რა ფასად დაათმობინეს ქიბარ ხალვაშს ტელევიზია

ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის მტკიცებით, წინა ხელისუფლებამ ტელეკომპანია “რუსთავი 2” 300 000 ლარად დაათმობინა, მაშინ როდესაც ის 7 300 000 დოლარად შეიძინა.
ამის შესახებ ხალვაშმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. ამასთან, ბიზნესმენმა მედიასთან საუბარში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დეტალები გაიხსენა, რომელმაც, ხალვაშის მტკიცებით, მას “რუსთავი 2”-ის დათმობასთან დაკავშირებით ულტიმატუმი წაუყენა.
“2006 წლის 16 ნოემბერს, 22:30 საათზე შევედი მაშინდელ პრეზიდენტთან სალაპარაკოდ. მან წამომიყენა პრეტენზია, მოთხოვნა-ულტიმატუმი, რომ უნდა დამეთმო ტელევიზია, რომ ჩემს ოჯახს და მე უფრო კარგად მეცხოვრა, არ მქონოდა პრობლემები. მეორე დღეს, 2006 წლის 17 ნოემბერს მოვიდა დიმიტრი ქიტოშვილი თავის მეგობრებთან ერთად და გადაიფორმა “რუსთავი 2″. ეს იყო ზეწოლა – ახლა ტყვიამფრქვევი არ უსვრია. არსებობს მტკიცებულება, რომელშიც წერია, რომ მე კომპანიაში ავიღე 300 000 ლარი, რაც 300 კაპიკიც არ ყოფილა სინამდვილეში მაშინ, როცა მე ვიყიდე 7 300 000 დოლარად”, – აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.
მისივე განმარტებით, იმას, რასაც მოპასუხე მხარე ლაპარკობს, “მიშა სააკაშვილის და გვარამიას დაწერილია”.
“ის რასაც მოპასუხე მხარეები ლაპარაკობს, არ შეესაბამება რეალობას”, -აღნიშნა ხალვაშმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.