რა დეტალები ხდება ცნობილი მამა გიორგი მამალაძის ჩვენებიდან და ვინ სთხოვა მას ციანიდის შოვნა?

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე პირველად 27 თებერვალს დაკითხეს. დაკითხვა 28 თებერვალსაც უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა მამა გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის გაუარესების გამო, თავად ბრალდებულმა უარი თქვა პროკურორების კითხვაზე პასუხების გაცემაზე.

ადვოკატები მიცემული ჩვენების დეტალებზე არ საუბრობენ, მაგრამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” ავრცელებს რამდენიმე დეტალს დაკითხვიდან.

“კურიერის” ინფორმაციით, დეკანოზმა ჩვენებაში ისაუბრა, რომ ციანიდის შოვნა მას პატრიარქის მდივან-რეფერენტმა, შორენა თეთრუაშვილმა სთხოვა და უთხრა, რომ ციანიდი მას ნაცნობი ხატმწერისთვის სჭირდებოდა.

დეკანოზი ჩვენებაში ასევე საუბრობს, რომ ციანიდი გერმანიაში უნდა წაეღო, თუმცა ის ვერ იშოვა.

“კურიერის” ინფორმაციითვე, საქმეში დევს აუდიოჩანაწერები, სადაც ისმის დეკანოზის ხმა. ჩანაწერში ნახსენებია შემდეგი ფრაზა, “შორენა მარილზე უნდა გავიდეს”, თუმცა რა კონტექსტშია ეს ფრაზა ნახსენები “კურიერისთვის” უცნობია.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულის დაკითხვის წინა დღეს, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრე ცაავამ ერთ-ერთ ინტერვიუში, ბრძანა, რომ მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი საპატრიარქოს ერთ-ერთმა პირმა მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის სთხოვა:

“მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოს ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანი რამდენიმე ხნით ადრე სთხოვს, რომ მას მისი ნათესავი ოქრომჭედლისთვის, რომელიც ცხოვრობს უკრაინაში, სჭირდება ციანიდი, რომელიც გამოიყენება ოქროს გადამუშავებაში. მიუთითებს მის ახლობელზე, რომელიც საყდრისში მუშაობს, ასევე ოქროსთან აქვს შეხება და აქედან იწყება მამა გიორგისთან ჩართულობა. როდესაც ის ეძებს ციანიდს, აქ უკვე იწყება მსტოვრის ჩართულობა”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

წყარო: კვირისპალიტრა

Comments
Loading...