რა ხდებოდა ციხეში? – ინტერვიუ კვლევის თანაავტორთან

„საპატიმროებში ძირითადად იყო ცემა ჯგუფურად ციხის თანამშრომლების მხრიდან წიხლებით, რეზინის ხელკეტებით. ძალიან უმნიშვნელო მიზეზის გამო პატიმარი სიკვდილამდეც მიუყვანიათ. მაგალითად, თუ საკანში 8 პატიმარი იყო და ერთის საუბარი კონტროლიორმა ხმამაღლა ლაპარაკად ჩათვალა, 8-ვე პატიმარს სიკვდილამდე სცემდნენ. იყო აბაზანაში ხელკეტებით ჯგუფურად ცემის ფაქტები. იყო შემთხვევები, როდესაც ცემის დროს შემოაკვდათ პატიმარი, მერე სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და ვითომ იქ გარდაიცვალა. გაუპატიურების შემთხვევებზე თითქმის არც ერთი პატიმარი არ ჰყვება. რაც ცნობილია ჩვენთვის, ეს არის ზოგადად გახმაურებული ფაქტები. გამოდიოდა ხმები, რომ ხდებოდა ასეთი კონკრეტული დანაშაული, მაგრამ პატიმრებმა გარკვეული მიზეზების გამო ამის გახმაურება არ ისურვეს. თუმცა ის, რომ ასეთი დანაშაული ხდებოდა, გავრცელებულ კადრებამდეც არავისთვის არ იყო საიდუმლო”, – 2102 წლამდე ციხეებში არსებულ წამებაზე საუბრობს ა/ო „კონსტიტუციის 42-ე მუხლის” იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი.

ცნობისთვის, 2014 წელს გამოქვეყნდა კვლევა. გამოკითხულ 1199 ყოფილ და იმჟამინდელ პატიმართა 64%-ის მონათხრობით, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები სისტემატურად (ყოველდღიურად) იყო გავრცელებული სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში. გამოკითხულთა სამი მეოთხედი, 75.4%, ამბობდა, რომ მათ ფიზიკურად აწამებდნენ; ხოლო რესპონდენტთა 84.2% აღნიშნავდა, რომ მათ ფსიქოლოგიურად აწამებდნენ. ასეთი მოპყრობა გავრცელებული იყო სხვადასხვა საპატიმროებში, ყველაზე მეტად კი გლდანის მე-8 საპყრობილეში. კვლევის თანაავტორი იყო „კონსტიტუციის 42-ე მუხლიც”. ის ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს” დაკვეთით ჩატარდა. არჩილ ჩოფიკაშვილი: იმ საქმეებიდან გამომდინარე, რაც ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლს” ჰქონდა, იკვეთებოდა, რომ 2012 წლამდე არაადამიანური და სასტიკი მოპყრობა იყო სისტემური და მას ორგანიზებული ხასიათი ჰქონდა როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, ასევე პოლიციაშიც, მანამ, სანამ სასამართლო დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებდა. ანუ, ყველა პატიმარი, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, არაადამიანური და სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი იყო. წამების მაჩვენებელიც ძალიან დიდი იყო და ვის როგორ აწამებდნენ, ეს გამოქვეყნებულ კვლევაშიც არის ასახული.

სასტიკი წამების კადრები ახლაც ვრცელდება ინტერნეტში, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ეს ისედაც ცნობილი იყო. როცა არჩევნების შემდეგ დანაშაულების გამოძიება დაიწყო, მაშინ კადრების ნახვის შესაძლებლობაც არსებობდა. მაშინ დიდი მსჯელობა იყო იმაზეც, უნდა განადგურებულიყო თუ არა ეს კადრები.

„რ”: ამბობთ, რომ კადრებიც გავრცელდაო, თუმცა საუბრობენ იმაზე, რომ ციხის კადრების ის ნაწილი, რომელმაც ყველაზე მეტად აღაშფოთა საზოგადოება, დადგმული იყო.

