ქუმსიშვილი ლარის კურსზე – არ არის ეს ამ ხელისუფლების ბრალი

ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მოკლევადიან პერიოდში ლარის დასტაბილურებისთვის საჭირო ინსტრუმენტები განმარტა.

როგორც მან გადაცემა „არჩევანში“ აღნიშნა, მოკლევადიან პერიოდში სახელმწიფოს შეუძლია, ინტერვენციები განახორციელოს და ფულის მასა შეამციროს.

„ინტერვენციების გაკეთება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თუ კურსი აჩვენებს, რომ ჩვენ კიდევ უფრო უნდა გავუფასურდეთ და მეორე – ფულის მასის შემცირების შემთხვევაში, ეკონომიკა შემცირდება. პარასკევსაც და დღესაც ეროვნულმა ბანკმა გამოიტანა და 20-20 მლნ დოლარი გაყიდა, რაც სწორედ ის პასუხია, რაც მოკლევადიან პერიოდში სახელმწიფოში ინსტრუმენტების სახით არსებობს. მეტი ინსტრუმენტი არ არსებობს“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რაც შეეხება საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში ლარის დასტაბილურების საკითხს, ქუმსიშვილმა განმარტა, რომ ფულის მასის შემცირება ეკონომიკის შემცირებაზე პირდაპირ აისახება, თუმცა მისი თქმით, ამას მოსახლეობისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

ქუმსიშვილის განმარტებით, გაცილებით უფრო დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა, მაგალითად, აზერბაიჯანმა სავალუტო რეზერვებიდან ათი მლრდ აშშ დოლარი დახარჯა, თუმცა ეროვნული ვალუტის 105%-იანი გაუფასურება აქვს.

„2014 წლის ნოემბრიდან ევრო დოლართან მიმართებაში გაუფასურებულია 15.29%-ით. სინამდვილეში ეს ევროკავშირისთვის კონკურენტული უპირატესობის მოპოვება იყო, იმიტომ, რომ მათი ეკონომიკა უფრო რეალიზებადი გახდა, თუმცა ჩვენ ქვეყანაში ეს ასე არ არის. ჩვენ არ გვაქვს ადგილობრივი წარმოება და მის განვითარებაზე არავინ ზრუნავდა. ამიტომ, არ არის ეს ამ ხელისუფლების ბრალი, რადგან ადგილობრივი წარმოების განვითარებას დრო და ენერგია სჭირდება“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, მოქმედმა მთავრობამ ადგილობრივი წარმოების განვითარებისთვის რამდენიმე პროექტი დაიწყო, რომელთა შორის „აწარმოე საქართველოშია“.

ეროვნული ბანკის მიერ დღეისთვის დადგენილი ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარი 2.4984 ლარი ღირს.

ოპოზიცია აცხადებს, რომ ლარის კურსის გაუფასურებაზე პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებასა და ეროვნულ ბანკს ეკისრება, რასაც მმართველ გუნდში არ იზიარებენ.

Comments
Loading...