რა მოხდა 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე – საქმის უცნობი დეტალები

“რატომ არ კითხულობთ, რა მოხდა დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე რამდენიმე ხნით ადრე, როდესაც დემურ სტურუაზე წერთ? ან გამოძიება რატომ არ ინტერესდება იმ ამბით, რაც სოფელში 15 ივლისს მოხდა? მხოლოდ ერთი ვერსია არსებობს ყველასთვის თუ ვიღაცას შეგნებულად მხოლოდ ამ ერთი ვერსიის გავრცელება აწყობს?! მე არავის დამცველი არ ვარ, ახალგაზრდა ბავშვის სიკვდილი ტრაგედიაა, მაგრამ ჟურნალისტებს მხოლოდ პანაშვიდებზე ჩაწერილი კომენტარები გაინტერესებთ და მეტი არაფერი? – ამ შინაარსის სატელეფონო ზარი შემოვიდა “აიპრესში”.

პირი, რომელმაც თავისი ვინაობის გამხელა არ ისურვა, აცხადებდა, რომ დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე, თანასოფლელებთან ურთიერთობა დაეძაბა, რის მიზეზიც თავისი მეგობრის დაკრძალვაზე გარდაცვლილის კუთვნილი ტელეფონის მოპარვა გახდა.

22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მომხდარი მოვლენების დეტალების გარკვევა „აიპრესმა“ გარდაცვლილის თანასოფლელებთან და ოჯახის წევრებთან სცადა.

რა მოხდა 2016 წლის 15 ივლისს დაფნარში?! რა კავშირში იყო გაუჩინარებულ ტელეფონთან დემურ სტურუა და რატომ დაეძაბა მას ურთიერთობა თანასოფლელებთან?!

“აიპრესი” დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე დაფნარში განვითარებული მოვლენების გასარკვევად დემურ სტურუას ოჯახის წევრებს დედას, ბიცოლას და დემურ სტურუას თანასოფლელებს შეხვდა.

როგორც დემურ სტურუას თანასოფლელები აცხადებენ, დემური სკოლიდან ადრე გამოვიდა და მას შემდეგ სულ მუშაობდა:

„ცუდი ბიჭი არ იყო ნამდვილად, ლუკმაპურის საშოვნელად დადიოდა და სხვადასხვა საქმეებს აკეთებდა. ჩვენც არ გვქონდა მასთან რაიმე პრობლემები, ვიცით ის, რომ ქურდობაზე ნასამართლევი იყო, პირობითი მიუსაჯეს და პრობაციონერი იყო.

ოჯახის წევრებთან მაინცდამაინც ახლო ურთიერთობა არ გვქონდა. ძმა რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. თუ არ ვცდები. ამბობენ, პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდაო. ბიძას, რომელთანაც ის ბოლო პერიოდში ცხოვრობდა, სადაც თავიდან დაასვენეს დემური, ცოტა ისეთი წარსული კი აქვს, როგორ გითხრათ…

როგორი წარსული აქვს?

როგორი და ბევრჯერ იყო ნასამართლევი ძალიან. ამ სამი წლის წინ მაგის სახლიდან რაღაც იარაღი და ნარკოტიკიც ამოიღესო, ზუსტად არ ვიცი, ვერ გეტყვით. მაგის ცოლიც, დარიკო, აი ის, ვინც პირველად გამოაჩინა დემურის დაწერილი წერილი, ადრე თურმე სასჯელს იხდიდა, ამბობენ მკვლელობაზეო. მაგრამ თვითონ დემური რომ გითხრათ ცუდი ბიჭი იყოო, ვერ გეტყვით…

და ბიძასთან რატომ ათევდა ღამეს? იქ ცხოვრობდა?

არა. ამბობენ, რაღაც ამბავი იყო სოფელშიო და…

რა ამბავი იყო?

ვერ გეტყვით, თავის ოჯახს დაელაპარაკეთ ჯობია…


რა მოხდა სოფელში დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე სამი კვირით ადრე?!

