რა არის სხეულის ენა? (ჟესტიკულაცია, ტყუილის ფსიქოლოგია)

რას წარმოადგენს სხეულის ენა?


ჩვენი სხეულის ენა გაცილებით მეტ ინფორმაციას გასცემს ჩვენს განწყობასა და ემოციებზე, ვიდრე ვერბალურად მათი გამოხატვა. ჩვენ მიერ გაკეთებული ნებისმიერი ჟესტი სხვა ადამიანების მიერ ქვეცნობიერად თავისებურად აღიქმება. ამან შეიძლება იმოქმედოს ჩვენს სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ, რადგან ზოგიერთი ჟესტი ძალიან პოზიტიურ ასოციაციას ქმნის, ზოგი კი – ნეგატიურს. შედეგად შეიძლება გამოვჩნდეთ მერყევი და ნერვიული, ან მცირე ძალისხმევით შეგვიძლია რადიკალურად შევცვალოთ საკუთარი პოზიცია საზოგადოებაში.
ადამიანები ფრთხილობენ, საუბრისას რაიმე ზედმეტი არ წამოსცდეთ – ფიქრობენ, თითოეულ სიტყვას წარმოთქმამდე წონიან, ზომავენ, სინჯავენ, რომ მერე არ ინანონ. ამ დროს კი სულ ავიწყდებათ, რომ არა მარტო სიტყვები, არამედ ადამიანის ნებისმიერი მოქმედება, მიმიკა და ჟესტი მის ხასიათს და მდგომარეობას გამოხატავს. მხოლოდ ზოგიერთმა თუ იცის, რომ „გამცემი“ ამ შემთხვევაში ისევ ჩვენ თვითონვე ვართ, უფრო სწორად კი – ჩვენი სხეული.
გამოკვლევებით დადგინდა, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობის დროს კომუნიკაციის 60-80% ხდება არავერბალურად, ინფორმაციის მხოლოდ 20-40% გადაეცემა სიტყვიერად.


სხეულის ენა არის არავერბალური კომუნიკაციის ერთ-ერთი სახე. არავერბალური კომუნიკაცია ნიშნავს კომუნიკაციას სიტყვების გარეშე. ეს არის ენა, რომლითაც საუბრობს ყველა, ისიც კი, ვინც არ იცის ამ ენის არსებობის შესახებ. ასეთი ხერხი ადამიანს ურთიერთობაში და ქვეტექსტის აღქმაში ეხმარება.
იგი გულისხმობს კომუნიკაციას ხმის ტონის, მეტყველების ტემპის, ჟესტების, სხეულის, გამომეტყველების, თვალით კონტაქტის, შეხების, გარეგნობისა და ურთიერთობისას დაკავებული მანძილის მეშვეობით.
არავერბალური კომუნიკაცია უნარია, რომელიც სწავლას და გავარჯიშებას ექვემდებარება. თუმცა არსებობს გარკვეული თანდაყოლილი მიდრეკილებებიც. მაგალითად, ქალები კაცებზე უკეთ ახერხებენ არავერბალური კომუნიკაციის გაგებას და მის გამოყენებას. კომუნიკაციის არავერბალური ხერხების ფლობა ძალზე მომგებიანია. მასში გაწაფული ადამიანები უფრო წარმატებულნი არიან.

2.რაში გვეხმარება სხეულის ენა?!


საკუთარი სხეულის მართვა ადამიანს დიდ შესაძლებლობებს ანიჭებს. სხეულის ენაში კარგად ჩახედული ადამიანები ასევე ფლობენ იმის უნარს, რომ უკეთ აღიქვან არავერბალურ კომუნიკაციაში ჩადებული კოდები და სწორად შეაფასონ გარშემომყოფთა რეაქციები, რაც მათ საშუალებას მისცემს, თავისთვის სასურველი მიმდინარეობა მისცენ მოვლენებს ადექვატური ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში.
სხეულის ენა საკმაოდ ფართოდ გამოყენებადი შეიძლება გახდეს ჩვენს ცხოვრებაში. ის შეიძლება დაგვეხმაროს საზოგადოებაში თვითდამკვიდრებაში, საკუთარი თავის უკეთ გამოხატვაში, ვიყოთ მომხიბლავი, მეგობრული და წარმატებული, საშუალება გვექნება პაემნის დროს შევისწავლოთ ფლირტი და მივხვდეთ რამდენად მოვწონვართ ადამიანს, ან სულაც ჩვენ მივახვედროთ, რომ მოგწონს, გამოვიყენოთ კარიერული წინსვლისათვის, ყურადღება მივაქციოთ ინტერვიუს დროს ჩვენდამი დამოკიდებულებას, მოვუგოთ ჭადრაკი ან პოკერი მოწინააღმდეგეს, გავიგოთ ვინ გვატყუებს, რა ხდება სინამდვილეში ჩვენ გარშემო.
იცოდე სხეულის ენა, ნიშნავს შეგეძლოს კითხვა სტრიქონებს შორის.
სხეულის ენის ტექნიკის კარგად ფლობა ასევე დიდ როლს თამაშობს ტყუილის გამოაშკარავებაში. ამ ტექნიკას იყენებენ პოლიციაში, სასამართლო ფსიქოლოგები, უსაფრთხოების ექსპერტები და სხვა გამომძიებლები. ამის ცოდნა ასევე სასარგებლოა მენეჯერებისთვის, დამსაქმებლებისთვის, რათა თავიდან აიცილონ თაღლითობა და შეცდომები.

