ქრისტე, რომელიც არ დაბადებულა – ეკა კუხალაშვილის ბლოგი

როდესაც რელიგიაზე მეკითხებიან, ვის და რას ვირჩევ, ვამბობ, რომ მას ვინც ყველაფერი გაიღო ჩემთვის. ეგოიზმის ამბავია – ის მინდა, ვინც თავისთვის არაფერს იტოვებს და ყველაფერი ჩემთვის ემეტება…

ერთი ესპანური ზღაპარია სამ ძმაზე, რომელთაც ერთი ქალი უყვარდათ. ქალი მათ შორის არჩევანს ვერ აკეთებდა. ბოლოს ძმებმა გადაწყვიტეს მსოფლიო მოევლოთ და რაღაც ისეთი შეეძინათ, რაც მათ გამორჩეულს და ერთადერთს გახდიდა.

პირველმა ძმამ ჯადოსნურ სარკეს მიაგნო, მეორემ ჯადოსნური ხალიჩა ჩაიგდო ხელში, მესამემ – ჯადოსნური ვაშლი, რომელიც ყველა დაავადებას კურნავდა. ბოლოს ძმები შეიყარნენ და უფროს ძმას თხოვეს ჯადოსნური სარკით ეჩვენებინა მათი საყვარელი ქალი. სარკემ აჩვენა, რომ ქალი სასიკვდილოდ იყო დაავადებული, შეშფოთებულმა ძმებმა შუათანას თხოვეს ქალთან გადაყვანა. ჯადოსნურმა ხალიჩამ მათ ეს სურვილი აუსრულა. ძმებმა ქალს ცოცხალს მიუსწრეს, მესამე ძმამ ჯადოსნური ვაშლი მიაღებინა, რის შემდეგაც ქალი განიკურნა.

გამოჯანმრთელებულს თხოვეს, რომ ბოლოსდაბოლოს გაეკეთებინა არჩევანი. ზღაპარი გვეკითხება ვინ უნდა აირჩიოს ქალმა? პასუხსაც გვთავაზობს – ვაშლის პატრონი. არა იმიტომ, რომ ვაშლი მისი მნიშვნელობით ხალიჩას და სარკეს აღემატება, არამედ იმიტომ, რომ ძმებს შორის ყველაზე დიდი მსხვერპლი ვაშლის პატრონმა გაიღო. სხვებს ყველას დარჩა მათი ძვირფასი ნივთები, ვაშლის პატრონმა კი ყველაფერი გასცა, რაც გააჩნდა – ჯადოსნური ვაშლი შეიჭამა, აღარ არსებობს.

სამაგიეროდ არსებობს სხვა ისტორია, სადაც კიდევ უფრო მეტი გაიღეს, რადგან რაც უნდა გავცეთ და უკიდურესად გამოხატურლი იყოს ჩვენი ხელგაშლილობა, ერთ რამეს მაინც ვიტოვებთ – სიცოცხლეს. თუმცა იმ ცნობილ ისტორიაში სიყვარულის სახელით სიცოცხლეც დათმეს…

როდესაც რელიგიაზე მეკითხებიან, ვის და რას ვირჩევ, ვამბობ, რომ მას ვინც ყველაფერი გაიღო ჩემთვის. ეგოიზმის ამბავია – ის მინდა ვინც თავისთვის არაფერს იტოვებს და ყველაფერი ჩემთვის ემეტება…

ჰოდა, ის ვინც თავისთვის არაფერი დაიტოვა, 2000 წლის წინ ბეთლემში დაიბადა. მის დაბადებას სხვადასხვა კალენდრით აღნიშნავს მსოფლოს გვარიანი ნაწილი. თუმცა, აღნიშვნების მთელ ამ ციკლში ცივ წყალს გვასხამს ერთი (სავარაუდოდ) ბრძენი კაცი (მე მგონი) სილეზიუსი “ქრისტე ათასჯერაც რომ დაბადებულიყო ბეთლემში რა აზრი აქვს, თუკი ჩვენს გულში არ დაიბადაო”.

ქრისტეს ბეთლემში დაბადება საკმარისი არ ყოფილა. იგი რეალურად მხოლოდ გულში იბადება (უფრო მეტიც, შეიძლება იგი საერთოდაც არ დაბადებულიყო ბეთლემში, მაგრამ გულში მის დაბადებას ეს ხელს არ შეუშლიდა).