ა.ჩ: მარტო ერთ ფაქტზე, ცოცხის კადრზეა საუბარი, რომ დადგმული იყო. თუმცა ის ცოცხის კადრიც დადგმულია თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ის მაინც წამების ამსახველი ფაქტია.

ახლა ერთ სიუჟეტს ვუყურე, სადაც ასეთი სისულელე ითქვა: ცოცხი ადამიანს ანუსში შეყვანილი არ ჰქონდა და ამიტომ არ იყო წამებაო. ადამიანი დაჩოქილი ჰყავთ, ხელები შეკრული აქვს, თავზე დამაწყნარებელი შლემი უკეთია და შარვალი აქვს ჩახდილი და თურმე ცოცხი იმიტაციისთვის ფეხებშუა უმაგრია – თავად ეს ფაქტი არ არის წამება და არაადამიანური ქმედება?!

ეს კიდევ ცალკე უბედურებაა, თუკი ციხის ერთ თანამშრომელს შეეძლო, ასეთი რამეები დაედგა და ციხის ადმინისტრაცია ამაზე კონტროლს არ ახორციელებდა და სათანადო რეაგირებას არ ახდენდა. ასეთი ქმედებების შესახებ კი საზოგადოებისათვის ცნობილი მხოლოდ მას შემდეგ გახდა, რაც ვითომ ამ კადრის დამდგმელმა გაასაჯაროვა. ამიტომ, დადგმულია თუ არა, ეს საქმეს არსებითად არ ცვლის. ამ კადრების გარეშეც წამების უამრავ სხვა ფაქტზეა საუბარი.

წინა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ე.წ. შეცდომად აღიარებულია მასობრივი ცემის კადრი, ე.წ. კარანტინის დაშლა და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ციხეში მასობრივად ყველა პატიმარს ექცეოდნენ ასე, მსუბუქი დანაშაულისათვის იყო ის დაპატიმრებული თუ მძიმე დანაშაულისათვის. სხვა კადრები რომც არ არსებობდეს, მარტო ამ კადრებიდან შეიძლება დასკვნის გამოტანა. ელემენტარული ლოგიკაა საჭირო, განსაკუთრებით არასასურველ პატიმრებს რას უზამდნენ და რა მდგომარეობაში ჩააგდებდნენ.

„რ”: წამების მიზეზი ძირითადად რა იყო?

ა.ჩ: 2012 წელს გავრცელებული კადრებიდანაც ირკვევა, რომ განსაკუთრებული სისასტიკე იყო იმ პატიმრების მიმართ, ვისაც ე.წ. ქურდული სამყაროს მიმართ ჰქონდა სიმპათია. ეს რაც ჩანს, თუმცა ასევე განსაკუთრებული სისასტიკის მსხვერპლნი ხდებოდნენ ადამიანები, როდესაც ქონების გადაფორმების ინტერესი ან ბრალის აღიარება იყო. ფაქტობრივად, ყველა პატიმარს აიძულებდნენ, ყველაფერზე წასულიყვნენ, ოღონდ ციხიდან გამოსულიყვნენ. ასეთი პატიმრები ყველაფერზე ხელს აწერდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რაც მწამებლებს სურდათ.

ზოგადად, აღიარების მიზნით წამება და სასტიკი მოპყრობა ძალიან დიდი უბედურებაა, მაგრამ დღეს რატომღაც არანაირი ყურადღება არ მახვილდება და ყველაზე დიდი უბედურება ეს არის სასამართლო სისტემა. არც ერთი წამება არ მოხდებოდა, სისტემური დანაშაული ვერ მოხდებოდა, სასამართლო მოწოდების სიმაღლეზე რომ ყოფილიყო და ისეთი გულგრილი დამოკიდებულება არ ჰქონოდა, როდესაც ყველაფერზე განაჩენს ამყარებდა. ასეთი ტიპის აღიარებები საკმარისი იყო სასამართლოსთვის, რომ განაჩენი დაედგინა იმ ადამიანისათვის, ვისაც აწამებდნენ. წამების არც ერთ მსხვერპლს სასამართლოს იმედი არ ჰქონდა. მართლმსაჯულება არ ფუნქციონირებდა. შესაბამისად, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ამ სიტუაციაში სასამართლოს უნდა დაეკისროს და სხვათა შორის, იგივე მოსამართლეები დღესაც ახორციელებენ მართლმსაჯულებას და პრეტენზიაც აქვთ, რომ მუდმივი ვადით დაინიშნონ.