.სხეულის ენის ფუნქციების ტიპები:


1.ემბლემები
სიტყვების ნაცვლად იხმარება (მაგ.: თავის დაქნევა “კი”-ს წარმოთქმის ნაცვლად)
2.ილუსტრატორები
ახდენს წარმოთქმული სიტყვების ილუსტრაციას. (მაგ: მარჯვენა ხელის მოძრაობა გარედან სხეულისაკენ ახდენს სიტყვა “წავედით” ილუსტრაციას)
3.გრძნობის მაჩვენებლები
სახის მეშვეობით ხდება სიხარულისა და მწუხარების, გაოცებისა და ინტერესის გამოხატვა.
4.რეგულატორები
მოსაუბრის მეტყველებას აკონტროლებს. მოსმენისას ჩვენ თავს ვაქნევთ, მოსაუბრეს მზერას ვაპყრობთ, სხვადასხვა ხმებს გამოვცემთ. რეგულატორები მოსაუბრეს მიანიშნებენ გვსურს თუ არა კიდევ რამის გაგება, თუ მიგვაჩნია, რომ თემა ამოწურულია.
5.ადაპტორები
რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება. ავტომატურად, გაუცნობიერებლად მიმდინარეობს. ( მაგ: ნაკბენის მოფხანა, უსიამოვნო პირის მოახლოებისას მკლავების მკერდზე გადაჯვარედინება)

სხეულის ენის მეცნიერული შესწავლა


რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, კომუნიკაციის არავერბალური ასპექტების სიღრმისეული და თანმიმდევრული შესწავლა მხოლოდ XX საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო.
ალბერტ მერაბიანი, ლოს ანჯელესის უნივერსიტეტის პროფესორი, ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც კომუნიკაციის არავერბალურ ასპექტებსა და მათ უდიდეს მნიშვნელობაზე დაიწყო საუბარი. 1971 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში მერაბიანი ამტკიცებდა, რომ კომუნიკაციაში სამი ძირითადი კომპონენტის გამოყოფა შეიძლება.
კომუნიკაციის პროცესში მოსაუბრის მიმართ ჩვენი მოწონების ჩამოყალიბებაში ამ სამ კომპონენტს სხვადასხვა წვლილი მიუძღვის: სიტყვები – 7% ინტონაციას – 38% სხეულის ენას – 55%.
ეფექტური კომუნიკაციისთვის საჭიროა, ეს კომპონენტები ერთმანეთის „კონგრუენტული“ იყოს, ანუ ერთმანეთს ეთანხმებოდეს. თუ ეს ასე არ ხდება, ადამიანი ღიზიანდება, რადგან ორი სხვადასხვა არხის მეშვეობით ორ სხვადასხვაგვარ ინფორმაციას იღებს.
მაგალითად, თუკი ერთი ადამიანი მეორეს ეუბნება: „შენთან არავითარი პრობლემა არ მაქვს, ყველაფერი რიგზეა, შენი მეგობარი ვარ“ და, ამავდროულად, ეტყობა, რომ აღელვებულია, მოსაუბრეს თვალს არიდებს, ზოგადად, ნეგატიურ ჟესტებს იყენებს, – ცხადია, რომ შეტყობინების ვერბალური და არავერბალური ნაწილები ერთმანეთს არ შეესატყვისება, ანუ კონგრუენტობის პრინციპი დარღვეულია.
ამ შემთხვევაში, როგორც მერაბიანი ირწმუნება, მოსაუბრე დაეყრდნობა კომუნიკაციის დომინანტურ ნაწილს, ანუ არავერბალურ კომპონენტებს (38%+55%) და არ მიენდობა სიტყვებით გადმოცემულ შინაარსს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ის, თუ რას და როგორ გამოხატავს ადამიანი საუბრისას, შესაძლოა, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, ვიდრე მისი სიტყვები.

