რა ნიშნულს მიაღწევს საწვავის ფასი?

საწვავის ფასი ლამის ყოველდღიურად იცვლება. იანვრიდან მოყოლებული, საწვავი 35 თეთრით გაძვირდა. როგორც გაზეთი „რეზონანსი” წერს, გარდა ამისა, ნავთობპროდუქტების ღირებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ფასმა და ლარის კურსმა, რამაც გარკვეულწილად მოხმარების შემცირება გამოიწვია, რასაც იმპორტიორებიც ადასტურებენ.

კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლარი თუ არ გამყარდა, საწვავი გაძვირებას გააგრძელებს. ჯერჯერობით ბაზარზე ამის საჭიროება არ არის, რამდენადაც ლარის კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ფასის ზრდა ნებისმიერ დროს მოსალოდნელია.

საერთაშორისო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობი 56 დოლარი ღირს. “პლატცის” ფასი 1 ტონა ბენზინზე 573 დოლარს შეადგენს, 1 ტონა დიზელზე კი – 487,5 დოლარს. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი დაახლოებით 1,88 ლარია, ხოლო იმავე მოცულობის დიზელი 1,75 ლარის ფარგლებშია.

აქციზის ზრდის გარდა, საწვავის ღირებულებაზე როგორც ბენზინგასამართი სადგურების წარმომადგენლები აცხადებენ, დოლარის კურსის მერყეობა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ცვლილება მოქმედებს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი არ მალავს, რომ ბაზარზე არასტაბილური ვითარებაა, რაც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიზეზებითაა გამოწვეული და ფასზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

“საერთაშორისო ბაზარზე საკმაოდ მაღალი ფასია, რაც ადგილობრივ ბაზარზეც უარყოფითად მოქმედებს. არა მარტო წელს, მთელი 2016 წლის განმავლობაში ასეთი ნიშნული არ დაფიქსირებულა. მართალია, ლარი ბოლო დღეებში გამყარდა, მაგრამ არა იმ დონემდე, რომ საწვავის ფასზე დადებითად ემოქმედა. გაზრდილი ფასით შემოდის პროდუქტი ქვეყანაში და იბეგრება ასევე მაღალი გადასახადით. ყველაფერი ეს განაპირობებს გაძვირებას, რაც უკვე რამდენჯერმე მოხდა. თუ ლარი არ გამყარდა, საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაში აღმოვჩნდებით და არსებული ფასის შენარჩუნებაც გაგვიჭირდება”, – აცხადებს მთვრალაშვილი.

ამდენად, ერთადერთი ფაქტორი, რამაც შეიძლება რთული ვითარება გაანეიტრალოს, სწორედ ლარის გამყარებაა. მდგომარეობას ყველაზე მეტად სწორედ ეს გარემოება შველის.

“მიჭირს დანამდვილებით თქმა, გაგრძელდება თუ არა გაძვირების პროცესი. არ არის გამორიცხული, რომ ვიღაცას მოუწიოს საწვავის გაძვირება, მაგრამ ისიც შეიძლება, ზოგმა კომპანიამ არც განიხილოს ეს საკითხი. გადაწყვტეილების მიღება იმპორტიორებს ინდივიდუალურად მოუწევთ. მთლიანობაში, ნავთობპროდუქტების ქართული ბაზარი ჯერჯერობით არ არის სტაბილური. რაღაც ეტაპი და დროა საჭირო, რომ ეს მოხერხდეს”, – აცხადებს მთვრალაშვილი.

გადაწყვეტილების მიღება უჭირთ იმპორტიორებსაც, რომელთა ინფორმაციითაც, ნავთობპროდუქტების გაძვირება ბაზარს დაეტყო და მოხმარება შემცირდა. კომპანია “სენტას” დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ თუ ლარი გააგრძელებს

მერყეობას, ამჟამინდელი ფასის შენარჩუნება გაჭირდება.

“თუკი საერთაშორისო ბაზარზე არ შეიცვლება ფასი და ლარიც დასტაბილურდება, ალბათ, არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდება ფასი. აქციზის გაძვირება უკვე შემდგარი ფაქტია. დარჩება ორი ფაქტორი – ლარის კურსი და საერთაშორისო ფასი. ამ მხრივ სამომავლოდ თუ არაფერი შეიცვლება, საწვავი არ გაძვირდება, თუმცა ამას დანამდვილებით ვერ ვიტყვით. არ ვიცით, როგორ გაგრძელდება ლარის გამყარების დინამიკა.

იანვრიდან მოყოლებული, საშუალოდ, 30-35 თეთრით არის ფასი გაზრდილი, რაც მომხმარებლისთვის საკმაოდ მძიმე ტვირთია. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ერთი საშუალო სტატისტიკური ადამიანის შემოსავალი კრიტიკულ ზღვართან ახლოსაა, მომხმარებელი საწვავის ხარჯს ამცირებს, რაც რეალიზაციაზეც აისახება”, – აცხადებს იაკობიძე.

ნავთობკომპანიების უმეტესობა ფასებთან დაკავშირებით არ საუბრობს. გამოკითხულთა შორის “ლუკოილი” ერთადერთი კომპანია აღმოჩნდა, რომლის წარმომადგენელმაც ამ თემაზე საუბარი ისურვა.

“ვეცდებით, რომ ფასი არსებულ ნიშნულზე შენარჩუნდეს, მაგრამ მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი. ფასის მდგენელი სხვადასხვა ფაქტორია, რაც ჯერჯერობით დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას არ გვაძლევს. მართალია, ლარს გეზი გამყარებისკენ უჭირავს, მაგრამ ნავთობის ბირჟებზე ფასი მატულობს. მიჭირს რამე ვარაუდის გამოთქმა როგორც საერთაშორისო ფასის, ასევე ლარის კურსის მიმართაც, რა ტენდენცია შეიძლება განვითარდეს სამომავლოდ.

საწვავის დინამიკა როგორ შეიძლება გაგრძელდეს, პროგნოზი საკმაოდ რთულია. ჩვენი კომპანიის შემთხვევაში, დანამდვილებით შემიძლია თქმა, რომ 3-4 დღეში პროდუქტებს არ გავაძვირებთ. შემდეგ რა მოხდება, არ ვიცით”, – აცხადებს შავლეგ მიშველაძე.

მარი ჩიტაია
გაზეთი “რეზონანსი”

 

 

bpn.ge

Comments
Loading...