაწყებული აქვს გამოძიება, მაგრამ სამწუხაროდ, ესეც თაროზე შემოიდო.
_ ესე იგი, ორთაჭალჰესთან დაკავშირებითაც, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილის, ნაცვლიშვილის შესაძლო კორუფციულ ინტერესებამდე მივდივართ?
_ ალბათ… ამ შემთხვევაში, საქმე, მინიმუმ, ფულის გათეთრებასთან გვაქვს… ყოველი ახალი მთავარი პროკურორის დანიშვნისას, ჩვენი ადვოკატები შედიან შუამდგომლობით, რომ გამოძიება განახლდეს, მაგრამ არავითარი პასუხი ანუ პრეცედენტს არ ქნიდნენ. „რუსთავი 2“-ის საქმემ კი იმედი გააჩინა, რომ ჩვენი საქმეებიც უნდა მივიდეს ლოგიკურ დასასრულამდე.
_ ბატონო თემურ, იმ შემთხვევაში, თუკი თქვენი საქმის გამოძიება ახლაც არ განახლდება, ხომ არ ჩათვლით, რომ „ოცნების“ ცალკეული მაღალჩინოსნები ბლოკავენ? მით უმეტეს, სხვა ინტერვიუებში ნოღაიდელისა
და „ოცნებელების“ კავშირებზე არაერთხელ მიგინიშნებიათ…
_ სამი წელია, ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ჩვენ კერძო დავებზე ხმა არ ამოგვიღია. ორთაჭალჰესი „ენერგო პრომ“ წაიღო, რომლის უკანაც, ვიცით, ვინც დგას ნოღაიდელ- მერაბიშვილის გუნდი. ნოღაიდელი კი ვისი პარტნიორია? ქართულ ენერგეტიკას დღესაც ეს მაფია აკონტროლებს და ჩვენი საქმეც გაჩერებული ამიტომაა. ისე, ახალი პროკურატურამ შეცდომა დაუშვა _ სადავო ქონებაზე თავიდანვე მონიტორინგი უნდა ჩატარებულიყო, რადგან გადაყიდვები არ მომხდარიყო. ესეც რომ არა, პასუხი სახელმწიფომ ან მესამე და მეოთხე კეთილსინდისიერმა მყიდველმა კი არა, მათ უნდა აგონ, ვინც ქონება წაიღო.

Leave A Reply

Your email address will not be published.