ექსპერტებს გიორგი მარგველაშვილის პოლიტიკური ცრემლების უკვე აღარ სწამთ. თუ რამე არ მოგწონს, იმოქმედე, თუ არადა, მკაფიოდ დააფიქსირე შენი პოზიციაო, დაახლოებით ასე შეიძლება დახასიათდეს არამხოლოდ ექსპერტების, პოლიტიკოსების განწყობებიც პრეზიდენტის მიმართ.
ამ ახალ წელს კი დიდი ამბავი ატყდა – „ქართული ოცნება“ კონსტიტუციას შეცვლის და პრეზიდენტის პირდაპირ არჩევას გააუქმებს, მას პარლამენტი აირჩევსო. მარგველაშვილს ძლიერი საპრეზიდენტო ინსტიტუტის დაცვისკენ მოუწოდებენ, დავით უსუფაშვილმა მას, საერთოდაც, გადადგომა ურჩია.
ოპოზიციური სპექტრი ახლა საცოდავად გამოიყურება, ნაციონალები მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს კი ფლობენ, მაგრამ ოპოზიციურ განწყობებს პარლამენტში მაინც ვერ გამოხატავენ. დანარჩენები ისე გაქრნენ პოლიტიკური ველიდან, რომ სხვადასხვა რადიკალურ ინიციატივებს აჟღერებენ მედიის ყურადღების მისაქცევად. დავით უსუფაშვილი, მაგალითად, პრეზიდენტ მარგველაშვილს კონფრონტაციისკენ მოუწოდებს და გადადგომას ურჩევს.
„რატომ არ უნდა გავთვალოთ, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა ასეთ ვითარებაში – თანაც იმ ფონზე, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წელი რჩება – ქართველ ხალხს მიმართოს, „ოცნება“ გართმევთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას, მე უძლური ვარ, ამ ცვლილებას წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილება ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თავად აირჩიოთ და კიდევ 5 წელი, 2022 წლამდე გყავდეთ თქვენ მიერ არჩეული პრეზიდენტი. ამასობაში, 2020 წელს თავად პარლამენტია ხელახლა ასარჩევი და ვნახოთ, ის მომავალი პარლამენტი წაგართმევთ თუ შეგინარჩუნებთ „თქვენი“ პრეზიდენტის ყოლის უფლებასო“, – ასეთ შესაძლებლობას პროგნოზირებს უსუფაშვილი საგაზეთო ინტერვიუში.
„მოვლენების ამ სცენარით განვითარება როგორც კონსტიტუციურად, ისე პოლიტიკურად, რეალურია“, – დასძენს ის.
პრეზიდენტ მარგველაშვილს 5-წლიანი საპრეზიდენტო ვადა 2018 წლის შემოდგომაზე ეწურება. ვადამდე მისი გადადგომის შემთხვევაში, რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 45 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს.
„ეს ივნისში შეიძლება მოხდეს, როცა უკვე საკონსტიტუციო კომისია განსაზღვრავს ცვლილებების პროექტს“, – აცხადებს უსუფაშვილი.
„თუ ასეთ პირობებში გიორგი მარგველაშვილი ან ვინმე სხვა, არასახელისუფლებო კანდიდატი არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალი პრეზიდენტი, პოლიტიკური წონის თვალსაზრისით, სერიოზული ფიგურა გახდება. შესაბამისად, „ოცნებამ“ შეიძლება მიიღოს გაცილებით ძლიერი პრეზიდენტი და პოლიტიკური პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება“, – ვარაუდობს პარლამენტის ექსსპიკერი.
