ქუთაისის ციხეში 17 წლის პატიმარი შიმშილობას აცხადებს

ქუთაისის ციხეში 17 წლის პატიმარი შიმშილობს, აღნიშნულ ინფორმაციას ლიანა ლომთაძე ავრცელებს. მისი განცხადებით, მისი შვილიშვილი, არასრულწლოვანი შამილ კბილაშვილი უდანაშაულოა და სასჯელს ტყუილად იხდის. როგორც ლიანა ლომთაძე აცხადებს, 11 მარტს მისი შვილიშვილი და კიდევ ერთი ახალგაზრდა პოლიციამ დააკავა და ბრალად კუპრაძის ქუჩაზე სახლში შეპარვა და  ქურდობა დასდო.

„მარტში დააკავეს ჩემი შვილიშვილი, თითქოს სახლი გაქურდა. მასთან ერთად დააკავეს ვინმე ზოსიაშვილი, ერთი პირი კი გაიქცა. პოლიცია ითხოვს, ვუთხრათ ამ პიროვნების ადგილსამყოფელი მაშინ, როდესაც თავად კარგად იციან, ვინც არის. მაგრამ რატომღაც არ ეძებენ, ძებნაც კი არაა გამოცხადებული. სასამართლოზე მოიტანეს ნივთები, რომლებიც თითქოს ამ ბინიდან წაიღეს, ეს ნივთებია სათამაშო და ბავშვის მცირე ზომის ჩანთა, რაც სასაცილოა, რად უნდოდათ მათ ეს ნივთები?. ასევე პოლიცია აცხადებდა, თითქოს მათი  მიერ მოპარული კომპიუტერის გადაგდება მოხდა.  ახლა ჩემი არასრულწლოვანი შვილიშვილი შიმშილობს. არ ვიცი მისი მდგომარეობა, არ მაძლევენ ნახვის უფლებას“,-აცხადებს ლიანა ლომთაძე “ნიუპრესთან” საუბარში.

დაკავებული შამილი კბილაშვილის სასამართლო ხვალ გაიმართება. ბებია დახმარებისთვის ხელისუფლებას მიმართავს, რომ მოხდეს მისი საქმის გამოძიება და გირაოს სანაცვლოდ  გათავისუფლება. ის ქუთაისში ავტოქარხნის ციხეში იმყოფება.

„მივმართავ მთავრობას, ადგილობრივ ხელისუფლებას, დამეხმარონ, გამოიძიონ ეს საქმე და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ ჩემი შვილიშვილი. ნუ გაიმეტებენ ციხისთვის, ვინაიდან უდანაშაულოა, არასოდეს ყოფილა ნასამართლევი და ნუ გააფუჭებენ ბავშვს, ნუ გაუშვებენ ციხეში, სახლში მეყოლება. დააკისრონ გირაო და რამდენიც იქნება, გადავიხდი“,- აცხადებს ლომთაძე. ის მერიის აიიპ „სპეციალურ სერვისებში“ დასუფთავების  თანამშრომელია.

 

Comments
Loading...