რა მიზნები აქვს თურქეთს საქართველოში – ინტერვიუ თურქეთის ელჩთან

“თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობა არის საუკეთესო მაგალითი და პრეცედენტი, თუ როგორი ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს დიდ და პატარა, განსხვავებული რელიგიური მრწამსის ქვეყნებს. ჩვენი მტრები მუდამ ცდილობენ, რომ თურქეთი-საქართველოს მეგობრობას ბზარი გაუჩინონ და იგონებენ ჭორებს, თითქოს თურქეთს გარკვეული ინტერესები აქვს აჭარის რეგიონთან, ბათუმთან და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო – ეს მტკნარი სიცრუეა, რომელსაც მხოლოდ ბოროტი ზრახვები აქვს. თურქეთი დაინტერესებულია, რომ არათუ აჭარა, არამედ აფხაზეთიც და ოსეთიც საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდეს და მაქსიმუმს გააკეთებს საამისოდ”, – განაცხადა “რეზონანსთან” საუბარში თურქეთის ელჩმა საქართველოში ლევენთ გუმრუქჩუმ, ვისთანაც როგორც საქართველო-თურქეთის ურთიერთობებზე, ისე საერთაშორისო საკითხებზეც ვისაუბრე.

როგორც ლევენთ გუმრუქჩუ ამბობს, „მიმდინარე წელს 25 წელი ხდება მას შემდეგ, რაც საქართველოსა და თურქეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა დამყარდა. თურქეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა ცნო და მასთან აქტიური თანამშრომლობის განვითარება დაიწყო.

ამ 25 წლის განმავლობაში ორმა ქვეყანამ ურთიერთობის დიდი გზა გაიარა და ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწია მეგობრობის და კეთილმეზობლობის გზაზე. გასული წელიც მორიგი აგურის დადება იყო ჩვენ შორის ურთიერთობის გაღრმავების კუთხით. ორ ქვეყანას შორის შეიქმნა ახალი თანამშრომლობის ფორმატი – უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭო, რომელიც შეიკრიბება წელიწადში ერთხელ და მას უხელმძღვანელებს ორივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. საბჭოს პირველი სხდომა ჩატარდება წელს, აპრილის თვის დასაწყისში, თურქეთში. ურთიერთობების 25 წლის განმავლობაში თითქმის ყველა სფეროში შეიქმნა თანამშრომლობის მყარი საფუძველი. ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია, რომ ქვეყნებს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიურად განვავითაროთ ორივე მხარის სასარგებლოდ.

ამ თვალსაზრისით, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანი წარმმართველი ძალა იქნება უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მიერ დაფიქსირებული ხედვები და მიდგომები. 2015 წელს თურქეთში ორჯერ ჩატარდა არჩევნები და არ მოგვეცა საშუალება, რომ საგარეო ურთიერთობებისათვის უფრო მეტი დრო დაგვეთმო. ამის გამო, თურქეთსა და საქართველოს შორის უმაღლესი დონის ვიზიტების სიხშირის თვალსაზრისით, გასულ წლებთან შედარებით, ერთგვარ ჩავარდნასთანაც გვქონდა საქმე, მაგრამ მომავალში ჩვენ ამას აუცილებლად და სწრაფად გამოვასწორებთ.

მაგალითად, გასულ კვირას მოეწყო ჩვენი ტრანსპორტის მინისტრის, ხოლო ამ კვირას კი დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომელიც ჩატარდება, როგორც ორმხრივ, ასევე აზერბაიჯანის მონაწილეობით, სამმხრივ ფორმატშიც. საბჭოს სხდომამდე დარჩენილ მოკლე პერიოდში იგეგმება ეკონომიკის, კულტურისა და იუსტიციის მინისტრების ორმხრივი ვიზიტები“.

