რა ხდება რეალურად ახლო აღმოსავლეთში – ვასილ პაპავა

ირანი და საუდის არაბეთი:
ახლო აღმოსავლეთი რეგიონული ომის საშიშროების წინაშე დგას

ვასილ პაპავა (ექსპერტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში)

2016 წლის 2 იანვარს შიიტი სასულიერო მოღვაწის შეიხ ნიმრ ბაყირ ამინ ან-ნიმრის სიკვდილით დასჯამ მკვეთრად დაძაბა სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში, რომელიც ისედაც განიცდიდა რელიგიურ და ეთნო-კონფესიურ მრავალწლიან რყევებს ლიბანში, ერაყში, სირიასა და იემენში. ერ-რიადს თავისთავად კარგად ესმოდა, რომ შეიხის სიკვდილით დასჯა უარყოფითად იქნებოდა აღქმული შიიტების მიერ, და მითუმეტეს ირანის ხელმძღვანელობის მხრივ, როგორც დანაშაული, და ის ფაქტი, რომ შეიხი დასაჯეს სუნიტ ჯიჰადისტებთან ერთად. თან საუდის არაბეთის ხელისუფლების ცინიკური განცხადება კი, რომ ისინი ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავენ შეიხისა და სხვადასხვა რელიგიის მატარებელ ტერორისტებს შორის, შიიტებისთვის გახდა კიდევ უფრო დიდი შეურაცხყოფა.
რა თქმა უნდა, თეირანს კარგად ესმის საუდიტების ასეთი მოქმედება, რაც განპირობებულია იმით, რომ შური იძიონ ირანზე სირიისა, ერაყისა და იემენისათვის. თავისთავად, რეგიონში საკუთარი ავტორიტეტის მხარდაჭერისათვის ირანი იძულებული იქნება „საკადრისი“ პასუხი გასცეს საუდიტებს, რათა შეინარჩუნოს სპარსეთის ყურის ქვეყნებში მცხოვრებ შიიტ მოსახლეობაში რწმენა ირანის მხრიდან მხარდაჭერასა და მფარველობაში.
საუდის არაბეთმა ეს ნაბიჯი გადადგა, რათა მის მიერ მართული არაბული ქვეყნების კოალიციამ ვერ მიეღწია რეალურ შედეგებს იემენში შეჭრით, ასევე სავალალოდ შეიძლება ჩაითვალოს ისლამისტური დაჯგუფებების მდგომარეობა ერაყსა და სირიაში. ამგვარად, 2015 წლის მარტიდან საუდიტებთან ერთად 10 ქვეყანა დათანხმდა ჰუსიტების წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციაში მონაწილეობის მიღებაზე. საუდის არაბეთმა იემენის სამხედრო ოპერაციისათვის გამოყო 100-ზე მეტი გამანადგურებელი და 150 ათასი სამხედრო. მიუხედავად ასეთი მძლავრი კოალიციისა, მათ ვერ მოახერხეს ჰუსიტებთან ბრძოლაში შესამჩნევი შედეგების მიღწევა, რომელთა მორალური საბრძოლო ხარისხი გაცილებით მაღალია, ვინაიდან ზეიდური ტომები ისტორიულად მებრძოლ ტომად მიიჩნევა. თავის მხრივ ჰუსიტებს „საჭირო“ დახმარებას უწევს თეირანი.
შეიხ ან-ნიმრის სიკვდილით დასჯაზე შიიტების რეაქცია იყო მკაცრი. ამგვარად, «ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის» განცხადებაში ნათქვამია: – „საუდის რეჟიმი გარკვეულწილად ძვირად გადაიხდის შეიხ ან-ნიმრის სიკვდილით დასჯისთვის, რაც უსინდისო და უჭკუო საქციელია“. ერაყის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნური ალ-მალიქიმ განაცხადა, რომ საუდის ხელისუფალთა დანაშაული შიიტი მოძღვრის ნიმრ ან-ნიმრის მიმართ მათ დამხობამდე მიიყვანს.
ან-ნიმრის სიკვდლით დასჯის შესახებ განცხადების შემდეგ საუდის არაბეთში, ასევე ბაჰრეინში, ინდოეთში, პაკისტანში, ლიბანსა და ირანში გაიმართა შიიტების მასობრივი დემონსტრაციები. პროტესტის გამომხატველმა ირანელებმა თეირანში საუდის არაბეთის საელჩოს დაუშინეს „მოლოტოვის კოქტეილები“ და შტურმით აიღეს. საპასუხოდ საუდის არაბეთმა გაწყვიტა დიპლომატიური კავშირი ირანთან. საუდის არაბეთს მიბაძეს ბაჰრეინმა, სუდანმა და ჯიბუტიმ. გაერთიანებულმა ემირატებმა გაიწვიეს თავისი ელჩი და ირანთან დიპლომატიური ურთიერთობის დაქვეითება გამოაცხადეს.
როგორც ჩანს, ყალიბდება გარკვეული „სუნიტური ალიანსი“, რომელიც მიმართული იქნება განსაკუთრებით „შიიტური ექსპანსიონიზმის“ წინააღმდეგ, ანუ ირანის მზარდი გავლენის შესაჩერებლად.
საქმე იმაშია, რომ სირიასა და ერაყში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ერთის მხრივ რეგიონული მოთამაშეები – თურქეთი, იორდანია და ნავთობ-მონარქიები (საუდის არაბეთი, ყატარის საამირო, ბაჰრეინი, არაბთა გაერთიანებული საამიროები) და შიიტური ირანი, ასევე რუსეთის ფედერაცია და დასავლეთი.
ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე რეგიონში, რომელიც აფინანსებს ისლამისტურ წინააღმდეგობას ახლო აღმოსავლეთის მთელ რიგ ქვეყნებში არის საუდის არაბეთი. მისი ინტერესები ემყარება შემდეგ პრინციპებს:

