ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლებს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს აცნობს.
როგორც მან ფრაქციის სხდომაზე განაცხადა, დღეს ტურიზმი 2 მლრდ 100 მლნ-ს აგენერირებს, რაც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავალია.
„როგორ დაეტყო ეს ჩვენს მოსახლეობას“ – მიმართა კითხვით „პატიორთა ალიანსის“ წევრმა ადა მარშანიამ მინისტრს, რაზეც ქუმსიშვილმა უპასუხა, რომ ტურიზმი დღეს 170 ათას ადამიანს ასაქმებს.
მინისტრმა ერთი მაგალითიც გაიხსენა, რომელიც უშგულში პირადად შეემთხვა.
„სვანეთში მარიამობის შეხვედრა მიყვარს. უშგულში არის ერთი მშვენიერი ეკლესია. შარშან იქ ოჯახთან ერთად ვიყავი. უშგულში ყველა სახლს აწერია სასტუმრო – „გესთ ჰაუსი“. ერთ სახლში გავჩერდით, ბევრნი ვიყავით, ძალიან მოვილხინეთ. დილით ჩამოვედი და ბავშვებისთვის მოვინდომე სუვენირების შეძენა. ბრჭყვიალა ქვა კაჟი, რომელიც მდინარეს ჩამოაქვს, 20 ლარი ღირს. ხელით გამოთლილი პატარა სვანური კოშკიც 20 ლარი ღირს.
სამი შილი მყავს – ორი პატარა, ერთი უფროსი. ჯიბიდან ფული ამოვიღე და იმისთვის, რომ ორივესთვის მეყიდა, ფული გადავიხადე და ძალიან გამიხარდა. იცით, რა გამეხარდა? ახლა უნდა ავდგე, მაგრამ არ ვიცი როგორ გამოჩნდება. როდესაც ქალბატონს ასლარიანი გავუწოდე, მან ჯიბიდან ბღუჯა ამოიღო, ქალბატონო ადა. სიამოვნებისგან ახლაც ტანში მაჟრიალებს. ის ქალი კინაღამ დავკოცნე. ეს არის ტურიზმის გავლენა.
მიზნობრივ ბაზრებზე როცა მოხვდებით, ძალიან ბევრი, ვინც შეგხვდებათ, გეტყვით, რომ საქართველოს შესახებ ძალიან კარგ გადაცემას ვუყურე – უი, რა კარგი ქვეყანა ყოფილა, საქართველო გახდა ძალიან ტრენდული, რომ ჩვენ წამოვიდეთო. ქალბატონო ადა, ეს თავისით არ ხდება. ეს არის ის 30 მილიონი. ჩვენ ძალიან წამყვანი ტელეკომპანიები, ჟურნალისტები ჩამოგვყვავს, გადაცემებს ვაკეთებინებთ და ეს ბიუჯეტი თავიდან ბოლოდმე გაწერილია“, – მიმართა ქუმსიშვილმა ადა მარშანიას.