– მინდა გკითხოთ აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით. ნათელია, რომ თურქეთი საქართველოს უახლოესი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია, ამავე დროს არსებობს ინფორმაცია, რომ გარკვეული სავაჭრო და კულტურული ურთიერთობები გაქვთ ამ ოკუპირებულ რეგიონთან…

– უპირველეს ყოვლისა მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ თურქეთი არის საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი. თურქეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს აღიარებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად და არასოდეს ცნობს მათ დამოუკიდებლობას. ამასთანავე, თურქეთი აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპის კავშირსა და ნატოში.

რაც შეეხება აფხაზეთის თემატიკას, ის კავშირები, რაც არსებობს თურქეთში მცხოვრები პირების მხრიდან ამ რეგიონთან, არის არაფორმალური ხასიათის და არავითარ შემთხვევაში არ გამოხატავს თურქეთის მთავრობის პოზიციას. თურქეთი როგორც აფხაზეთს, ასევე სამხრეთ ოსეთს განიხილავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში. მინდა ნათელი მოვფინო ამ საკითხს: თურქეთში აფხაზური წარმოშობის მრავალი ათასი ჩვენი მოქალაქე ცხოვრობს, ისევე როგორც ქართული წარმოშობის თურქი მოქალაქეები და მათ ვერ ავუკრძალავთ თავის ნათესავებთან კავშირებს და ურთიერთობას.

ვაჭრობასთან დაკავშირებით ჩვენ დაფიქსირებული გვაქვს პოზიცია, რომ არ მივესალმებით ამას, თუმცა ტვირთები თურქეთიდან ჯერ რუსეთში ჩადის და შემდეგ სოჭის გავლით ხვდება აფხაზეთში. არც კი ვიცით, ეს ბრუნვა რა მოცულობისაა, რადგანაც რეგისტრირებული არ არის. ამასთანავე, მოდით სხვა კუთხითაც შევეცადოთ ამ საკითხს შევხედოთ და მომავალზეც ვიფიქროთ – როდესაც დადგება მომენტი და საჭირო გახდება საქართველოსა და აფხაზეთს შორის მოლაპარაკებისთვის მოედანი და გარკვეული საფუძველი ნდობის აღდგენის დასაწყებად, აფხაზურ და ქართულ დიასპორებს შეუძლიათ მნიშვნელოვნად შეუწყონ ხელი დიალოგის დაწყების პროცესს. ანუ, თურქეთი ის ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია ყველაზე მეტი წვლილი შეიტანოს აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის საქმეში და ჩვენ მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ ამ კუთხით გამოვიყენოთ ორივე მხარესთან არსებული ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობები.

– ცოტა ხნის წინ აფხაზეთი შეუერთდა რუსეთის ემბარგოს თურქეთის წინააღმდეგ…

– არ მგონია, ეს აფხაზეთს თავისი სურვილით გაეკეთებინა და არც ის მგონია, რომ აფხაზეთის ლიდერებს ამ მიმართულებით კიდევ უფრო შორს წასვლა სურდეთ. ცოტა ხნის წინაც აღვნიშნე, რომ თურქეთსა და აფხაზეთს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები, რაზედაც საუბრობენ, სრულიად არაოფიციალური და აღურიცხავია. აქედან გამომდინარე, სანქციები ვერ იქონიებს თურქეთზე მნიშვნელოვან გავლენას. ჩვენ ზოგადად მიგვაჩნია, რომ სანქციები არასწორი მეთოდია. ჩვენი აზრით, პრობლემების გადაჭრისათვის არა ცალმხრივი, ნეგატიური მიდგომები, არამედ ორმხრივი დიალოგია საჭირო, რაც რუსეთთან მიმართებაშიც ასეა.