როგორც „აიპრესისთვის“ ხდება ცნობილი, სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა დემურ სტურუას მეგობარი, გიორგი ხაბეიშვილი. გასვენების დღეს, 15 ივლისს, ცხედართან დადებული მობილური ტელეფონი დაიკარგა. გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა აღნიშნულთან დაკავშირებით სამართალდამცველებს რამდენიმე დღის წინ მიმართეს.

როგორც ამბობენ, ერთ-ერთ ეჭვმიტანილად დემურ სტურუა სახელდებოდა, რის გამოც თანასოფლელებთან გარკვეული პრობლემები შეექმნა. ამბობენ, რომ მასზე ფიზიკური ანგარიშსწორებაც განხორციელდა. ის თავის საცხოვრებელ სახლში, სოფელ დაფნარში ვეღარ ჩერდებოდა და ღამეს, ბიძასთან, დემურ სტურუასთან ათევდა.

დემურ სტურუას დედა, ნონა ჯოჯუა „აიპრესთან“ საუბრისას ადასტურებს, რომ ნამდვილად იცოდა ამ ფაქტის შესახებ. მისი თქმით, ამის შესახებ ინსპექტორ-გამომძიებელ გოდერძი თევზაძისგან შეიტყო:

„გოდერძიმ პირადად მითხრა, რომ დემურს ამ ამბავს ხაბეიშვილები აბრალებდნენ. მე ოჯახში ვიყავი და ბოდიში მოვუხადე ოჯახს შეწუხებისთვის. პროკურატურაში უთქვამთ მერე, შეურაცხყოფა მიაყენეს ხაბეიშვილებსო. სინამდვილეში კი ბოდიში მოვუხადე. გოდერძი ახლა წერს, რომ ქურდობდა და იპარავდა ყველაფერს დემური. მე ვუთხარი, თუ ასე იყო ამდენჯერ გნახე და რატომ არ მითხარი, რომ ასე აშავებდათქო. მითხრა მაგი დასაჭერად მყავდა გამზადებულიო. რატო არ დაიჭირე მერე, თუ დანაშაულს ჩადიოდათქო. როდის ჩაიდინა დანაშაულებებითქო? 5-ში და 6 შიო. როგორ მეთქი 5 და 6 ში მოიპარა, და 7 ში მოკალი მეთქი? ესე ვუთხარი მე ხელი არ დამიკარებიაო მიპასუხა. მაგას მე გავარკვევთქო.“ – განაცხადა ნონა ჯოჯუამ.

დემურის თვითმკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, თქვენ ნამდვილად თხოვეთ გოდერძი თევზაძეს ყურადღება მიექცია თქვენი შვილისთვის? სოფელში ამბობენ, ასეთი ამბავიც გავიგეთო.

იცით როგორ იყო? ჩემი უფროსი ბიჭი თამაშობს ტოტალიზატორში და იმას შეყვა დემურიც. მე გოდერძი თევზაძეს ვთხოვე, როგორც უბნის რწმუნებულს, რომ ყურადღება მიექცია. არ მინდოდა, რომ ტოტალიზატორს მიჩვეოდა. ვთხოვე, რომ თუ დაინახავ იქ, შეაშინე ან რაღაც, რომ არ შეჩვეოდა. ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ჩემ შვილს გადამტერებოდა და მოეკლა. აბსოლუტურად არაფერი არ ვიცოდით, რა უჭირდა დემურს. ასე თუ აშინებდნენ. 31- ში წავედი თურქეთში. თვითონ დემურმა გამაცილა. 9 ში გავიგე ეს ამბავი დილით და 9 ში საღამოს დავბრუნდი.

გარდაცვლილი გიორგი ხაბეიშვილის დედა, ლამზირა ხაბეიშვილი „აიპრესთან“ საუბრისას ამბობს, რომ მობილურის დაკარგვის შესახებ პოლიციაში ნამდვილად განაცხადა, თუმცა ხელი არავისთვის დაუდიათ:

ლამზირა ხაბეიშვილი: მე ვიცი, რომ დემურ სტურუა ჩემს შვილს დაუძახებდა ჭიშკართან და მიდიოდნენ სტადიონზე სათამაშოდ. ამის იქეთ მასთან ჩემს შვილს არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია. დაკრძალვის დღეს დაიკარგა ტელეფონი. მე განვაცხადე პოლიციაში და პოლიცია მიხედავს მაგ საქმეს. ვის აქვს წაღებული, რას აქვს, არ ვიცი. ვინც ტელეფონი წაიღო, ის ადამიანი არაა.