– სურვილი გახდეს ლიდერი არაბულ სამყაროში, რაც დამყარებულია
– დიდ ფინანსურ შესაძლებლობებებზე და ვაჰაბიზმის რადიკალურ იდეოლოგიაზე
– საუდის არაბეთს სურს თავი წარმოაჩინოს, როგორც მთელი რეგიონის არაბი-სუნიტების მფარველი
– საუდიტები თავიანთ თავს გავლენიან რეგიონულ ისლამურ ძალად მიიჩნევენ

გეოსტრატეგიული და გეოეკონომიკური ამბიციების განხორციელებისათვის, საუდის არაბეთი, თავის მოკავშირეებთან ერთად, მხარს უჭერს ბაშარ ასადის ოპოზიციას — აიარაღებს და აფინანსებს რადიკალურ დაჯგუფებებს (როგორებიცაა — «ISIS», ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო; «ალ-ჯაბჰათ ალ-ისლამია»; «სირიის თავისუფალი არმია»; «აჰრარ აშ-შამ»; «ჯეიშ ალ-ისლამი»; «ჯაბჰათ ალ-ნუსრა»; «ჯაიშ ალ-მუჰაჯირინ ვალ-ანსარი» და მრავალი სხვა) რათა თავიდან მოიშორონ მათთვის მიუღებელი რეჟიმი, რომლის მთავარ მოკავშირეს — შიიტურ ირანს, განიხილავენ უმთავრეს რეგიონულ მეტოქედ.
საუდის არაბეთი ყოველთვის შეშფოთებით აკვირდებოდა შიიტური ირანის რეგიონული გავლენის ზრდას ჯერ კიდევ ფეჰლევიანთა შაჰის დინასტიის მმართველობის დროიდან (ბოლო წლებში კი განსაკუთრებით). აღსანიშნავია, რომ 2001 წ. ავღანეთში თალიბების და 2003 წ. ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმების დამხობამ გამოიწვია შიიტური ირანის გავლენის მკვეთრი გაზრდა (თალიბებისა და ბაასისტების რეჟიმები ატარებდნენ ანტი-ირანულ პოლიტიკას. მათ მმართველობის პერიოდში კი ადგილობრივი შიიტების პროტესტი უკიდურესი სისასტიკით იხშობოდა, აღნიშნულ ქვეყნებში მათ არ გააჩნდათ არანაირი პოლიტიკური გავლენა, თეირანი კი ვერ უწევდა რეგიონის შიიტურ თემებს სათანადო ფინანსურ თუ სამხედრო დახმარებას). საუდიტების დაძაბულობამ კი პიკს მიაღწია მის მერე, რაც დასავლეთმა და თეირანმა მიაღწიეს ქ. ვენაში შეთანხმებას — ირანი შეწყვეტს ატომური იარაღის შექმნის პროგრამაზე სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. ალავიტების რეჟიმის შენარჩუნება კი თეირანისათვის წარმოადგენს სტრატეგიულ ამოცანას. ირანისა და რუსეთის დიდი ძალისხმევის შედეგად ბაშარის რეჟიმმა გაუძლო მრავალათასიანი შეიარაღებული ბოევიკების შემოტევას და ბოლო პერიოდში გაიმყარა პოზიციები ქვეყნის შიგნით და მის გარეთაც (დასავლეთში უკვე აღარ ისმის კრიტიკული მოთხოვნა ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან წასლის თაობაზე).
