რა განსხვავებაა დანამატსა და პრემიას შორის – IDFI უწყების ხარჯებზე ინფორმაციას აქვეყნებს

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებამ, სახელფასო დანამატის ჩათვლით, 2014 წლის განმავლობაში მილიონ 400 ათას ლარზე მეტი შეადგინა, ხოლო 2105 წლის იანვრიდან ივლისის ჩათვლით გაცემულია მილიონ 124 ათას ლარზე მეტი. ინფორმაციას მინდია ჯანელიძის უწყებაში გაცემულ სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით IDFI ავრცელებს. „2015 წლის 17 აგვისტოს IDFI-იმ მიმართა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატს და მოითხოვა სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაცია, მათ შორის, მონაცემები 2014-2015 წლებში თანამდებობის პირებსა (ცალ-ცალკე სახელისა და გვარის მითითებით) და სხვა თანამშრომლებზე დარიცხული პრემიებისა და დანამატების ოდენობის შესახებ თვეების მიხედვით, პრემიებისა და დანამატების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტები, თანამდებობის პირთა სამუშაო გამოცდილების (CV) შესახებ ინფორმაცია, აპარატის მიერ გაწეული წარმომადგენლობითი ხარჯები, ინფორმაცია სამივლინებო ხარჯების შესახებ და სხვა . სახელფასო დანამატებს ისინი ყოველთვიურად გაიცემოდა თანამდებობის პირებზე და მათი ოდენობა 3050 ლარიდან 4 775 ლარამდე მერყეობდა. მაგალითად მინდია ჯანელიძეს -სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანსა და პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში – ყოველთვიურად ერიცხებოდა დანამატი 4 775 ლარის ოდენობით; გიორგი ზედელაშვილს – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილეს – 3 050 ლარი; ალექსანდრე ჭიკაიძეს – საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწეს სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილეს – 3 050 ლარი. აღსანიშნავია, რომ კრიზისების მართვის საბჭოს მოქმედი საშტატო ნუსხის თანახმად უწყების თანამდებობის პირთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი 2 900 ლარიდან 3 200 ლარამდე მერყეობს. შედეგად, მაგალითად კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილის ალექსანდრე ჭიკაიძის ყოველთვიური შემოსავალი მისი თანამდებობაზე დანიშვნის დღიდან (2015 წლის 17 ივნისიდან) წერილის მიღების მომენტამდე (2015 წლის 3 ნოემბერამდე) პერიოდისთვის 5 975 ლარს შეადგენდა. საბჭოს მდივნის – მინდია ჯანელიძის ყოველთვიური შემოსავალი – 7 975 ლარს, პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის კი – 6000 ლარს. როგორც მოცემული თანამდებობის პირების მაგალითიდან ირკვევა, მათზე ყოველთვიურად გაიცემოდა სახელფასო დანამატი, როლიც აღემატებოდა თანამდებობრივი სარგოს ოდენობას. მნიშვნელოვანია ხაზი გაესვას, რომ კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომლებზე 2014-2015 წლების განმავლობაში პრემია მხოლოდ ერთხელ 2014 წლის დეკემბრის თვეში ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით არის გაცემული და ის 76 900 ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება საბჭოს თანამშრომლებზე გაცემულ სახელფასო დანამატებს, ის საბჭოს თანამშრომლებს სისტემატიურად ერიცხებოდათ და 2014 წელს ჯამში 938 670 ლარი, ხოლო 2015 წელს კი 589 325 ლარი შეადგინა. ყველაზე დიდი ოდენობით დანამატი გაიცა მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში 77 500 და 78 100 ლარის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ბრძანებით IDFI-ის უარი ეთქვა ისეთი ინფორმაციის მიღებაზე, როგორიცაა 2014-2015 წლებში თანამდებობის პირებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის შესახებ სამართლებრივი აქტების ასლები. საბჭოს პოზიციის თანახმად მოცემული დოკუმენტები შესაძლებელია ყოფილიყო სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.