ისე მარტივად არ არის საქმე, რომ პრობლემა არ ყოფილა და მხოლოდ ვიღაცამ ცოცხით რაღაც კადრი დადგა. მაგალითად, იყო უკანონი პატიმარი არქანია, რომელიც ამბობს, რომ გაუპატიურებით დამემუქრნენ და ამიტომ ვილაპარაკე ყველაფერი, რაც მათ უნდოდათო.

„რ”: ამბობთ, წამება ხდებოდა იმიტომ, რომ ეღიარებინათ რაღაც ბრალი ან გადაეფორმებინათ ქონება? თუმცა უფლებადამცველები საუბრობთ ხოლმე იმაზეც, რომ წამება უკვე მისჯილი პატიმრების მიმართაც ხდებოდა. რა იყო მიზანი?

ა.ჩ: მისჯილი პატიმრების წამება ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ მომავალ პატიმრებს სცოდნოდათ, რა ბედი ელოდათ მათ. რა თქმა უნდა, ხდებოდა წამება განაჩენამდეც და შემდეგაც და ეს ემსახურებოდა საერთო შიშის შენარჩუნების სურვილს.

„რ”: რა სახის წამებაზე ჰყვებიან პატიმრები?

ა.ჩ: ძირითადად იყო ცემა ჯგუფურად ციხის თანამშრომლების მხრიდან, წიხლებით, რეზინის ხელკეტებით. ეს ძალიან აპრობირებული მეთოდი იყო. ძალიან უმნიშვნელო მიზეზის გამო პატიმარი სიკვდილამდეც მიუყვანიათ.

მაგალითად, თუ საკანში 8 პატიმარი იყო და ერთის საუბარი კონტროლიორმა ხმამაღლა ლაპარაკად ჩათვალა, 8-ვე პატიმარს სიკვდილამდე სცემდნენ. იყო აბაზანაში ხელკეტებით ჯგუფურად ცემის შემთხვევები. იყო შემთხვევები, როდესაც ცემის დროს შემოაკვდათ პატიმარი, მერე სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და ვითომ იქ გარდაიცვალა.

გაუპატიურების შემთხვევებზე თითქმის არც ერთი პატიმარი არ მოყვება. რაც ცნობილია ჩვენთვის, ეს არის ზოგადად გახმაურებული ფაქტები. გამოდიოდა ხმები, რომ ხდებოდა ასეთი კონკრეტული დანაშაული, მაგრამ პატიმრებმა გარკვეული მიზეზების გამო ამის გახმაურება არ ისურვეს. თუმცა ის, რომ ასეთი დანაშაული ხდებოდა, გავრცელებულ კადრებამდეც არავისთვის არ იყო საიდუმლო.

„რ”: როდესაც საუბრობთ, რომ წამება სისტემური, მასობრივი და ორგანიზებული იყო, ამ ფაქტებს აცნობდით იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს? თუ აწვდიდით, რა იყო მათი რეაქცია?

ა.ჩ: ასეთი ტიპის ფაქტებზე შესაბამის ორგანოებში საჩივრები შეგვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, პროკურატურა არ იძიებდა. ამას დანაშაულად არ თვლიდა, მიიჩნევდა, რომ ეს ფაქტი არ დადასტურდა. ახლაც კი პრობლემაა ციხეში ჩადენილ დანაშაულზე რეაგირების მოხდენა.

ევროსასამართლოშიც გვქონდა განცხადებები, მაგრამ 2006-2008 წლებში განსაკუთრებული წნეხი წავიდა ისეთ პატიმრებზე, რომლებიც ევროსასამართლოში დავობდნენ და ძალიან ბევრი პატიმარი აიძულეს, განაცხადი უკან გამოეხმოთ იმის შიშით, რომ წამების უარეს პირობებს არ დაქვემდებარებოდნენ. ამიტომ, ყველა ფლანგზე მეტასტაზებივით იყო გაშლილი პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობა.