– სამაგიეროდ წინ მიიწევს ასადის არმია რუსეთის ავიაციის მხარდაჭერით და სულ უფრო უახლოვდება თურქეთის საზღვარს სირიის მხრიდან…

– უპირველეს ყოვლისა, მინდა ერთი განცხადება გავაკეთო რუსეთთან დაკავშირებით. ბოლო 20-25 წელი ვცდილობთ რუსეთთან ვითანამშრომლოთ და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობა ჩამოვაყალიბოთ და ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვან წარმატებებს მივაღწიეთ. აქედან გამომდინარე, 24 ნოემბერს მომხდარი რუსული საბრძოლო თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი, რომელმაც ჩვენი საჰაერო სივრცე დაარღვია, არ შეიძლება შეფასდეს როგორც თურქეთის მიზანმიმართული აგრესიული ქმედება, ეს არარეალისტურია. პირიქით, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამგვარი ფაქტის თავიდან ასაცილებლად. რუსეთის სირიის ომში ჩართვისთანავე არაერთი შეხვედრა გვქონდა სხვადასხვა დონეზე, სადაც ვაფიქსირებდით ჩვენს შეშფოთებას იმის გამო, რომ ეს საომარი ოპერაციები თურქეთის საზღვრების სიახლოვეს მიმდინარეობდა და რუსული თვითმფრინავები სახიფათო ზონაში დაფრინავდნენ. მრავალჯერ გავაფრთხილეთ რუსეთი ამის შესახებ, მაგრამ მათ არ გაითვალისწინეს ეს.

თვითმფრინავის ჩამოგდების წინ რუს პილოტებს გათიშული ჰქონდათ მათთან საკომუნიკაციო სპეციალური არხიც კი, რომელიც ამოქმედდა ცოტა ხნის წინ. მიუხედავად ამისა, ამ ფაქტის შემდეგაც ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ მოლაპარაკებები გაგვეგრძელებინა, ყველაფერი გაგვერკვია და კონფრონტაცია აგვეცილებინა, რაზეც რუსეთმა სანქციებით გვიპასუხა.
რაც შეეხება სირიაში რუსეთის საჰაერო შეტევებს, ნათელია, რომ იგი არ არის მიმართული “დეაშ”-ის (ე.წ. “ისლამური სახელმწიფო”) წინააღმდეგ. რუსეთის პოზიციაა, რომ გაახანგრძლივოს ასადის რეჟიმის არსებობა, ამიტომ მის მიერ განხორციელებული საჰაერო შეტევების უმეტესობის სამიზნეა სამოქალაქო პირები. იგი ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა გადაწყვეტილებას და სამწუხაროდ, განსაკუთრებით ბოლო ერთი კვირის მანძილზე, გამოიწვია ლტოლვილების ახალი, სერიოზული ნაკადი თურქეთის საზღვრის მიმართულებით. თურქეთმა უკვე შეიფარა 2.7 მილიონი სირიელი ლტოლვილი და დღემდე მისი კარი ღიაა იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გამოექცნენ სასტიკ რეჟიმს.

ეს არა მხოლოდ თურქეთის, არამედ მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის პრობლემაა. უფრო ეფექტური ნაბიჯები უნდა გადაიდგას როგორც რუსეთის თავდასხმების შეჩერების, ასევე ლტოლვილთა პრობლემაზე პასუხისმგებლობის უფრო სამართლიანად განაწილების საკითხში. გასულ კვირას შედგა გერმანიის პრემიერ-მინისტრის მერკელის ვიზიტი თურქეთში, რა დროსაც გადავწყვიტეთ, რომ ერთად დავაყენოთ ეს საკითხი ამ რაკურსით, როგორც ნატოში, ასევე გაეროში.

