რა არის სექსუალური ორიენტაცია? რა აყალიბებს პიროვნებაში გარკვეულ სექსუალურ ორიენტაციას?

რა არის სექსუალური ორიენტაცია?

სექსუალური ორიენტაცია არის ადამიანის ოთხი სქესობრივი მახასიათებლიდან ერთ-ერთი და იგი განირჩევა კონკრეტული გენდერის მიმართ მდგრადი ემოციური, რომანტიკული, სქესობრივი და სასიყვარულო ლტოლვის მიხედვით. დანარჩენი სქესობრივი მახასიათებლებია: ბიოლოგიური სქესი, გენდერული ორიენტაცია და სოციალური სქესობრივი როლი (მიდრეკილება კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული მამაკაცური ან ქალური ქცევის კულტურული ნორმებისაკენ). ამჟამად ანსხვავებენ სამი სახის სექსუალურ ორიენტაციას: ჰომოსექსუალი, რომელიც გულისხმობს ლტოლვას თავისივე სქესის წარმომადგენლებისაკენ, ჰეტეროსექსული – ლტოლვა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისაკენ და ბისექსული – ლტოლვა ორივე სქესის წარმომადგენლებისაკენ. ჰომოსექსუალი ორიენტაციის პირებს ზოგჯერ გეებს (მამაკაცებსაც და ქალებსაც) ან ლესბოსელებს (მხოლოდ ქალებს) უწოდებენ.

სექსუალური ორიენტაცია განსხვავდება სექსუალური ქცევისაგან, რადგან იგი აღწერს გრძნობების თვითგაცნობიერებას. ინდივიდებმა შეიძლება გამოხატონ ან არ გამოხატონ ქცევაში თავიანთი სექსუალური ორიენტაცია.

რა აყალიბებს პიროვნებაში გარკვეულ სექსუალურ ორიენტაციას?

მეცნიერებმა ზუსტად არ იციან როგორ ვითარდება ინდივიდში კონკრეტული სექსუალური ორიენტაცია. სხვადასხვა თეორიები სხვადასხვა წყაროებით ხსნიან სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბებას. ამის გამომწვევი შეიძლება იყოს გენეტიკური, შინაგანი ჰორმონალური ფაქტორები ან ადრეულ ბავშვობაში მიღებული ცხოვრებისეული გამოცდილება. ბევრი მეცნიერი თანხმდება, რომ ადამიანში სექსუალური ორიენტაციის ჩამოყალიბება ხდება ადრეულ ასაკში ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორების ზეგავლენის შედეგად.

არის თუ არა სექსუალური ორიენტაცია არჩევნის შედეგი?

ადამიანთა უმრავლესობას მოზარდობის პერიოდში, სანამ არ მიიღებს სექსუალურ გამოცდილებას არ უყალიბდება სექსუალური ორიენტაცია. ზოგიერთის მტკიცებით, ისინი წლების მანძილზე უშედეგოდ ცდილობდნენ შეეცვალათ თავისი ჰომოსექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსულისაკენ. ამ მიზეზით, ფსიქოლოგები თვლიან, რომ ადამიანთა უმრავლესობისათვის სექსუალური ორიენტაცია არ წარმოადგენს შეგნებული არჩევანის შედეგს, რომელიც შეიძლება ნებაყოფლობით შეიცვალოს.

არის თუა არა ჰომოსექსულობა ფსიქიკური დაავადება ან ემოციური პრობლემა?

არა. ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ერთხმად აცხადებენ, რომ ჰომოსექსულობა არ წარმოადგენს დაავადებას, ფსიქიკურ აშლილობას ან ემოციურ პრობლემას. უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში ჩატარებული სამეცნიერო კვლევები გვიჩვენებენ, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია თავისთავად არაა დაკავშირებული ემოციურ ან სოციალურ პრობლემებთან.

წარსულში, ჰომოსექსულობა ფსიქიკურ დაავადებად ითვლებოდა. პროფესიონალებსაც და საზოგადოებასაც გააჩნდათ არაობიექტური ინფორმაცია, რადგან ისინი ძირითადად შეისწავლიდნენ და მსჯელობდნენ მხოლოდ იმ ლესბოსელებისა და გეების მაგალითებზე, რომლებიც მკურნალობის კურსს გადიოდნენ. როდესაც მკვლევარებმა შეისწავლეს მონაცემები სხვა გეების შესახებ, რომლებიც არ გადიოდნენ მკურნალობას, ცხადი გახდა, რომ ჰომოსექსულობა არ წარმოადგენს ფსიქიკურ დაავადებას.

