რა არის ფემინიზმი? შეიძლება თუ არა, რომ კაცებიც იყვნენ ფემინისტები?

1.რა არის ფემინიზმი? შეიძლება თუ არა, რომ კაცებიც იყვნენ ფემინისტები?

პირველ რიგში უნდა გავიგოთ ის, თუ რას მოიაზრებს ცნება – ფემინიზმი.

ფემინიზმი სხვადასხვა რამ შეიძლება იყოს იმის მიხედვით, თუ ვინ ხარ და რას წარმოადგენ.

ამიტომ, ფემინიზმზე საუბრისას მნიშვნელოვანია ის, რომ ვიცოდეთ თუ რას ვგულისხმობთ და როგორ განვმარტავთ მას.

არსებობს ფემინიზმის არაერთი დეფინიცია და ის, თუ როგორ ესმით ადამიანებს ეს ცნება. თუმცა, შესაძლებელია ამ განმარტებების ორ ზოგად კატეგორიად დაყოფა:

პირველი: ფემინიზმი არის მოძრაობა ქალებისთვის და ქალების შესახებ.

ზოგი ფემინისტისთვის ეს ქალების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ბრძოლაა. ამგვარად, ფემინიზმი არის მოძრაობა, რომლის მიზანია გენდერული თანასწორობის მიღწევა სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში.

ფემინიზმის ყოველი ტალღა იყოფა კიდევ რამდენიმე შრედ და საზოგადოების მარგინალურ ჯგუფებს მოიცავს. თუმცა, მის საფუძვლად ფემინიზმის – როგორც ქალებისთვის და ქალების მიერ წარმოებული მოძრაობის გაგება რჩება. (ტრანსგენდერი ქალების ჩათვლით)

რაც შეეხება კაცებს, მათ შესაძლებელია ჰქონდეთ თავიანთი როლი ამ მოძრაობაში, მაგრამ მეტწილად კაცების ურთიერთობა და ფემინიზმთან მიმართება გაგებულია, როგორც მოკავშირეობა და სოლიდარობა.

მეორე: ფემინიზმი, როგორც მოძრაობა სამართლიანობისათვის.

პატრიარქატი განსხვავებულად, მაგრამ ვნებს ყველას, როგორც ქალებს ასევე სისგენდერ კაცებსაც.

სისგენდერი: ინდივიდი, რომლის თვითიდენტიფიკაცია შეესაბამება მის გენდერს, რომელიც მისი ბიოლოგიური სქესის შესაბამისია. ეს ტერმინი არ მოიცავს ტრანსგენდერს .

ამგვარი გაგებით, ფემინიზმი არის მოძრაობა, რომლის მიზანი სისტემურ და ინსტიტუციონალურ ჩაგვრასთან ბრძოლაა, რაც არათანაბრად მოქმედებს საზოგადოების სხვადასხვა მარგინალურ ჯგუფზე, უფრო ხშირად კი – ქალებზე.

ამავე გაგებით, ფემინიზმი არის მოძრაობა, რომელშიც მოიაზრებიან ყველა გენდერის ადამიანები, რომელთაც სურვილი აქვთ პატრიარქალური ოპრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაერთონ.

ამგვარად ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი კაცები იყვნენ ფემინისტები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ესმით მათ ფემინიზმის როლი სამართლიანობის მიღწევის თვალსაზრისით.

2.რა არის პატრიარქატი?

ზოგადი გაგებით, პატრიარქატი მოიაზრებს სისტემებს და სოციალურ ნორმებს, რომლებიც სისგენდრი კაცების მიერ სისგენდერი კაცებისთვისაა შექმნილი. რის შედეგადაც, ეს სისტემები და ნორმები არასისგენდერი კაცების მარგინალიზებას და ჩაგვრას ახდენენ.

3.მაშინ ვისთვისაა ფემინიზმი?

გარკვეულწილად, ეს განსხვავდება იმის მიხედვით, თუ ვის დაუსვამთ ამ კითხვას:

ჩვენი რწმენით, ფემინიზმი ყველასთვისაა (თუ ჩვენ ანგარიშვალდებულად ვთვლით თავს მარგინალური ჯგუფების წინაშე).