სახის გამომეტყველება


ემოციების გამოხატვის მხრივ, ადამიანის სხეულის ყველაზე „მაღალგანვითარებული” ნაწილი მისი სახეა. ზოგიერთი ადამიანისთვის იმდენად ჩვეულია ესა თუ ის ემოცია, რომ მისი სახის კუნთები ერთგვარად აფიქსირებს ამ ემოციას. ალბათ, ბევრჯერ შეხვედრიხართ ადამიანებს, რომელთა სახის გამომეტყველებით ადვილად ხვდებოდით მათ ხასიათს: წუწუნაა თუ პრეტენზიული, მუდმივად უკმაყოფილო თუ, პირიქით, კეთილგანწყობილი და გულწრფელი. ეს იმიტომ ხდება, რომ როდესაც რომელიმე კონკრეტული ემოციის (მაგალითად, უკმაყოფილების) შესაბამისი მიმიკა ხანგრძლივი დროის განმავლობაში და ხშირ-ხშირად ჩნდება რომელიმე ადამიანის სახეზე, ის კუნთები, რომლებიც ამ მიმიკაში მონაწილეობს, ჰიპერტროფირდება (ზედმეტად ვითარდება და იზრდება); ამდენად, ადამიანის სახის ფორმაც იცვლება და იგი ქრონიკულად „ატარებს” უკმაყოფილების გამომეტყველებას.
რაღა თქმა უნდა, გარდა ასეთი „ქრონიკულისა“, არსებობს კიდევ ძალიან ბევრი უფრო ხანმოკლე, ზოგჯერ კი, წამიერი გამომეტყველება, რომელიც ხშირად პიროვნების სურვილისგან დამოუკიდებლად გაიელვებს მის სახეზე.

ადამიანის სახისთვის დამახასიათებელია შვიდი ძირითადი ემოცია:


1.უკმაყოფილება_უკმაყოფილება გამოიხატება ტუჩის ცალი მხრის მაღლა აწევთ. იგი შეიძლება იყოს, როგორც მარჯვენა ისე მარცხენა მხარეს და იგი ტოვებს ირიბი ღიმილის შთაბეჭდილებას.

2.სიხარული არის ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ემოცია და მისი მახასიათებელია ღიმილი. ღიმილი იყოფა ორ ნაწილად: პირველი მათგანი წარმოადგენს ტუჩის უბრალო მოძრაობას რომლის დროსაც მისი კუთხეები ზევითკენ იწევა, რაც მარტივი საკონტროლებელია და მარტივად შეიძლება იგი ცრუ იყოს, ხოლო ეს რომ თავიდან ავიცილოთ საჭიროა დავაკვირდეთ ლოყებს და თვალის გარშემო ადგილს. თუ ლოყები ზევით აიწია და თვალების გარშემო ადგილები დანაოჭდა მაშინ ეს ღიმილი ნამდვილია, მაგრამ ცრუ ღიმილიც არ ნიშნავს ტყუილს და იგი უბრალოდ ზრდილობიან ჟესტად შეიძლება ჩავთვალოთ.

3.ზიზღი არის ძალიან ცუდი ემოცია, შეიძლება ითქვას ყველაზე ცუდიც კი რომელიც შეიძლება იმ ადამიანის სახეზე დაინახო ვისთანაც გაქვს კონტაქტი. ზიზღს ახასიათებს ის, რომ ამ ემოციისას ყველაფერი მიემართება წარბებს შორს წერტილისკენ, ესენია ცხვირი, წარბები და ტუჩი, მაგრამ ფარულ ზიზღს შეიძლება არ ახასიათებდეს ყველა ეს მოძრაობა ერთდროულად და შეიძლება დაფიქსირდეს უბრალოდ ტუჩის ზევით აწევა ან წარბების ერთმანეთთან მიახლოება – ესაა ფარული ზიზღი.

