2016 წლის მსოფლიო მოვლენებიდან ყველაზე გამორჩეული ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნები იყო. საპრეზიდენტო არჩევნებში ორი ძლიერი კანდიდატი ჰილარი კლინტონი და დონალდ ტრამპი იბძროდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წუთამდე კლინტონს გამარჯვების მეტი შესაძლებლობა ჰქონდა და შეიძლებოდა სწორედ ის გამხდარიყო ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტი ქალი, გამარჯვება დონალდ ტრამპმა მოიპოვა.
გასულ წელს გამორჩეულ მოვლენებს შორის „ზიკას“ ვირუსიც მოხვდა. წლის დასაწყისში ვირუსი სამხრეთ ამერიკაში გამოვლინდა. შემდეგ მსგავსი ფაქტები ევროპასა და რუსეთშიც დაფიქსირდა. აღნიშნული ვირუსი ახალშობილებში მიკროცეფალიას იწვევს. კერძოდ, ახალშობილის თავის ქალა ზომაში ნორმაზე ორ-სამჯერ ნაკლებია, რაც თავის ტვინის განვითარებას უშლის ხელს. ვირუსი „ზიკა“ განუკურნებელია და ამდენად, იგი ძალიან საშიშია.
2016 წლის 15 ივლისს, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი. შეიარაღებული ძალების ნაწილმა მძიმე ტექნიკის გამოყენებით, ბოსფორის ხიდი გადაკეტეს. გადატრიალება, რომელიც პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანისა და მისი მთავრობის დასახმობად იყო გამიზნული, ვერ შედგა. გადატრიალების მცდელობის დროს 300-მდე ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაიჭრა.
ერდოღანის მტკიცებით, გადატრიალებასთან კავშირში იყო აშშ-ში მცხოვრები თურქი სასულიერო პირი ფეთჰულა გიულენი და მისი მოძრაობა, თუმცა თავად გიულენმა აღნიშნულთან კავშირი უარყო და გადატრიალების მცდელობაში თავად ერდოღანი დაადანაშაულა.
2016 წელი მსოფლიოსთვის მიგრანტების კრიზისითაც იყო ცნობილი. გაერო-ს ლტოლვილთა საკითხებზე მომუშავე სამმართველოს ინფორმაციით, 2016 წელს ხმელთაშუა ზღვაში წინა წლებთან შედარებით, ყველაზე მეტი მიგრანტი გარდაიცვალა. მათმა რიცხვა 3 800 შეადგინა.
ასევე, აქტუალური იყო სირიის კრიზისი, რამაც ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. მთელი წლის განმავლობაში სირიაში მომხდარი აფეთქებები ყველაზე სისხლიანი გამოდგა. წლის ბოლოს, დეკემბრის დასაწყისში, ქალაქი ალეპო საომარი მოქმედებების მთავარი სამიზნე გახდა, როდესაც სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოს ისტორიული ცენტრი დაიკავეს, რომელსაც უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ამბოხებულები აკონტროლებდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ სირიის სამთავრობო ძალებს დახმარებას რუსეთის ავიაცია უწევს. უკანასკნელი მონაცემებით, სირიაში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, 400 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად, სირიის ხელისუფლება და მეამბოხეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.
2016 წელს კვლავაც ე.წ. ისლამური სახელმწიფო იყო გააქტიურებული. დაჯგუფების წევრები განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდნენ. მათ შორის ,ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო 28 ივნისს, სტამბოლში, ათათურქის აეროპორტში მოწყობილი ტერაქტი, რომელსაც 41 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით ადამიანი მძიმედ დაშავდა. 3 ივლისს, ისლამური სახელმწიფოს სამიზნე ერაყი გახდა. ბაღდადში ხალხმრავალ ადგილზე დამონტაჟებულ ბომბს 167 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 23 ივლისს კი ავღანეთში, ქალაქ ქაბულში მომხდარი ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა აღნიშნულმა დაჯგუფებამ აიღო. ქაბულში თვითმკვლელი ტერორისტმა თავი აიფეთქა, რა დროსაც 80-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. 2 დეკემბერს, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებმა კიდევ ერთ შემზარავ ფაქტზე აიღეს პასუხისმგებლობა – ერაყის ქალაქ მოსულიში, 15 ბავშვი მშობლების თვალწინ მოკლეს.
2016 წლის ზაფხულში მსოფლიოს ინტერესი სპორტისკენ და კერძოდ, ბრაზილიისკენ იყო მიმართული. 5-დან 21 აგვისტოს ჩათვლით, რიოში ოლიმპიური თამაშები ჩატარდა. ოლიმპიადის გახსნის გრანდიოზული ცერემონია „მარაკანას“ ცნობილ სტადიონზე გაიმართა. ოლიმპიური ცეცხლის ბოლო მეჩირაღდნე მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, ბრაზილიელი პელე გახლდათ. ოლიმპიური თამაშების გახსნას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მეუღლესთან ერთად ესწრებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს 40 სპორტსმენი მონაწილეობდა. ისინი სპორტის 13 სახეობაში გამოვიდნენ. ქართველებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. საერთო ჩათვლაში კი, 207 ქვეყანას შორი 38-ე გუნდური ადგილი დაიკავეს.
და ბოლოს, წლის ყველაზე პოზიტიურ მოვლენად მსოფლიოში ე.წ. სუპერმთვარის გამოჩენა სახელდება. 14 ნოემბრის ღამეს, მთვარე 21-ე საუკუნეში დედამიწას ყველაზე უფრო მეტად მიუახლოვდა. მსგავსი მოვლენა გასულ საუკუნეში დაფიქსირდა და 2 034 წელსაც განმეორდება. ამჯერად კი, NASA-ს ინფორმაციით, მთვარე დედამიწასთან მიახლოებისას 14-ჯერ უფრო დიდი და 30-ჯერ უფრო ნათელი იყო.
მსოფლიოს ყველა წერტილში „სუპერმთვარის“ საყურებლად ქუჩებში ათასობით ადამიანი შეიკრიბა და ამ უიშვიათეს მოვლენას აკვირდებოდა.
წყარო: “ინფო9”