რა სიმპტომები ახასიათებს ე.წ ღორის გრიპს და როდის უნდა მიმართოთ ექიმს

საქართველოში გრიპის სიმპტომებით მომართვიანობის მატების გამო სამედიცინო დაწესებულებები 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადადიან, სადაც პაციენტებს ოჯახის ექიმები კონსულტაციებს გაუწევენ და საჭიროების შემთხვევაში კლინიკურ-ლაბორატორიულ მკურნალობას გაუწევენ. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ბერძულის განცხადებით, ამჟამად ქვეყანაში ეპიდემიის საშიშროება არ არსებობს, თუმცა პრევენციის მიზნით ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო რეჟიმზე გადადის.

„ვაპირებთ, რომ 24 საათიან სამუშაო რეჟიმზე გადავიდეს კიდევ რამდენიმე ცენტრი. ალბათ, სავარაუდოდ მაქსიმუმ ხუთ ცენტრამდე. ჯერჯერობით ეპიდემია არ არსებობს ქვეყანაში როგორც მოგეხსენებათ, მაგრამ ჩვენ გადავდივართ მზადყოფნის რეჟიმში“, – აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

რაც შეეხება ე.წ ღორის გრიპის სიმპტომებს, როგორც საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრის ექიმი ნანა გუდავაძე განმარტავს, მას მაღალი სიცხე, ხველება, სურდო, ასევე ორგანიზმის სისუსტე, უმადობა, ღებინება ახლავს. მედიკოსები მოქალაქეებს მოუწოდებენ, პირველადი სიმპტომების შემთხვევაში დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს.

„გრიპი, როგორი წარმოშობითაც არ უნდა იყოს და რომელი ვირუსის გამომწვევიც არ უნდა იყოს, კლინიკური სიმპტომატიკა ერთი და იგივეა. მიმდინარეობს მაღალი სიცხით, შეიძლება მოგვიანებით დაერთოს ხველა, სურდო, მაგრამ ყველაზე წამყვანი ფაქტორი არის ის, რომ 2-3 დღეში მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა შეეტყოს პაციენტს“, – აცხადებს ნანა გუდავაძე.

Comments
Loading...