1973 წელს, ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ დაადასტურა ახალი გამოკვლევების მნიშვნელოვნება იმითი, რომ ამოიღო სიტყვა “ჰომოსექსულობა” ფსიქიკური და ემოციური დაავადებების ოფიციალური სიიდან. 1975 წელს, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამაც მიიღო ამ აქციის მხარდამჭერი გადაწყვეტილება. ორივე ასოციაცია მოუწოდებს ყველა პროფესიონალს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან, გაუწიონ მათ დახმარება და გაუქარწყლონ ხალხს ილუზია, თითქოს ჰომოსექსუალური ორიენტაცია დაკავშირებულია ფსიქიკურ დაავადებასთან. მას შემდეგ, რაც მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჰომოსექსულობის ფსიქიკურ დაავადებათა სიიდან ამოღების შესახებ, მისი სისწორე მრავალმა გამოკვლევამ დაადასტურა.

რატომ აცხადებენ ზოგიერთი გეები და ლესბოსელები თავიანთი სქესობრივი ორიენტაციის შესახებ?

იმიტომ, რომ მათი პიროვნების ამ ასპექტის სხვებისათვის გაზიარება აუცილებელია მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის. აღმოჩნდა, რომ ლესბოსელების და გეი მამაკაცების თვითშეგნების განვითარების პროცესი, რომელსაც ხშირად “იატაკქვეშეთიდან გამოსვლასაც” ეძახიან, მჭიდრო კავშირში იმყოფება ფსიქოლოგიურ შეგუებულობასთან – რაც უფრო კარგად აქვს გათვითცნობიერებული ლესბოსელს ან გეი მამაკაცს თავისი რაობა, მით ჯანმრთელია იგი ფსიქიკურად და უფრო განვითარებული აქვს ღირსების გრძნობა.

შეიძლება თუ არა სექსუალური ორიენტაცია შეიცვალოს თერაპიის მეშვეობით?

არა. მიუხედავად იმისა, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაცია არ წარმოადგენს ფსიქიკურ დაავადებას და არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მიზეზი იმისათვის, რომ ვეცადოთ შევუცვალოთ გეებს ან ლესბოსელებს ორიენტაცია, ზოგიერთი ინდივიდი შეიძლება შეეცადოს საკუთარი ან სხვა პირის (მაგალითად მშობლებმა მათი შვილის) ორიენტაციის შეცვლას. ზოგიერთი თერაპევტი, რომელიც მუშაობს ამ პაციენტებთან, აცხადებენ, რომ მკურნალობის შედეგად მათმა კლიენტებმა ორიენტაცია შეიცვალეს (ჰომოსექსულობიდან ჰეტეროსექსულობისაკენ). თუმცა, მათი ანგარიშების უფრო დაკვირვებით შესწავლისას ვლინდება რამოდენიმე ფაქტორი, რომლებიც ეჭვს აღძრავენ: ასეთი განცხადებების უმრავლესობა კეთდება სექსუალური ორიენტაციის იდეოლოგიურ პერსპექტივაზე მომუშავე ორგანიზაციების, და არა ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მკვლევარების მიერ; არ არსებობს მკურნალობისა და შედეგების აღმწერი საბუთები საკმარისი რაოდენობით; და ბოლოს, დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც კლიენტები იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობის შემდეგ, ძალზედ მცირეა.

1990 წელს, ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ გააკეთა განცხადება, რომ არ არსებობს შემობრუნების თერაპიის ქმედითობის დამადასტურებელი არანაირი საბუთი და მას ზიანის მოტანა უფრო შეუძლია, ვიდრე სარგებელის. ინდივიდის სექსუალური ორიენტაციის შეცვლა არ ნიშნავს მხოლოდ მისი სქესობრივი ქცევის შეცვლას. ამას სჭირდება პიროვნების ემოციური, რომანტიკული და სქესობრივი გრძნობების შეცვლა და მისი თვითაღქმის, სოციალური თვითშეგნების რესტრუქტურიზაცია. თუმცა, არსებობენ ფსიქოლოგები, რომლებიც ცდილობენ სექსუალური ორიენტაციის შეცვლას. შეიძლება დაიბადოს კითხვა: ეთიკურია თუ არა ეცადო თერაპიის მეშვეობით შეცვალო ადამიანის თვისება, რომელიც არ წარმოადგენს არანორმალურს და, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია პიროვნების თვითაღქმისათვის. გეები და ლესბოსელები, რომლებიც მიმართავენ თერაპევტის დახმარებას, ძალზედ ხშირად საჭიროებენ არა სექსუალური ორიენტაციის შეცვლას, არამედ ისეთივე პრობლემების მოგვარებას, როგორიც შეიძლება წარმოექმნას ნებისმიერ ჩვენთაგანს. გარდა ამისა, მათ შეიძლება ესაჭიროებოდეთ დახმარება “იატაკქვეშეთიდან გამოსვლაში” ან მათ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების, დისკრიმინაციის და ძალადობის დაძლევაში.

Comments
Loading...