– გასულ წელს “ისლამური სახელმწიფოს” მხრიდან თურქეთი არაერთი ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი გახდა, რაც ასევე დაკავშირებულია სირიის თემასთან…

– უპირველეს ყოვლისა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ იმ სახელის გამოყენებისა, რომელიც ტერორისტულმა ორგანიზაცია “დეაშმა” (“ისლამური სახელმწიფო”) აიღო. ვინაიდან მას რელიგიასთან არავითარი კავშირი არა აქვს – ისლამი ეს არის მშვიდობა და არა კაცკვლა, ისინი კი სრულიად საპირისპიროდ მოქმედებენ. რაც შეეხება თქვენს კითხვას, თურქეთი თავიდანვე განიხილავდა “დეაშ”-ს, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას და აქტიურად ებრძოდა მას. “დეაშ”-ი განსაკუთრებით გააქტიურდა მას შემდეგ, რაც თურქეთმა დაიწყო მათი შევიწროება სირიაში, ცდილობდა მათთვის გადაეკეტა მომარაგების წყაროები, შეეზღუდა რესურსები და მონაწილეობდა საერთაშორისო კოალიციაში საჰაერო დარტყმების სახით. სწორედ ამ აქტიურობას მოჰყვა ტერაქტები ანკარაში, დიარბაქირსა და ისტანბულში.

თურქეთი ერთდორულად ებრძვის როგორც “დეაშ”-ს ასევე, ტერორისტულ ორგანიზაცია ზლლ-ს (ე.წ. “ქურთ მუშათა პარტია”), რომელიც 1984 წლიდან ახორციელებს თავის ქმედებებს თურქეთის წინააღმდეგ. ზლლ, ისევე როგორც “დეაშ”-ი მხარდაჭერილია ერაყისა და სირიის ტერიტორიაზე არსებული ორგანიზაციების მიერ და სამწუხაროდ, ისინი პერიოდულად ცდილობენ ერთობლივი ძალებით მიაყენონ დარტყმები სახელმწიფოს.

დიდ სირთულეს ქმნის ის ფაქტი, რომ თურქეთს სირიასთან 911-კილომეტრიანი სახმელეთო საზღვარი აკავშირებს და რთულია ყველა გადასასვლელი გადაუკეტო ტერორისტებს, მაგრამ ჩვენი სპეცსამსახურები ცდილობენ, რომ უფრო ეფექტური ბრძოლა აწარმოონ, რაც ორივე ტერორისტული ორგანიზაციის მხარეს იწვევს სერიოზულ დანაკარგებს.
ჩვენ გვჯერა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური თანამშრომლობის შემთხვევაში, მალე შევძლებთ ტერორიზმის დამარცხებას.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ტერორიზმთან ბრძოლაში ძალიან მნიშვნელოვანია პრინციპული და მყარი პოზიცია. დაუშვებელია კარგ და ცუდ ტერორისტებად დაყოფა. თვალს ვერ დავხუჭავთ იმ ფაქტზე, რომ დღეს სირიაში შესაძლებელია ზოგიერთი ტერორისტული დაჯგუფება თითქოსდა ებრძოდეს “დეაშ”-ს, მაგრამ ისინი ამისდა მიუხედავად რჩებიან ტერორისტებად. ამ საკითხში თურქეთს გააჩნია თანმიმდევრული პოზიცია და იგი მას გააგრძელებს.

– თურქეთი და ევროპა ახლა მძიმე საემიგრაციო კრიზისის წინაშე დგანან. როგორ აპირებთ, გაუმკლავდეთ ამ ვითარებას?

– როდესაც დიქტატორი ასადი თავის ხალხს ხოცავდა, ისინი თურქეთისკენ გამორბოდნენ და ჩვენ არ შეგვეძლო საზღვარი ჩაგვეკეტა და დახმარებაზე უარი გვეთქვა ჩვენი დებისა და ძმებისთვის. შედეგად სადღეისოდ თურქეთის ტერიტორიაზე 2,7 მილიონი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს, რომელთათვისაც საცხოვრებელი პირობების შექმნაზე, მედიცინაზე, განათლებაზე, კვებაზე და ასე შემდეგ თურქეთმა 8 მილიარდი დოლარი დახარჯა. ჩვენ ვთხოვდით საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაეზიარებინათ პასუხისმგებლობა ამ ადამიანების ბედზე და ვაფრთხილებდით, რომ თუ დროულად არ იქნებოდა მიღებული ზომები სირიაში ვითარების ნორმალიზებისათვის, კატასტროფულ შედეგამდე მივიდოდით. ისინი სერიოზულად არ იღებდნენ ამ მოწოდებას და მხოლოდ მაშინ ამოქმედდნენ რეალურად, როდესაც ლტოლვილებმა ევროკავშირში შეაღწიეს.

