რა ვიცით “ჰიპნოზის” შესახებ?!


თანამედროვე მედიცინა ჰიპნოზის კლინიკური გამოყენებისთვის ხელმძღვანელობს ნაშრომით „ჰიპნოზი და trance–-and-treatmentმკურნალობა“ („Trance and Treatment“, 1978 წ.). სახელმძღვანელოს ავტორები – მამა–შვილი დევიდ და ჰერბერტ შპიგელები მედიცინის დოქტორები არიან.

ჰიპნოზის ისტორია

ექიმები პაციენტს თვითჩაგონების (თვითჰიპნოზისა) და მოგვრილი ჰიპნოზის კომბინაციის მეშვეობით საკუთარი ფსიქიკის გაკონტროლებაში ეხმარებიან. სეანსის დროს ადამიანი იძირება ჰიპნოზურ მდგომარეობაში, შემდეგ ექიმი პაციენტს სთავაზობს ისეთ ადგილას თავის წარმოდგენას, სადაც იგი მოშვებულ და მშვიდ მდგომარეობაში ყოფნას შეძლებს.
ამის შემდეგ ჰიპნოზის ექიმი (არა „ჰიპნოტიზიორი“ – ეს ტერმინი გამოიყენება შოუ–ბიზნესში, მაგრამ მედიცინასთან დაკავშირებული არ არის) პაციენტს უკვე სხვა – საშიშ სიტუაციაში თავის წარმოდგენას სთავაზობს. ამის შემდეგ პაციენტს ეხმარება ორივე ამ სურათზე ყურადღების ისე გამახვილებაში, თითქოს ისინი ერთსა და იმავე ეკრანზე იყოს პროეცირებული. გარკვეული დროის შემდეგ ადამიანი უკვე დამოუკიდებლად ახერხებს ამ დამამაშვიდებელი სანახაობის წარმოდგენას პანიკურ სიტუაციებში, შედის მასში და ასე იხსნის შიშსა და შეშფოთებას.
ჰიპნოზის სამკურნალო სქემის ეფექტის ამუშავებას სპეციალისტთან 10–15 სეანსის ჩატარება და ბევრი დამოუკიდებელი მუშაობა ჭირდება.


ჰიპნოზი აბების ნაცვლად
სამედიცინო დაწესებულებებში რთული ოპერაციის წინ დასამშვიდებლად, დამწვრობის მსხვერპლთა ტანჯვის შესამსუბუქებლად ან ქალების მშობიარობის პროცესისთვის მოსამზადებლად ჰიპნოთერაპიას ანუ ჰიპნოზს სულ უფრო ხშირად იყენებენ. სულ უფრო მეტი მტკიცებულება ჩნდება, რომ ჰიპნოზის მეშვეობით შესაძლებელია არა მხოლოდ ფობიების, სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებების, შიშების, შფოთვისა და სხვა სახის ფსიქოლოგიური მდგომარეობის განკურნება, არამედ ფიზიკური დაავადებების განვითარებაზე ზემოქმედებაც. მაგალითად, ქირურგიული ჭრილობების ან მოტეხილობების უკეთ მოშუშებისთვის.
ჰიპნოტური ზემოქმედება განსაკუთრებით ეფექტურია ჰიპნოზისადმი მორჩილი პაციენტების შემთხვევაში. ასეთ დროს რამდენიმე წუთის განმავლობაში ფიზიკური აგონიის ნაცვლად სრული უმტკივნეულობის მდგომარეობის მიღწევაც შეიძლება. თუმცა ჰიპნოზი ყველა ადამიანზე ერთნაირად არ მოქმედებს. ცნობილია, რომ ჰიპნოტურ ზემოქმედებას უფროსი ასაკის ადამიანების 2/3 ემორჩილება. თუმცა ჰიპნოზი უსარგებლო არც დანარჩენი 1/3–სთვისაა. მისი დახმარებით შეიძლება სტრესული მდგომარეობის მოხსნა. ჰიპნოზის სეანსების წარმატება დამოკიდებულია პაციენტის მზადყოფნის დონეზე, სპეციალისტის ოსტატობასა და გამოცდილებაზე და კონტაქტის ხარისხზე, რომელიც სეანსის დროს მათ შორის უნდა დამყარდეს.