16 წლის ბავშვი სასახლეში მეწვინა ადგა და ტელეფონი წაიღო. შეურაცხყოფა მიაყენა ოჯახსაც და მიცვალებულსაც . ჩემი ოჯახიდან არ წამოსულა ეს ბრალდება, რომ დემურმა მოიპარა ტელეფონი.

ჩემთან მოვიდნენ მისი დედა და ბიცოლა. გავღიზიანდი, ნერვები დამაწყდა. მითხრეს თქვენ აბრალებთ, თურმე ჩემს შვილს ტელეფონის მოპარვასო. მე არავისთვის არაფერი დამიბრალებია. მე ჩემი შვილის მკვლელისთვის, ვინც მას დაეტაკა იმისთვის არ მიჩივლია. ღმერთმა განსაჯოს ვინაა დამნაშავე. იმას მივუტევე მე, რომ ჩემი შვილის სული ცხონდეს. და არ დამიჭერია არავინ.

მე როცა არ დამინახავს ვინ აიღო ტელეფონი და ეს არავის დაუნახავს, ვერავის ვერ დავაბრალებ და ვერავის ხელს ვერ დავადებ. რომ მოვიდა დედამისი და ბიცოლამისი, ისე ცუდად გავხდი, ამიტანა ნერვებმა ძაან იმოქმედა ჩემზე. ავდექი ჩემი მეუღლე გავუშვი პოლიციაში, რომ პოლიციამ მიხედოს ამ საქმეს მეთქი. მე დამანებოს ყველამ თავითქო. მე არც ის ვიცი, ვინ წაიღო და არც ის ვიცი, ვინ მოკიდა ხელი, მაგრამ ვინც მოკიდა ხელი, ის ნაძირალაა.

ჩვენ ეს განვაცხადეთ 3 დღის წინ. არ ვაპირებდი გაცხადებას, ვიფიქრე ორმოცამდე იქნებ შეაწუხოს სინდისმა ის, ვინც აიღო და ჩამოაგდოს სადმე ეს ტელეფონითქო. მე მინდა ჩემი შვილის ტელეფონი. იმაში იმდენი ვიდეოები აქვს, მესიჯები აქვს, სურათები აქვს და მინდა რომ ჩემი შვილის ტელეფონი მქონდეს. მანამდეც კი დაკარგა ტელეფონი მაგრამ არ მომიკლავს თავი ამისთვის. მე ისიც ვთხოვე პოლიციას, არ გაიგოს არც ჩემმა შვილმა, არც ჩემმა მეუღლემ, არც უბნის ახალგაზრდობამ და სანათესაომ, იმიტომ, რომ ყველა გაბრაზებული და გაღიზიანებულია.

მე არ ვიცი, რას მოიმოქმედებს ადამიანი გაბრაზების ნიადაგზე. მე არ გამაგებინეს დემურის ამბავი. მერე მითხრა ჩემმა მაზლმა, თუ იცი რა საშინელება მოხდაო? და ისტერკები დამემართა ქალს. ყველაფერი გამიახლდა. ავდექი, მეორე დღეს ბავშვს გავატანე ელექტრო ცელი, ეზო მოუცელეთ ბავშვს სუფთად და ლამაზად იყოს ეზოთქო. თაიგული ვიყიდე და ისე წავედი პანაშვიდზე. რამეს რომ ვაბრალებდე იმ ბავშვს, ამას გავაკეთებდი? ჩვენ არავის არაფერს ვაბრალებთ „- განაცხადა ლამზირა ხაბეიშვილმა ,,აიპრესთან“.

დგინდება თუ არა ვინმეს დანაშაული, განხორციელდა თუ არა რაიმეს სახის ფიზიკური ანგარიშწორება დემურ სტურუაზე და საერთოდ, რაიმე ფორმით ფიგურირებდა თუ არა ამ საქმეში, ჯერჯერობით სამართალდამცველებისგან ამაზე პასუხი არ გვაქვს.