გენდერული თანასწორობის მისაღწევად სხვადასხვა სახის მოძრაობები არსებობს, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ რასის, ეთნიკურობის, კლასის ინტერსექციაზე (მაგ. მესამე მსოფლიოს ფემინიზმი, და Womanism). თუმცა, თანამედროვე ფემინისტური მოძრაობა, რომელშიც ჩვენ მოვიაზრებთ თავს, ინტერსექციული და ინკლუზიური მოძრაობაა.

ამგვარად, ზოგისთვის ფემინიზმი სოციალური სამართლიანობისთვის ინკლუზიური, ინტერსექციური მოძრაობაა, რომელიც ყურადღებას მარგინალურ და ჩაგრულ ჯგუფებზე ამახვილებს.

ზოგისთვის კი ფემინიზმი მოძრაობაა, რომელიც მხოლოდ სისგენდერი ქალებისთვისაა. განსაკუთრებით კი თეთრკანიანი ქალების საკითხებზე კონცენტრირდება.

ასეთი გაგებით, მოძრაობა სულ არ არის ინკლუზიური.

მაგალითად, ფემინისტური ჯგუფის TERF-ის (Trans-Exclusionary Radical Feminist) წევრებს მიაჩნიათ, რომ ისინი ფემინისტები არიან, მაგრამ მათი ბრძოლა ინკლუზიური, ინტერსექციული, ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული არ არის. (მათი აზრით ტრანსი ქალები არ არიან ქალები, და არ მოიაზრებენ თავიანთი ბრძოლის ნაწილად ტრანსგენდერი ადამიანების ოპრესიის წინააღმდეგ ბრძოლას).

რაც შეეხება ჩვენს გუნდს (Everyday Feminism), ჩვენი ბრძოლა ქალებზე, საზოგადოების არაბინარულ, მარგინალურ, ჩაგრულ ჯგუფებზე კონცენტრირდება, რომლებიც რასის, კლასის, უნარების, რელიგიის, სექსუალური იდენტობის, მოქალაქეობის თუ სხეულის ზომის გამო განიცდიან ჩაგვრას.

4.ფემინიზმი კაცების ზიზღს არ გულისხმობს?

მარტივი პასუხი: არა

ფემინისტებს არ სძულთ კაცები. მათ სძულთ კაცების პრივილეგია და ის სისტემები, რომლებიც ამ პრივილეგიებს ქმნიან. რა თქმა უნდა, ყველა კაცი არ არის ასეთი, მაგრამ ყველა კაცი სარგებლობს კაცებისთვის შექმნილი პრივილეგიებით.

ფემინიზმის მიზანი იმ სისტემების გამოაშკარავებაა, რომლებიც გენდერული იდენტობის გამო ჩაგრავენ ადამიანებს და რომლებიც პრივილეგიებს სისგენდერ კაცებს ანიჭებენ.

კაცების როლი მნიშვნელოვანია ამ სისტემების დამხობაში.

მიუხედავად ამისა, ძალიან ბევრ კაცს მიაჩნია, რომ ფემინისტებს სძულთ კაცები.

5.შემიძლია თუ არა საკუთარ თავს ვუწოდო ფემინისტი, თუ კაცი ვარ?

კაცებმა ფემინისტის იარლიყი უნდა დაიმსახურონ და ამგვარი კატეგორიზება ქალებმა უნდა განახორციელონ. გარდა ამისა, კაცები მუდმივად უნდა ცდილობდნენ ამის დამსახურებას და შენარჩუნებასაც.

მნიშვნელოვანია, რომ ყოველდღიურად პრაქტიკაში განახორციელონ ეს. ფემინისტად ყოფნა არ არის მარტივი, ეს ერთგვარი გამოწვევაცაა. ფემინისტური სივრცის ნაწილად ყოფნა მავნე პატრიარქალურ იდეებსა და ჩვევებზე უარის თქმას მოითხოვს.

ფემინისტურ წრეებში ყოფნისას, მნიშვნელოვანია, რომ კაცებმა უკანა რიგები დაიკავონ და ყურადღებით მოუსმინონ ქალებს, მათ პრობლემებს. თან იფიქრონ იმაზე, რა იქნება პროდუქტიული იმისათვის, რომ საკუთარი პრივილეგიები ეჭვქვეშ დააყენონ და ამავდროულად მოძრაობას მხარი დაუჭირონ.