მაგრამ, თუკი სილეზიუსი მართალია, მაშინ ქრისტე, მისი სახელით მოქმედ ბევრ საკრებულოსა და ორგანიზაციაში ჯერ არ დაბადებულა. ყოველ შემთხვევაში საქართველოში ასე ჩანს.

მართალია გულში დაბადება ფრიად პირადი ამბავი და პიროვნული გამოცდილებაა, მაგრამ გულშიდაბადებულ ქრისტეს დიდხანს ვერ დამალავ, იგი აუცილებლად გამოჩნდება. არადა ქრისტე არ ჩანს, არ ჩანს იმდენი სასულიერო პირის, ეკლესია-მონასტრის, რელიგიური დაწესებულების, მრევლის, მომარხულის, ჭკუის დამრიგებლის, ღმერთის სახელის მხმობელის, ხატის, ჯვრის, პირჯვრის წერის და პირჯვრისმწერლის არსებობის მიუხედავად.

მავანნი გვარწმუნებენ, რომ მონასტრებში დიდ სიკეთეებს ჩადიან, მაგრამ მონასტრების გარდა სიკეთის ჩადენის ოფიციალური ვალდებულება მათი სტატუსით იმდენს გააჩნია, რომ ეს სიკეთეები, თუკი მართლა ჩადიან, ციურ მანანასავით უნდა გვეყრებოდეს, მათ ყველგან უნდა ვგრძნობდეთ, ყველა მხრიდან გვესმოდეს.

რაც უნდა უმალონ მარცხენას საქმეები მარჯვენას, ეს საბოლოოდ მაინც არ დაიმალებოდა, ისევე როგორც არ იმალება მთის წვერზე მდებარე ქალაქი და არც სანთელი იდება საწოლის ქვეშ. სიკეთე გამოჩნდებოდა, თუნდაც სტატისტიკაში, 50 ათას მშიერ ბავშვსა და ნახევარ მილიონამდე სოციალური დახმარების მომლოდინეში. ამ ციფრებს სიკეთეები, სახელმწიფოს მიერ გადმოცემულ მილიონებზე უარის თქმა და ეკლესიების მხრიდან გადახდილი გადასახადები შეამცირებდა.

“ქრისტე არ დაბადებულა” იმიტომაც, რომ შესაძლებელია არც უნდათ მისი დაბადება. ასე რომ არ იყოს, სინოდი თავის დროზე არ მიიღებდა ჰეროდესავით გადაწყვეტილებას – ყველა მოუნათლავი ჩვილების ჯოჯოხეთში გაგზავნის თაობაზე.

რადგან “ქრისტე ჯერ არ დაბადებულა” ამიტომ გასაკვირიც არაა, რომ საქართველოში შობა ვერ იქცა, თუნდაც ახალი წლის ტოლ დღესასწაულად. აღდგომის აღნიშვნა გაცილებით პომპეზურია, თუმცა აქაც სიკვდილის და გარდაცვლილების ნაწილი რჩება უფრო მნიშვნელოვნად, თავად აღდგომა გაურკვეველი დანამატია.

ქრისტე რომ არ დაბადებულა ამაზე ბევრი რამე და ვინმე მიგვანიშნებს და ეს განსაკუთრებით გვაღიზიანებს. მზად ვართ მოვაშთოთ ყველა მიმნიშნებელი, დასამახსოვრებელი აუტოდაფე მოვუწყოთ, ნაკურთხი მუშტები და ტაბურეტები გამოვიყენოთ და ასე ამოვუფერთხოთ თავიდან ეს მცდარი შეხედულება.

არადა ქრისტეზე სხვანაირ ისტორიებს ყვებიან, იქამდე წარმართული ზღაპრებიც სხვა რამეს ყვება. დოსტოევსკიც სხვა რამეს ამბობს და დამბლდორიც – სილამაზეო, სიყვარულიო, მაგრამ სილამზესაც და სიყვარულსაც ერთი რამ ჭირდება – გულში დაბადება. რადგან ყველა ისტორია დაბადებით იწყება.

Comments
Loading...