გასულ წელს მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ ევროკავშირი ყოველწლიურად 3 მილიარდ ევროს გამოუყოფს თურქეთს სირიელი ლტოლვილების დასახმარებლად, თუმცა ეს თანხა ჯერჯერობით არ მიგვიღია. თავისი მნიშვნელობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, ეს საკითხი მოითხოვს სწრაფი ნაბიჯების გადადგმას. მიუხედავად ამისა, ლტოლვილების პრობლემის ამგვარი მეთოდებით გადაჭრა შეუძლებელია. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ეს პრობლემა არ მოგვარდება, თუ არ დარეგულირდა სირიის კრიზისი. თურქეთი კვლავაც განაგრძობს ამ მიმართულებით თავის ძალისხმევას და არ დაიშურებს მონდომებას სირიაში დემოკრატიული მმართველობისა და სტაბილურობის დასამყარებლად.

– რეგიონში ასეთი რთული ვითარების ფონზე რა მიზანს ისახავს თურქეთი საქართველოსთან თანამშრომლობით?

– თურქეთის უმთავრესი ინტერესია, რომ საქართველო იყოს სტაბილური, დემოკრატიული და წარმატებული ქვეყანა, საქართველო დასავლეთი-აღმოსავლეთის კარიბჭეა, რომელსაც სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისათვის. საქართველო ჩვენი საუკეთესო მეგობარი და მეზობელია, რომელთანაც ვთანამშრომლობთ უმნიშვნელოვანესი ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებაში, როგორც ორმხრივ ისე სამმხრივ ფორმატში: საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანი. ასევე მივესალმებით, თუ თანამშრომლობის ამ ფორმატში სომხეთიც ჩაერთვება, რომელიც ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია სრულმაშტაბიანი რეგიონალური კავშირებისა. ასევე ვაფასებთ იმ ძალისხმევას და მცდელობას, რომელსაც საქართველო სწევს რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით, რასაც სამწუხაროდ მეორე მხრიდან ადეკვატური რეაქცია არ აქვს.

თურქეთისა და საქართველოს თანამშრომლობა ეს არის საუკეთესო მაგალითი და პრეცედენტი, თუ როგორი ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს დიდ და პატარა, განსხვავებული რელიგიური მრწამსის ქვეყნებს. თურქეთი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს ნებისმიერ ხელისუფლებასთან, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს ის.
ჩვენს მეგობრობას საფუძველი ჩაუყარეს შევარდნაძემ და დემირელმა, შემდეგ რეფორმების და ლიბერალიზაციის პერიოდი სააკაშვილის დროს იყო, ახლა კი ამ კავშირების განმტკიცება “ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში ხდება. ჩვენი მტრები მუდამ ცდილობენ, რომ თურქეთი-საქართველოს სამაგალითო მეგობრობას ბზარი გაუჩინონ და იგონებენ ჭორებს, თითქოს თურქეთს გარკვეული ინტერესები აქვს აჭარის რეგიონთან, ბათუმთან და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო – ეს მტკნარი სიცრუეა, რომელსაც მხოლოდ ბოროტი ზრახვები აქვს.

თურქეთი დაინტერესებულია, რომ აჭარის მსგავსად, აფხაზეთიც და ოსეთიც საქართველოს განუყოფელი ნაწილი გახდეს და მაქსიმუმს გააკეთებს საამისოდ.

წყარო: რეზონანსი

Comments
Loading...