ჰიპნოზის მეთოდები
საზოგადოებაში გავრცელებულია მცდარი წარმოდგენა, თითქოსდა ექიმი ჰიპნოზის სეანსის დროს პაციენტის ცნობიერებას იმორჩილებს. სინამდვილეში ამ დროს გონებასაც და სხეულსაც თავად პაციენტი აკონტროლებს. უფრო მეტიც, ასეთი ბატონობა საკუთარ თავზე ნორმალურ მდგომარეობაში მიუღწეველია. ჰიპნოზურ ტრანსში ჩაძირვის წყალობით ფოკუსირებული კონცენტრაციის მდგომარეობა დგება, რაც ადამიანს ცნობიერების აკვიატებული იდეებისგან და გარე, ყურადღების გამფანტავი აზრებისგან გათავისუფლების საშუალებას აძლევს.


ჰიპნოზურ მდგომარეობაში ადამიანის შეყვანისთვის რამდენიმე გზა არსებობს:
– ჰიპნოზის ყველაზე გავრცელებული ხერხი – ადამიანი ჯდება რბილ, ღრმა სავარძელში, რომლის საზურგეც იხრება. შემდეგ ექიმი სთხოვს მას, რომ მოეშვას, დახუჭოს თვალები და თანდათანობით შეყავს ტრანსში. ამის შემდეგ იწყებს უკუათვლას და უბრძანებს ადამიანს შეიგრძნოს, როგორ მძიმდება სხეულის ნაწილები.
– პაციენტის ჰიპნოზურ მდგომარეობაში ყოფნისას ექიმს შეუძლია ჩაგონების (სუგგესტია) მსუბუქი მეთოდები შესთავაზოს. მაგალითად, „წარმოიდგინეთ, რომ თბილ წყალში ცურავთ…“
– გამოიყენება ასევე ვიზუალიზაციის სხვადასხვა ტექნიკა, რაც ადამიანს მტკივნეული წერტილის მგრძნობიარობის დაკარგვის სიტუაციის წარმოდგენაში ან ფუნქციადარღვეული ორგანოს ნორმალური მუშაობის უზრუნველყოფაში ეხმარება.

ჩვეულებრივ ექიმი პაციენტს ამ უნარების გამომუშავებას ასწავლის. გარდა ამისა, მათ ეძლევათ დისკები ან აუდიომასალა, რომელთა შინაარსიც თვითჰიპნოზის ჩატარების საშუალებას იძლევა, რათა გარე ჰიპნოზის გავლენა მაქსიმალურად გაძლიერდეს.


ჰიპნოზი ნარკოზის ნაცვლად

ცხოვრებაში ხანდახან ისეც ხდება, რომ ტკივილს ვერნაირი მედიკამენტი შველის. მაგალითად – ადამიანები დამწვრობის შემდგომ მდგომარეობაში. მათთვის თუნდაც თეთრეულის ყოველი გამოცვლა ნამდვილი წამებაა. ჰიპნოზის მეშვეობით შესაძლებელია ექიმმა პაციენტს ჩააგონოს, რომ მედდის ხელის შეხებისთანავე ტკივილი წამში გაქრება.
ასეთი ზემოქმედების შემდეგ ავადმყოფები არა მხოლოდ მოეშვებიან, დაძინებასაც ახერხებენ. თუმცა ჰიპნოზის ასეთი შედეგი საკმაოდ იშვიათია. რეალური დახმარება და შვება ჰიპნოზურ ტრანსს იმ შემთხვევაშიც მოაქვს, როცა თუნდაც მიღებული დამამშვიდებლებისა და ტკივილგამაყუჩებლების შემცირების საშუალებას იძლევა. სწორედ ამიტომ ჰიპნოზს სამედიცინო პროცედურების დროს ანერთეზიის დანამატად იყენებენ.
რა შინაგანი მექანიზმით ახერხებს ჰიპნოზური მდგომარეობა ტკივილთან გამკლავებას, ეს ბოლომდე დადგენილი არ არის. თუმცა კვლევები ადასტურებს, რომ ჰიპნოზის დროს ტვინის ბიოლოგიური აქტიურობა იცვლება, კერძოდ, იცვლება აქტიურობა ტკივილის რეცეპტორების მიდამოში, ასევე თავის ტვინის ქერქის პირველად მგრძნობელობით ზონებში, რომლებიც ტკივილის შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი. ეს მიუთითებს, რომ ჰიპნოზის წყალობით ტკივილის სიგნალები თავის ტვინის ტკივილის აღქმაზე პასუხისმგებელ უბნებამდე ვერ აღწევს.