გენერალი ყასემ სულეიმანი (ისლამური რევოლუციის გვარდიის სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის „ალ-ყუდსის“ სარდალი) აღნიშნავს, რომ სირია წარმოადგენს პლაცდარმს ისრაელისა და აშშ-ს ინტერესების წინააღმდეგ, ასევე სუნიტური ნავთობ-მონარქიების მზარდი გეოპოლიტიკური გავლენის შესაჩერებლად. თავის მხრივ, სუნიტური მონარქიები ეწინააღმდეგებიან ე.წ. „შიიტური ნახევარმთვარის“ ღერძის ჩამოყალიბებას, რაც პირდაპირ ურტყამს მათ ინტერესებს. დოხა და ერ-რიადი მიიჩნევს, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობით ირანის გავლენა შესუსტდება ასევე ლიბანშიც, სადაც შიიტური სამხედრო-პოლიტიკური ორგანიზაცია „ჰეზბოლა“პოლიტიკურ პროცესებში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს (ლიბანის მოსახლეობის 27 % შიიტია).
ბოლო 3-4 თვის მანძილზე სირიაში და ერაყში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები ყველა ფრონტზე, სადაც სამთავრობო ჯარების წინააღმდეგობა იყო ინტერნაციონალური ტერორიზმის წინააღმდეგ „დაიშის“ და სხვა პარტიზანების გასამხედროებული ორგანიზაციების სახით. როგორც ჩანს, ის ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც გაუწია სირიას რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ავიაციამ და ირანელებმა თავისი შედეგი გამოიღო. სირიის არმია, „ჰეზბოლასთან“ და ირანის მოხალისე სამხედროებთან ერთად შეტევებს ახორციელებენ პრაქტიკულად ყველა ფრონტზე. ბოევიკების ნაწილებმა უკვე დათმეს ადრე გამაგრებული პოზიციები და გამორიცხული არაა, რომ მათი დიდი რაოდენობა „საკუთარ სამშობლოში„ დაბრუნდა — ლიბიაში, ტუნისში, თურქეთში, ისინი ასევე ცდილობენ ევროკავშირის ქვეყნებში მოხვედრას, როგორც ლტოლვილები.
ირანის გამოსვლა მრავალწლიანი სანქციებისა და იზოლაციის რეჟიმიდან კარდინალურად ცვლის ძალთა ბალანსს რეგიონში, სადაც დომინანტობაზე პრეტენზია აქვთ — თურქეთს, საუდის არაბეთს და ირანს. ოფიციალური ანკარის გავლენა რეგიონში რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის გაუარესების ფონზე სუსტდება, ხოლო თეირანის იზრდება.
ამ ფონზე ან-ნიმრის სიკვდილით დასჯამ შესაძლოა კიდევ უფრო გაამძაფროს დაძაბულობა სუნიტებსა და შიიტებს შორის. ეს ეხება ასევე კავკასიასაც, სადაც მრავლადაა მოუგვარებელი ეთნო და რელიგიური კონფლიქტები. სამხედრო დაპირისპირება ირანსა და საუდის არაბეთის შორის აუცილებლად უარყოფითად აისახებე სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებზე.
ამგვარად, ყველა პირობა იქმნება, რომ ახლო აღმოსავლეთში გაჩნდეს კიდევ ერთი უმართავი კონფლიქტი რეგიონის ყველაზე ძლიერი ქვეყნების — ირანისა და საუდის არაბეთის უშუალო მონაწილეობით.
ერთი სიტყვით, განხეთქილება მუსულმანურ სამყაროში ძალიან საშიშ ხასიათს იღებს, რამაც შესაძლოა, მიიყვანოს ახლო აღმოსავლეთი კიდევ ერთ მასშტაბურ რეგიონულ დაპირისპირებამდე. წამზომი ჩართულია…

Leave A Reply

Your email address will not be published.