ციხის უფროსისათვის ან მინისტრისათვის ამ ფაქტების მიწოდებას აზრი არ ჰქონდა, რადგან თავად იყვნენ ამ წამების ორგანიზატორები. მხოლოდ იმის გამო, რომ პატიმარმა წამების ფაქტი ადვოკატს მოუყვა, უარეს დღეში ჩავარდებოდა.

„რ”: როგორ ფიქრობთ, შესაძლოა, ეს ფაქტები სასჯელაღსრულების ან შს მინისტრებს და მის მოადგილეებს არ სცოდნოდათ?

ა.ჩ: გამორიცხულია და არასერიოზულია იმის თქმა, რომ მინისტრებსა და მინისტრის მოადგილეებს კი არა, ზოგადად მთავრობის წევრებს არ სცოდნოდათ. არაერთი ანგარიში იყო, საერთოდ საქართველოშიც რომ არ ყოფილიყო, საერთაშორისო ორგანიზაციების თუ სახალხო დამცველის ანგარიშებს წაიკითხავდა.

„რ”: სასჯელაღსრულების არც ერთი ყოფილი მინისტრის მიმართ არ აღძრულა საქმე იმაზე, რომ მათ დროს ციხეებში წამება და არაადამიანური მოპყრობა ხდებოდა. თუკი დანაშაული სისტემური იყო, მათ ეკუთვნით თუ არა პასუხისგება და რამდენად რთულია ამის სასამართლოში მტკიცება?

ა.ჩ: ეს შეკითხვა პროკურატურაში უნდა დასვათ. რამდენადაც ვიცი, მაგალითად, ახალაიას მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა ციხესთან დაკავშირებულ რამდენიმე ფაქტზე, რომელიც ძალიან გახმაურებული იყო. რატომ ვერ ხდება დამტკიცება? ძალიან ხშირად სახელდება ის, რომ პროკურატურა უსუსურია და დანაშაულების დამტკიცებას ვერ ახერხებს. ასევე მეორე მიზეზია ის, რომ სასამართლოს ისევ ის ძალა აკონტროლებს, ვინც ადრე აკონტროლებდა. დასკვნა საზოგადოებამ გააკეთოს.

„რ”: სხვადასხვა ანგარიშებში საუბარი იყო ცემაზე, მუქარაზე და გადაჭედილ საპატიმროებზე, მაგრამ გაუპატიურება რომ ხდებოდა, ამაზე არავინ საუბრობდა და ეს ცნობილი მხოლოდ სამეგრელოში აღმოჩენილი ფაილების შემდეგ გახდა. თქვენ იცოდით ეს კადრების გავრცელებამდე?

ა.ჩ: ადამიანებს რომ აუპატიურებდნენ და ვიდეოს იღებდნენ, ასეთი ფაქტი არ მახსენდება და არ ხმაურდებოდა სწორედ იმიტომ, რომ სისტემური და კარგად ორგანიზებული იყო. ეს რომ ერთეული შემთხვევა ყოფილიყო, არ დაიმალებოდა და წამოყოფდა თავს. თუნდაც ის, რომ ეს დანაშაული გამომზეურდა მას შემდეგ, რაც ქვეყანაში რადიკალურად შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია, მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზებული ქმედება იყო.

ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ სულ რამდენიმე ადამიანი სჩადიოდა ამ საშინელებებს და იღებდა ვიდეოსო; ან საუბარია იმაზე, რომ ციხის კადრებს თურმე მარტო ერთი ბედუკაძე დგამდა და იღებდა. იმ კადრებში ციხის 5-6 თანამშრომელია და როგორ შეიძლება, რომ ციხის ადმინისტრაცია და პენიტენციარული სისტემის ხელმძღვანელობა არაფერს უკვეთავდა და ციხეში 5 კაცი შედიოდა, აუპატიურებდა, სცემდა, კლავდა ხალხს, იღებდა ვიდეოს და არავინ საქმის კურსში არ იყო?! ეს გამორიცხულია.