იარლიყებსა და კატეგორიზაციაზე მეტად მნიშვნელოვანია ის, თუ რა ქმედებებს ახორციელებ და რას აკეთებ ფემინისტური მოძრაობის მხარდასაჭერად.

6.მე, როგორც კაცს, რატომ უნდა ვისურვო, ვიყო ფემინისტი და გავიზიარო ფემინისტების იდეები?

რატომაც არა?!

შენთვის, როგორც კაცისთვის სასარგებლოა ფემინისტური იდეები. შენ, როგორც კაცმა შეგიძლია ისარგებლო.

ფემინიზმი იმ ოპრესიული ძალებისგან გათავისუფლებაა, რომლებიც ქალებს ჩაგრავენ, ხოლო კაცებს აიძულებენ პატრიარქალურ ნორმებს დაემორჩილონ.

პატრიარქატი კაცებსაც წნეხის ქვეშ ამყოფებს: ჰეტერონორმატიულ ოჯახში, კაცი უნდა იყოს დომინანტური, თავდაჯერებული, ჰიპერმასკულინური, ათლეტური, ემოციებისგან დაცლილი და ოჯახის მარჩენალი.

ფემინიზმის მიზანი კი პატრიარქალური ნორმების აღმოფხვრაა.

ასევე, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საზოგადოებაში სწორედ ის ადამიანები, რომლებიც გვიყვარს და ჩვენი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენენ, რომლებიც ჩვენგან განსხვავებულ გენდერულ იდენტობას მიეკუთვნებიან, პატრიარქალური ჩაგვრის პირობებში იტანჯებიან.

ეს საკმარისი მიზეზი უნდა იყოს იმისათვის, რომ ინტერსექციულ ფემინსტურ მოძრაობაში, სოციალური სამართლიანობისათვის ბრძოლაში ჩაბმის სურვილი გაგვიჩნდეს. ფემინიზმის ასეთმა გააზრებამ, საკუთარ ღირებულებებზეც უნდა დაგვაფიქროს.

7.რატომ არის იმის საჭიროება, რომ არსებობდეს მხოლოდ ქალების მიერ დაკავებული სივრცეები? ასეთი სეგრეგაცია ნუთუ ცუდი არ არის?

ცუდია სახელმწიფოს მიერ სანქცირებული სეგრეგაცია, რომელიც უკვე მარგინალური ჯგუფების ჩაგვრას ახდენს.

ამის საპირისპიროდ კი, მნიშვნელოვანია ისეთი დაცული სივრცეების არსებობა, სადაც მარგინალური ჯგუფის წევრები ერთმანეთს შეხვდებიან.

ჩვენს საზოგადოებაში, ძალზე ცოტა ისეთი ადგილია, სადაც სისგენდერი კაცები თავს დაცულად ვერ იგრძნობდნენ. რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ გენდერზე. ამიტომაც, ასეთი სივრცეების გამოყოფა ან შექმნა, პირიქით, უნდა წავახალისოთ.

სივრცეები მხოლოდ ქალებისთვის (ქალებში ჩვენ ყოველთვის მოვიაზრებთ ტრანსგენდერ ქალებს) საჭიროა იმისათვის, რომ ქალებმა მობილიზება მოახდინონ და ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარონ. მათ დაბრკოლებები არ უნდა შეექმნათ იმ ადამიანებისგან, რომლებიც იმ პრივილეგიებს ფლობენ, რომელთა წინააღმდეგაც ფემინისტები იბრძვიან; ეს პრივილეგირებული ადამიანები კი კარგად ვერ აცნობიერებენ იმას, თუ როგორ სარგებელს იღებენ ქალთა ოპრესიის ხარჯზე.

არაკომფორტული განცდაა, როდესაც პირისპირ აღმოჩნდები საკუთარ პრივილეგიასთან. ამიტომაც, მშვიდად უნდა შეხვდე იმ ფაქტს, რომ ასეთი ქალთა სივრცეები, სადაც შენ არ ხარ ყურადღების ცენტრში, იარსებებს.

