“ტორპედო” კიდევ რვა მოთამაშემ დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „ტორპედოს“ ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა, სადაც ასევე ვკითხულობთ, რომ ბოლო პერიოდში გუნდს 11 მოთამაშე გამოაკლდა.
„როგორც იცით, ცოტა ხნის წინ “ტორპედო” სამმა ფეხბურთელმა დატოვა – იურგენ კოლინმა,გუგა ფალავანდიშვილმა და ოთარ კვერნაძემ. გუნდიდან წასულთა რიცხვს კიდევ რვა მოთამაშე დაემატა. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე კლუბთან შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუგრძელდათ მეკარე მამუკა ქვილითაიას, მცველ გიორგი ნერგაძეს, ნახევარმცველებს ალექსი ბენაშვილს, ვანო წილოსანს, ავთო ენდელაძეს, ზაურ გოგუაძეს, ცოტნე მესხს, თავდამსხმელ ვახტანგ კვარაცხელიას.
ს.კ. “ტორპედო” ყველა მათგანს მადლობას უხდის გაწეული სამსახურისთვის და კარიერაში წარმატებებს უსურვებს“-ვკითხულობთ განცხადებაში.
კლუბის პრესსამსახურის იუზა კაციტაძის განცხადებით, წასვლის მიზეზი ხელშეკრულების დასრულება გახდა. მისივე განმარტებით, კლუბმა ფეხბურთელებთან ხელშეკრულება არ გააფორმა, რაც ორმხრივი შეთანხმებით მოხდა.
„ჩამოთვლილი ფეხბურთელები სათადარიგო მოთამაშეები იყვნენ, რომელთაც იშვითად უწევდათ თამაში. ამიტომ აღარ გავაგრძელეთ ხელშეკრულება. ძირითადი შემადგენლობიდან მხოლოდ გუგა ფალავანდიშვილი წავიდა, რისი მიზეზიც საზღვარგარეთ კარიერის გაგრძელება გახდა, თუმცა იგეგმება სხვა ფეხბურთელების დამატება“-აცხადებს იუზა კაციტაძე.
ამავდროულად „ტორპედოსთან“ ხელშეკრულება ფეხბურთელმა ბიძინა მახარობლიძემ გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედო“ ამ დროისთვის ინვესტორის გარეშეა დარჩენილი. მას მომავალი წლიდან ქუთაისის მერიაც არ დააფინანსებს. კლუბის აუქციონზე გაყიდვა მოხდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
წყარო : newpress.ge