ექსპერტების აზრი ამ საკითხზე იყოფა. ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ, თუკი პრეზიდენტი პოლიტიკური მოთამაშის როლში დარჩება, მაშინ ეს იდეა მას ნამდვილად გამოადგება და შეუძლია, ამ სვლით ისარგებლოს. ექსპერტი არჩილ გამზარდია კი მიიჩნევს, რომ, თუ პროცესი ხელოვნური იქნება და მარგველაშვილი პოლიტიკურ ომში ჩაერთვება, მაშინ ის წააგებს:
„ხალხისთვის ეს შესაძლოა, გაუგებარი დარჩეს, გადადგომა გამოსავალია პოლიტიკური კრიზისის დროს, როგორც ეს იყო 2008 წელს, რის გამოც სააკაშვილი გადადგა, თუმცა, ახლა ეს კრიზისი ვერ იქნება და შესაბამისად, პროცესიც ხელოვნური გამოჩნდება, ეს კი მარგველაშვილს მხარდაჭერას დააკარგვინებს. ვინც კი ხელოვნური ლიდერი იყო ან ხელოვნურ პროცესებში ჩაერთო, ყველა დამარცხდა და ჩვენ ამის ბევრი მაგალითი გვაქვს “.
საინტერესო იყო თავად გიორგი მარგველაშვილის პოზიცია, რომელმაც თავის კომენტარში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე „ვიღაცად“ მოიხსენია. თქვა, რომ „ვიღაცების კომენტარზე კომენტარს არ აკეთებს“:
„გინდათ, რომ პრეზიდენტმა გააკეთოს კომენტარი ვიღაცის კომენტარზე?.. არასწორად მისვამთ კითხვას. მე კომენტარს ვიღაცის კომენტარზე არ გავაკეთებ. არ მაქვს კომენტარი, არ არის განსახილველი საკითხი. არ მინდა კომენტარის გაკეთება თემაზე, რომელიც არ არის საკომენტარო“.
ლევან ალაფიშვილის განმარტებით, ცოტა არასერიოზულია, როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი, ერთი მხრივ, ინსტიტუციების დაცვის იდეით გამოდის და მეორე მხრივ, ვიღაცად მოიხსენიებს უმაღლესი ინსტიტუტის პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს.
დავით უსუფაშვილის ინიციატივა ორიგინალური არ ყოფილა. უფრო ადრე, 2013 წელს, გადადგომა ალაფიშვილმა პრეზიდენტ სააკაშვილს შესთავაზა. ამის შესახებ მაშინდელი მედიაც წერდა, განაცხადება კი ლევანმა „პრიამტაიმის“ პრესკლუბში გააკეთა:
თუ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგა, კონსტიტუციის საშემოდგომო მოდელი არასოდეს ამოქმედდება, – ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილებებში, რომელიც ძალაში შემოდგომაზე უნდა შევიდეს და რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილებები იზრდება, მითითებულია, რომ აღნიშნული ცვლილებები ძალაში შედის 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის ფიცის დადების დღიდან.
იურისტის განცხადებით, თუ მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან ვადაზე ადრე გადადგა, აღნიშნული ნორმა ქაღალდზე დარჩება და არ ამოქმედდება. მისივე თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა 1-ელ აგვისტომდე უნდა გამოაცხადოს მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი, თუმცა 1-ელ აგვისტომდე მას შეუძლია, გადადგეს.
ალაფიშვილის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში, საზოგადოება მომდევნო პრეზიდენტს აირჩევს, იმავე უფლებამოსილების მქონეს, როგორიც პრეზიდენტის ინსტიტუტია დღეს. ამასთანავე, მისივე თქმით, სააკაშვილის გადადგომის შემთხვევაში, კოალიციის შიგნით, შესაძლოა, ახალ საპრეზიდენტო კანდიდატზე დაიწყოს მსჯელობა, რადგან საპრეზიდენტო კანდიდატ გიორგი მარგველაშვილს გაუჭირდება, იყოს წარმატებული.
ახლა უკვე პრეზიდენტ მარგველაშვილს მოუწოდებენ გადადგომისკენ. ბერი ფიქრობს, რომ ის პოლიტიკურ ბატალიებში არ ჩაერთვება.