4.გაოცება არის ემოცია, რომელსაც ახასიათებს ერთი განსაკუთრებული რამ – მისი ხანგრძლივობა არ უნდა იყოს ერთ წამზე მეტი, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი ხელოვნურადაა გამოხატული. გაოცებისას წარბები იწევა მაღლა, რასაც შეიძლება ასევე მოყვეს პირის გაღებაც, მაგრამ ძირითად შემთხვევაში ეს ემოცია მხოლოდ წარბების ზევით აწევით შემოიფარგლება. ასევე წაბების აწევა იწვევს თვალის გარშემო სივრცის გაფართოებას, რაც ასევე გაკვირვებას ახასიათებს.

5.მოწყენა_ამ ემოციის გამოხატვისას მთავარი ყურადღება უნდა მივაქციოთ ტუჩების კუთხეებს, ნებისმიერ შემთხვევაში კუთხეების დახრა მოწყენას გამოხატავს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანი სევდას განიცდის. ამ ემოციას ასევე ახასიათებს ქუთუთოების მოდუნება, რომლეს დროსაც თვალის არე არის შევიწროვებული. ასევე მოწყენის ერთ-ერთი დამახასიათებელი ფაქტორია ირიბი წარბები, რომელიც შეიძლება ძნელი შესამჩნევი იყოს.

6.ბრაზის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა შეკრული წარბები, როდესაც წარბები ერთმანეთთანაა მიახლოებული და ქვევითკენაა მიმართული. ბრაზის დროს ადვილი შესამჩნევია ქვედა ტუჩი, რომელიც წინ არის წამოწეული და მკვეთრადაა გამოკვეთილი.

7.შიშისას ადამიანის წარბები ზევით არის აწეული და ერთმანეთთან არის მიახლოებული. წარბებთან ერთად იწევა თვალის ზედა ქუთუთოც, ხოლო პირი მიმართულია უკანა მხარეს – ყურებისკენ. შიშის დროს ასევე შესაძლებელია მისი დაფარვის მიზნით სახეზე აღიბეჭდებოდეს ღიმილი, მაგრამ ზემოთ მიმართული და მიახლოებული წარბები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.

ეს არის ის შვიდი ძირითადი ემოცია, რომელიც შეიძლება შევამჩნიოთ ადამიანის სახეზე, მაგრამ არა მარტო სახეზე შეიძლება გამოიხატოს ემოცია, იგი ასევე შეიძლება გამოხატული იქნას რაიმე მოძრაობით ან ჟესტით.
“შუა თითი” არის კარგად შენიღბული ჟესტი და მისი დანახვა ხდება იმ დროს როდესაც ადამიანი “თითის” ადრესატზე საუბრობს. ეს ჟესტი არაპირდაპირია და ამ დროს ეს ადამიანი თითს ისმევს წარბზე ან ტუჩზე და ა.შ. ეს ჟესტი გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას ადრესატის მიმართ.
სიჩუმე_ამ ჟესტის დროს ადამიანი, რომელიც მსგავსად მოქმედებს, ცდილობს ხმა არ ამოიღოს, ანუ იგი საკუთარ თავს მოუწოდებს სიჩუმისკენ.

ტყუილი


თითოეული ჩვენგანი ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებს საკუთარი ემოციების, აზრების შენიღბვის სხვადასხვა საშუალებას. მიუხედავად იმისა თუ რას ვამბობთ ჩვენ, ამ დროს განცდილი ემოციები აუცილებლად გამოისახება ჩვენს სხეულზე სხვადასხვა სახით, განსაკუთრებით კი ტყუილის შემთხვევაში.
მსგავსი რამის დადგენის ერთ-ერთი ფაქტორია ხმა, ანუ რამდენად შეცვლილია ხმის ტემბრი და ტონი ადამიანთან საუბრისას.
მეორე რაზეც უნდა გაამახვილოთ ყურადღება ესაა სახე:
მაგ.: საუბრის დროს სახეზე შეხება, განსაკუთრებით კი ცხვირზე, სიცრუის ფართოდაღიარებული გამოხატულებაა. ასევე, პირზე ხელის აფარების დროს, მოსაუბრე ყველაზე ხშირად ტყუის.
ტყუილის კიდევ ერთი ნათელი ნიშანი არის ხელოვნური ღიმილი. ჭეშმარიტი ღიმილი თვალის კუთხეებამდე აღწევს და სახის გამომეტყველებას მთლიანად ცვლის. ხელოვნური ღიმილი კი მხოლოდ პირსა და ტუჩებს მოიცავს. ამ ორის გარჩევა საკმაოდ ადვილია. ადამიანის ემოციების სიწრფელეზე მიმიკის სიმეტრიულობა მეტყველებს; რაც უფრო მეტია სიყალბე და სიცრუე, მით უფრო განსხვავდება სახის მარცხენა და მარჯვენა ნახევრების მიმიკა.