„რ”: ამ ბოლო ხანებში წამების ამსახველი ვიდეოების გავრცელების შემდეგ საზოგადოება დღევანდელ ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ გვითხრეს, კადრები გავანადგურეთ და ვხედავთ, ისევ ვრცელდებაო. თუმცა 2013 წელს აღმოჩენილი 26 ათასი ფაილიდან განადგურდა მხოლოდ 144 ფაილი, რომელიც პირადი ცხოვრების კადრებს შეიცავდა, წამების ამსახველი კადრები კი გამოძიებისათვის დარჩა. ასე იყო თუ არა და, თქვენი აზრით, უნდა გაენადგურებინა თუ არა ხელისუფლებას ყველა კადრი?

ა.ჩ: პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა განადგურდა, ხოლო წამების ამსახველი – არა. ჩემი პოზიცია იყო ის, რომ არც ერთი ფაილი არ უნდა განადგურებულიყო და ესეც, როგორც მტკიცებულება, უნდა დარჩენილიყო. რა არის იმის გარანტია, რომ ვინც ეს ჩაიდინა, მას ასლები არ აქვს და როდესაც დასჭირდება, მანიპულირებას არ დაიწყებს? ფაქტია, რომ კადრები ვრცელდება და მომავალშიც შესაძლოა გავრცელდეს.

„რ”: ამ 26 ათასის გარდა საუბარი იყო კიდევ 17 500 ფაილზე, რაც სამეგრელოში კასრებში აღმოაჩინეს და სამეგრელოს წამების ფაქტზე 9 პირია გასამართლებული. რამდენად ადეკვატურია, რომ 9 ადამიანი იყოს დამნაშავე წამებასა და 17 500 ფაილის შექმნაში?

ა.ჩ: აქ დანაშაული ორი სახისაა. ერთი არის იმ თანამდებობის პირის დანაშაული, ვინც უკანონოდ ჩაიწერა ადამიანების პირადი ცხოვრება და შეინახა. მეორე დანაშაულია, მაგალითად, ბოლოს რაც გავრცელდა, ჯგუფურად წამება, სასტიკი მოპყრობა და გაუპატიურება. მეც და ბევრი სხვაც დარწმუნებულები ვართ, რომ 9 ადამიანი ამხელა საშინელებებს ვერ ჩაიდენდა. რატომ არ არიან სხვები პასუხისგებაში მიცემულები და რატომ არ არის შესაბამისი რეაგირება, ამაზე მე პასუხს ვერ გაგცემთ, ეს პოლიციისა და პროკურატურის ქვემდებარე საკითხებია.

სწორედ ამიტომ, რომ დასჯილია მხოლოდ პირობითად ის 9 ადამიანი, ამას პლუს ციხის კადრებზე წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე დასჯილი სხვა ადამიანებიც, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ იმ კითხვებს, რაც საზოგადოებას ჰქონდა, პასუხი არ გაეცა.

„რ”: პრემიერი აცხადებს, რომ წამების ფაქტების არსებობის გამო „ნაციონალებს” არ აქვთ უფლება, ხალხი დამოძღვრონ, თუმცა გამოძიებას ყველა მხარე ითხოვს. რამდენად ადეკვატურია დღეს გამოძიება?

ა.ჩ: ცალსახაა ის, რომ ამომწურავი და სრული გამოძიება უნდა მოხდეს. პრემიერის განცხადებას მე ვერ შევაფასებ, მე სამართლებრივად გეტყვით, რაც უნდა მოხდეს: ყველა დანაშაული სრულად უნდა იყოს გამოძიებული. საზოგადოებაში არის განცდა, რომ გამოძიება სრულად და ადეკვატურად არ განხორციელდა, ამდენად ერთადერთი გამოსავალი სრულყოფილი გამოძიებაა.

წყარო: „რეზონანსი”

Comments
Loading...