როგორც ირკვევა, გარდაცვლილის დედას, ნონა ჯოჯუას და ბიცოლას, დარიკო ჯაშს ერთმანეთთან საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ.

2016 წლის 10 აგვისტოს თურქეთიდან დაბრუნებულმა დემურ სტურუას დედამ, ნონა ჯოჯუამ განცხადებით მიმართა სამტრედიის სამმართველოს დახმარების თხოვნით, იმის თაობაზე, რომ ბიცოლა – დარიკო ჯაში მას არ ატანდა დაბა კულაშში, ამ უკანასკნელის სახლში დასვენებულ მიცვალებულს, გაწეული ხარჯების ანაზღაურებამდე, რაც წარმოადგენდა 162 ლარს.

მიცვალებული საკუთარ სახლში პოლიციის ჩარევის შემდეგ გადაასვენეს.

ნონა ჯოჯუა: ჩემ მაზლთან და რძალთან არ მაქ არანაირი ურთიერთობა. ჩვენ ვერ ვეწყობით ერთმანეთს. წაიყვანეს აქედან კულაში, მაგრამ მე მინდოდა რომ ჩემი შვილი ჩემით მეტირა. კი სხვის სახლში ვცხოვრობ, მაგრამ მინდოდა ჩემს ჭკუაზე დამეტირებინა ჩემი შვილი.

მე რომ ჩამოვედი იმ ღამეს, სერგო გოდერძისთან ერთად არის ჩვენს უბანში. მოვიდა და მითხრა რას აპირებო? ვუთხარი რას ვაპირებდა ჩემი შვილის წამოყვანა მინდათქო და გვერდში დგომა დამჭირდება ყველასითქო. დილას მოვიდა სერგო გამიყვანა მანქანით მილიციაში და იქ დამაწერინა, რომ მე მოვითხოვდი დახმარებას ჩემი შვილის კულადან გადმოსასვენებლად.

პოლიცია რაში დაგჭირდათ? ის თანხა, რომელი მიცვალებულისთვის დაიხარჯა, თქვენმა რძალმა ნამდვილად მოგთხოვათ? წინააღმდეგ შემთხვევაში არ გატანდათ მიცვალებულს?

კი იყო ეს ლაპარაკი. 162 ლარზე იყო ლაპარაკი. 100 ლარი მაცივრის და 62 ნახარჯი. პოლიციას დააბარა ასე. არაა პრობლემა-მეთქი, ვიხდი მაგ ფულს და გამატანე ჩემი შვილი-თქო. იქიდან გამომიგზავნა ჩემი ქმრის ბიძაშვილი, რომ არ წაიყვანოთო მაგრამ არამეთქი. ქუჩაში ვიტირებ და მაინც არ დავტოვებთქო.

დემურ სტურუას ბიცოლა დარიკო ჯაში ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს:

„ტყუილია ეს, ვინ თქვა? სასაცილოდ არ მყოფნის ახლა ეს, რასაც მეკითხები. რას დავეძებ, რაც უნდათ ის ილაპარაკონ. დემურიკო ჩემი გამოზრდილია ნახევარჯერ. პატარები იყვნენ მე და ჩემმა ქმარმა ინტერნატიდან გამოვიყვანეთ ის და მისი ძმა და 3-4 წელი ჩვენ ვზრდიდით. ეს არის ოჯახური ამბავი. რაში ჭირდებათ ეს წარსულის ქექვა? იკითხეთ ის, როგორი ბავშვი იყო თვითონ, თორე პირადი ოჯახური მანდ გასარჩევი არაა. რასაც ვლაპარაკობ ტელევიზიით ის ბოლომდე აჩვენონ. ის კი არა, რაც აწყობთ გამოიტანენ და რაც არა არ აჩვენებენ. ეს ტყულია რომ მე ფულს ვითხოვდი”,- განაცხადა დარიკო ჯაშმა, გარდაცვლილი დემურ სტურუას ბიცოლამ “აიპრესთან”.

თქვენ თქვით, რომ დემური ნახევრად თქვენი გაზრდილია. რაზე იყო ნასამართლევი?

პრობაციაში დადიოდა ხელს აწერდა. მაგი მანქანაზე მუშაობდა იმ დროს და ვიღაცამ მოიპარა რაღაც იქ მანქანაზევე და ვიდეო თვალმა დააფიქსირა, რომ დემურიც იქ იყო და თანამონაწილეობა დააბრალეს.