პიროვნული სივრცე


რატომ ვარიდებთ თავს თვალით კონტაქტს მატარებელში? რატომ ვგრძნობთ თავს შეზღუდულად ლიფტში ან მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილებისას?
ისევე, როგორც ცხოველებს, ადამიანსაც აქვს საკუთარი ტერიტორია, სივრცე, რომელსაც ის საკუთარ სივრცედ აღიქვამს – თითქოს, მისი სხეულის ერთგვარი გაგრძელება იყოს. ეს უხილავი წრე ჩვენივე ბავშვობაში ყალიბდება და მისი დიამეტრი დამოკიდებულია იმ გარემოზე, სადაც ვიზრდებოდით, მაგალითად თუ ქალაქგარეთ ან სოფელში გავიზარდე, ჩვენი წრის დიამეტრი ბევრად უფრო დიდი იქნება, ვიდრე იმ ადამიანისა, რომელიც ისეთ მჭიდროდ დასახლებულ ქალაქში გაიზარდა, როგორიც თბილისია.

პიროვნული ტერიტორია პირობითად 4 ზონურ სივრცედ იყოფა:


ინტიმური ზონა – 20-40 სანტიმეტრი. ამ ზონას პიროვნება განსაკუთრებით უფრთხილდება და იცავს; ზონის „საზღვრების გადალახვა“ ნებადართულია მხოლოდ პიროვნებასთან მჭიდრო ემოციურ სიახლოვეში მყოფი ადამიანებისთვის. თუმცა, ამ ზონაში არსებობს კიდევ ერთი 15-სანტიმეტრიანი დიამეტრის მონაკვეთი, რომელშიც შეღწევა მხოლოდ ფიზიკური კონტაქტის მეშვეობითაა შესაძლებელი;
პირადი ზონა – 40 სანტიმეტრიდან, დაახლოებით, 1, 2 მეტრამდე. ეს არის ის დისტანცია, რომლის დაცვაც მიღებულია ოფიციალურ ღონისძიებებზე, წვეულებებზე, მეგობრების შეხვედრისას;
სოციალური ზონა – 1, 2 მეტრიან 3, 6 მეტრამდე. ეს მანძილი გვიკავია უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას (ოფისში შემოსული კლიენტი, სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად შემოსული ტექნიკური პერსონალი და ა.შ.)
საზოგადოებრივი ზონა – 3, 6 მეტრზე მეტი. ასეთი მანძილი მოსახერხებელია ადამიანების დიდ ჯგუფთან საუბრისას.

როგორც წესი, ინტიმური ზონა ორი მიზეზით ირღვევა: მასში ან ძალიან ახლობელი ადამიანი აღწევს, ან ის, ვისაც მტრული განზრახვა ამოძრავებს. თუკი ადამიანი შედარებით იოლად ურიგდება პირად ან სოციალურ ზონაში უცხო ადამიანის შემოჭრას, ინტიმური ზონის გადალახვა მასში სრულ „საბრძოლო მზაობას“ იწვევს. გულისცემა ხშირდება, სისხლში იმატებს ადრენალინი, რომელიც შემდეგ თავის ტვინისა და კუნთებისკენ მიიმართება.

ყველაფერი ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ მეგობრულად შეეხებით, ან მოეხვევით ახლად გაცნობილ ადამიანს, ეს მასში უარყოფით რეაქციას გამოიწვევს, თუმცა, გარეგნულად, შესაძლოა, მან ეს არც გამოხატოს. ამიტომ, თუ გსურთ, რომ თქვენს საზოგადოებაში ყოფნისას თავი ყველამ კომფორტულად იგრძნოს, დაიცავით დისტანცია.
მაგ.: რამდენიმე წლის წინ ესპანეთში მოსახლეობის მოულოდნელი ზრდის გამო საკლასო ოთახებში სკამების ჩამატება გადაწყვიტეს, შედეგი კატასტროფული იყო, მოსწავლეები არამარტო ჩამორჩებოდნენ სწავლაში, არამედ უფრო აგრესიულები გახდნენ და გამუდმებით ეჩხუბებოდნენ ერთმანეთს, ეს მათი პირადი სივრცის შეზღუდვით იყო გამოწვეული.

