რა დარღვევებით ცხვება პური საქართველოში?

1 იანვრიდან ძალაში შედის ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც ფქვილის ეტიკეტირება სავალდებულო გახდება.
სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის 376-ე დადგენილებით, დარეგულირდება ხორბლის ფქვილის წარმოების და გადამუშავების ბაზარზე განთავსების პირობები. 1 იანვრიდან პურის ეტიკეტზე უნდა იყოს დატანილი წარწერა, რომელზეც მითითებული იქნება ფქვილის ხარისხი.
რამდენად არის დაცული დღეს ბაზარი უხარისხო პურ-პროდუქტებისგან, რატომ ირღვევა მომხმარებლის უფლება იცოდეს, რას მიირთმევს და რეალურად რა დანამატებისგან მზადდება პური. ამ შეკითხვებზე გადაცემა ,,საქმეში” “მომხმარებელი.გე”-ს დამფუძნებელმა ლია თოდუამ და პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ ისაუბრეს.
მალხაზ დოლიძე: ფქვილს აქვს თავისი მახასიათებლები, ბოლო წლებში პურ-პროდუქტების წარმოებამ მოდენიზაცია განიცადა. ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ აირსა და მთელ რიგ კომპონენტებზე ფასების ზრდამ არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ინტენსიური ტექნოლოგიების შემოღება გამოიწვია, რამაც თითქმის სრულად ჩაანაცვლა კლასიკურ ტექნოლოგიური პროცესი. კლასიკური ტექნოლოგიის გამოყენების შემთხვევაში კი შედეგის მიღებას დაახლოებით 6 საათი სჭირდება.

ცომის გაფუებას, მოზელვას გარკვეული დრო უნდა. დღეს არსებული ტექნოლოგიით, მოზელილ ცომს საფუართან ერთად ფერმენტები ემატება, რათა შეფერილობა და ფორმა სწრაფად მიიღოს. კარგა ხანია, რაც კლასიკური ტექნოლოგიებით მომუშავე დიდი ქარხნები ფაქტიურად ბაზრიდან გაქრნენ, რადგან ამ ტიპის ტექნოლოგია ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული“.

მისივე თქმით, მართალია, ინტენსიურ ტექნოლოგიაში ძალიან ბევრი დანამატი, ფერმენტი გამოიყენება, მაგრამ ეს თემა მხოლოდ თბილისში არ არის აქტუალური.
,,ეს პრობლემა მთელ მსოფლიოშია. ფორტიფიკაცია და ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ძალაში პირველი იანვრიდან შევა, იმედია, ამას მკაცრად გააკონტროლებს. რაც შეეხება ვიტამინების დამატებას – როგორც მეწარმე, წინააღმდეგი ვარ მასიურად მოხდეს ფოლიუმის მჟავის გამოყენება. ყველა წამალი არის რეაქტიული, აქვს უკუქმედება. ზოგისთვის ის საჭიროა, ზოგისთვის არა, ამიტომ არ მესმის, რატომ უნდა იყოს ამ დანამატის ყველა პურში გამოყენების ვალდებულება?!”, – აღნიშნავს პურ-პროდუქტების ასოციაციის თავმჯდომარე.
“მომხმარებელი.გე”-ს დამფუძნებლის ლია თოდუას თქმით, ხორბლის ფქვილის რეგლამენტის შემოღება წინგადადგმული, მაგრამ არასაკმარისი ნაბიჯია. მისი აზრით, ეტიკეტირება სავალდებულო უნდა გახდეს არა მხოლოდ თეთრ, არამედ შავ და ჭვავის პურზეც. „ამავდროულად, ეტიკეტირება უნდა მოწმდებოდეს მკაცრად, რადგან იყოს სანდო. ასევე გადაიხედოს შეფუთვის საკითხიც, რადგან პურის გადაადგილებისას მისი დაბინძურებაც საკმაოდ აქტუალური პრობლემაა“, – აღნიშნავს ლია თოდუა.

წყარო
BPN.GE

Leave A Reply

Your email address will not be published.