8.შეუძლიათ თუ არა ფემინიზმის მხარდამჭერ კაცებსაც შექმნან სივრცეები მხოლოდ კაცებისთვის ?

თეორიულად კი. ფემინისტური საქმიანობისთვის მათ შეუძლიათ ასეთი სივრცეები დაიკავონ და ეს საქმე ქალების დახმარების გარეშე გააკეთონ.

თუმცა, რეალურად, გამოცდილებამ უჩვენა, რომ კაცების ისეთი ჯგუფების არსებობა, სადაც მხოლოდ კაცები შეიკრიბებიან და გენდერზე ისაუბრებენ, ხშირად არ ამართლებდა.

იცით რატომ? იმიტომ, რომ იმ ათასობით წლის მანძილზე, დასავლურ საზოგადოებებში, კაცები იმ სივრცეებში ბატონობდნენ, რომლებსაც მხოლოდ კაცები იკავებდნენ და ქალებს, როგორც საკუთრებას ისე ეპყრობოდნენ. ისინი ნებისმიერ მათგანს კლავდნენ, რომელიც გენდერულ კონსტრუქტებს არ შეესაბამებოდა.

ამგვარად, კაცების ფემინისტური ჯგუფების არსებობა მაშინაა გამართლებული, როდესაც ისინი თვლიან, რომ ანგარიშვალდებულნი არიან იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც მათივე გენდერულ იდენტობას არ იზიარებენ.

თუ გადაწყვეტთ, ასეთ სივრცეებში, პროექტებში ჩაბმას – დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი პრობლემები არ უნდა იყოს დისკურსის ცენტრალური თემა.

9.კაცებიც ხომ იჩაგრებიან?

კი.. და არა.

ის ფაქტი, რომ ქალმა შესაძლოა, უარი გითხრას რომანტიკულ შეხვედრაზე – არ წარმოადგენს ოპრესიას. თუმცა, შენ, როგორც კაცმა შეიძლება შენი იდენტობის გარკვეული ასპექტების გამო ჩაგვრა განიცადო. მაგ. რასისტული, კლასისტური, რელიგიური და ა.შ.

ფემინიზმის ბრძოლაც სწორედ იდენტობების ინტერსექციებზე კონცენტრირდება, რათა ბოლო მოუღოს პატრიარქალურ სისტემებს. კაცებიც იტანჯებიან და იბრძვიან ამ პატრიარქალური სისტემების ფარგლებში.

იმ წნეხს, რომელიც კაცების მიმართ არსებობს, თვითმკვლელობის მაღალ მაჩვენებლამდე მივყავართ.

ყველაფერ ამას საფუძვლად ძალადობრივი პატრიარქატი უდევს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კაცები ფემინისტური იდეების მიმართ სოლიდარულები უნდა იყვნენ.

10.მაშინ, როგორია ჩემი, როგორც კაცის როლი ფემინისტურ მოძრაობაში?

ეს მარტივი კითხვა არ არის. პირველ რიგში, უნდა შეგეძლოს ქალების საკითხების მოსმენა, საკუთარი და სხვა კაცების პრივილეგიების ეჭვქვეშ დაყენება.

ასეთი სახით, ფემინისტური მოძრაობის მნიშვნელოვანი მოკავშირე იქნები, რადგანაც შენ შეძლებ, გააცნობიერო და აღიარო პრივილეგიები, საზოგადოებაში არსებული გენდერული უთანასწორებები, რაც უსამართლობის აღმოფხვრას უფრო შესაძლებელს გახდის.

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად უმჯობესია შენს ირგვლივ მყოფ ფემინისტებს მიმართო.

ყველა ადამიანი, რომელიც მჩაგვრელი სისტემის მსხვერპლია, თავისებურად განიცდის ოპრესიას. ამიტომ, ისინი თავიანთი მხარდამჭერებისგან სხვადასხვა რამეს მოელიან.

რომ შევაჯამოთ, ფემინისტმა კაცებმა უნდა მოუსმინონ ფემინისტ ქალებს – სისგენდერ, ტრანსგენდერ ქალებს, არაბინარული გენდერული იდენტობის ადამიანებს და მათთან ერთად იბრძოლონ სამართლიანობისათვის.

Leave A Reply

Your email address will not be published.