ხალხმრავალ ადგილებში თუ დავაკვირდებით ჩვენს საქციელს, საერთო ნიშნებს შევამჩნევთ:


1.მაქსიმალურად ვცდილობთ თავი ავარიდოთ თვალით კონტაქტს.
2.ვცდილობთ ემოციების შეკავებას.
3.ხალხმრავალ ადგილას მკაცრი სახით ვდგავართ, თავს ვიკავებთ ზედმეტი ფიზიკური მოძრაობისაგან.
4.ვცდილობთ მთელი მგზავრობის მანძილზე ვიყოთ ჩუმად .
5.ვცდილობთ თავი მოვაჩვენოთ დაკავებულად, ვითომ სულ არ გვაინტერესებს, რა ხდება ჩვენს გარშემო. ვკითხულობთ რამეს, იქნება ეს წიგნი, გაზეთი თუ განცხადება კედელზე, ვიღებთ მობილურს და საქმიანი სახით დავყურებთ ან ვთამაშობთ, იმ შემთხვევაში თუ ლიფტში ვართ, ვუყურებთ როგორ იცვლება სართულის ნომრები.
როდესაც ვმგზავრობთ ტრანსპორტით, მაგალითად, მეტროთი და ვირჩევთ ადგილს, ჩვენ არ დავჯდებით პირველივე ადგილას, რომელიც შეგვხვდება, ჩვენ ავირჩევთ ადგილს, რომელიც რამდენადმე მოშორებულია სხვა ადამიანებისაგან და სადაც ჩვენ გვექნება პირადი სივრცის შეგრძნება.

საკუთრება:

პირადი სივრცის გარდა ადამიანებს კიდევ ერთი თვისება გვახასიათებს, დავნიშნოთ ჩვენს მფლობელობაში და საკუთრებაში არსებული საგნები. ეს ერთგვარი ფორმაა ფიზიკური კონტაქტის გამოხატვის და ამ დროს ვქმნით ილუზიას, რომ ამ საგანზე ან ადამიანზე ჩვენი პერსონალური სივრცე ან საკუთრება ვრცელდება და მას ფარავს. ქალები თავს ევლებიან თავის ქმრებს, ეხებიან მათ ტანსაცმელს, უსწორებენ ჰალსტუხს, ეს მარტო სიყვარულის გამოხატულება არ არის, ეს ასევე გარშემომყოფებს აჩვენებს, რომ ის დაკავებულია.

ხელები
ხელისგულები:

როდესაც ადამიანი მთლიანად გულწრფელია, ის თქვენკენ ერთ ან ორივე ხელისგულს იშვერს. გულახდილი საუბრისას ხელისგულები მთლიანად ან ნაწილობრივ ღიაა. როდესაც ადამიანი რაღაცის დამალვას ცდილობს, ის ხელებს ჯიბეებში იწყობს, ან გულზე გადაიჯვარედინებს. ჩატარდა საინტერესო კვლევა, რომელმაც დაადასტურა, რომ ადამიანების უმრავლესობას უჭირს ტყუილის თქმა, როდესაც მათი ხელისგულები ღიაა.

სხეულის ენა და კულტურა


არავერბალური კომუნიკაციის მხოლოდ რამდენიმე სიგნალი შეიძლება ჩაითვალოს უნივერსალურად და ყველა ქვეყანასა თუ კულტურაში ერთნაირად მიღებულად, მათ უმრავლესობას კი მრავალი მნიშვნელობა აქვს და ის, რაც ერთ კულტურაში, ერთ ქვეყანაში მიღებულია, შესაძლებელია, სრულიად მიუღებელი და შეურაცხმყოფელიც კი იყოს სხვაგან.
დასკვნის სახით დავძინოთ, რომ არავერბალური კომუნიკაციის ილეთების დაუფლება საკმაო დროსა და პრაქტიკას მოითხოვს. მაგრამ თუ თქვენი საქმიანობა ადამიანებთან ურთიერთობას უკავშირდება, საკუთარი სხეულით მანიპულირებაში დახელოვნება არა მხოლოდ უფრო სასურველს გახდის თქვენთან ურთიერთობას, არამედ, თქვენი მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. წარმატებულ პირად და საქმიან ურთიერთობებს გისურვებთ!


აქვე გეტყვით რომ ცნობილი ტელე შოუ “lie to me” ტიმ როტის მონაწილეობით მალევე დაიხურა, როგორც ექსპერტებმა აღნიშნეს სერიალში იყო ძალიან ბევრი გასაიდუმლოებული მასალა, რომელსაც მაყურებელი ითვისებდა.

Leave A Reply

Your email address will not be published.