როდის და ვინ ნახა გარდაცვლილი?

მეზობელმა ნახა შემთხვევით 7-ში რომ ჩამოიხრჩო ბავშვმა თავი, 8-ში საღამოს ნახეს მიცვალებული. ჩემთან წამოვიყვანეთ კულაში და იქ დავასვენე დედამისი არ იყო აქეთ. თურქეთში იყო სამუშაოდ და აქ კულაში გვყავდა წამოყვანილი ჩემთან. მერე ჩამოვიდა დედამისი და წაიყვანა დაფნარში.

როგორ გაიგეთ რომ გარდაცვლილს ბრალდებოდა, ასევე გარდაცვლილი გიორგი ხაბეიშვლის ტელეფონის მოპარვა?

თვითონ გოდერძიმ უთხრა დედამისს, რომ მაგან მიცვალებულს მოპარა ტელეფონიო. მერე ჩვენ მივედით ოჯახში და გავარკვიეთ ყველაფერი. იმ ქალმა მითხრა რომ მე დემურიკოს როგორ დავაბრალებდი მაგასო. დემურიკოს ტელეფონები სულ ქონდა ნაირ-ნაირი თურქეთში მუშაობდა და ყიდულობდა. მიცვალებულის ტელეფონის მოპარვას როგორ იკადრებდა.?! მაგ ცრუ ჩვენებისთვის მაგ გოდერძისთვის კიდე სასჯელს დავამატებინებ არ დაუმატაბენ და ტყავს გავაცლი.

ვის მისწერა თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მესიჯი, სადაც მიანიშნებდა წერილი სად იყო? 

დეიდას მიწერა მესიჯი, რომ დეიდა ეს მესიჯი არ წაშალოო და დედას უთხარი სადაც ადრე ფულს ვმალავდი, იქ რაღაცას ვტოვებო, მესიჯში წერილიც არ აქვს ნახსენები და ინიციალებით ს.ს.ს უთხარი დედას და მიხვდება თვითონო.

დემურ სტურუას დედა ნონა ჯოჯუა: “ცხრის ათ წუთ ზე აქვს წერილი დაწერილი და მესიჯიც ამ დროს აქვს მინაწერი. დაფიქსირებულია. არაა წაშლილი. ყველამ ნახა. წერილის დედანი გადავეცით გამოძიებას და დღეს უნდა იყოს პასუხი.

დეიდას მესიჯი მიწერა, რომ მე ფულს სადაც ვინახავო, იქ რაღაც მაქ დატოვებულიო. ეს მესიჯი არ წაშალოთ დაგჭირდებათო. ფულს საათში მალავდა. მერე ჩემი და ურეკავდა თურმე, მაგრამ ტელეფონზე არ უპასუხა და 9 ში დილას პოლიციაში მისულან ჯერ. მერე სახლში საათი ჩამოუხსნიათ და წერილი უნახავთ. პოლიციაში წაუღიათ და იქ ქსეროასლიც გადაუღიათ.

იქ უთქვამთ, ეს ტყულია მისი დაწერილი არააო, პოლიციას უთქვია. გოდერძიმ მეზობელი გამომიგზავნა. მე მარტო არ ჩავედი, ჩემი გერი და მისი ქმარი წამყვნენ. ჩავედი და ვუსმინე მის ლაპარაკს დ ბრალდებებს. დემურის მკვდარსაც როგორ არ ასვენებ მეთქი. მე ვუთხარი რატო წერს შენზე კონკრეტულად გოდერძი თევზაძესთქო და არა სხვა პოლიციელზეთქო? რა გაუკეთე ამნაირი, რომ სასიკვდილოდ გაიმეტეთქო”,- განაცხადა დემურ სტურუას დედამ ნონა ჯოჯუამ.

წერილის ავთენტურობა უახლოეს დღეებში უნდა დადგინდეს, რაც საბოლოოდ მოჰფენს ნათელს 22 წლის ბიჭის ტრაგიკული სიკვდილის საქმეს.

 

წყარო: ipress.ge (აიპრესი)

Comments
Loading...