დაჩქარებული რეგენერაცია
1999 წელს ჰარვარდის მედიცინის სკოლის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა ცხადყო, რომ ჰიპნოზური ზემოქმედების წყალობით გადატეხილი ძვლების გამთელებას ექვსი კვირა დაჭირდა. ჰიპნოზის გარეშე კი ეს პროცესი საუკეთესო შემთხვევაში 8 კვირას მაინც საჭიროებს. დაჩქარებული რეგენერაცია პოსტოპერაციულ ჭრილობებზეც ვრცელდება.


მავნე ჩვევების მიტოვება ჰიპნოზის დახმარებით

პაციენტთა ნახევარს, რომლებიც თვითჰიპნოზის დახმარებით მოწევის მიტოვებას ცდილობდნენ, ამ მავნე ჩვევაზე უარის თქმაში პირველივე სეანსი დაეხმარათ. დანარჩენს კი სიგარეტზე უარის თქმისთვის დაახლოებით ორი წელიწადი დაჭირდა.
ზედმეტ წონასთან ბრძოლის პროცესში ჰიპნოზის დახმარება უფრო სუსტია. ყველაზე ნაკლები ეფექტი კი ამ საშუალებას ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლაში აქვს. ნარკოტიკების მოხმარების შედეგი თავის ტვინში შეუქცევად ცვლილებებს იწვევს, რასაც თავის მხრივ, ჰიპნოზის დახმარების შედეგი ნარკოდამოკიდებულების დაძლევაში ნულამდე დაყავს.

კუჭ–ნაწლავის მოქმედების რეგულირება ჰიპნოზის დახმარებით

ჰიპნოზის სეანსები საკმაოდ ეფექტური აღმოჩნდა სპაზმური კოლიტისა და გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობისთვის.
ამ დაავადებების დროს ადამიანი მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში იმყოფება და კუჭის მოქმედებას ყოველთვის ვერ აკონტროლებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს დარღვევა სამედიცინო გზით მკურნალობას რთულად ექვემდებარება, ჰიპნოზის 75–დან 95%–მდე ეფექტურობა ძალიან კარგ შედეგად შეგვიძლია მივიჩნიოთ.


სტრესის მოხსნა ჰიპნოზით
ჰიპნოზი უკვე დიდი ხანია პოსტტრავმატული სტრესისა და შიშების მკურნალობისთვის გამოიყენება. მართალია, ნამდვილი ფობიებისგან განკურნვა არ შეუძლია, მაგრამ ადამიანს ფსიქიკის სტაბილურ მდგომარეობაში შენარჩუნებაში ეხმარება.


საიდუმლოებები და მითები ჰიპნოზის შესახებ:

-ჰიპნოზის არსებობის შესახებ ძალიან დიდი ხანია ცნობილია. თუმცა ის დიდი ხნის განმავლობაში გამოცანად რჩებოდა და ამიტომაც ჰიპნოზის ირგვლივ რამდენიმე მცდარი, მაგრამ ძალიან გავრცელებული და მტკიცე წარმოდგენა შეიქმნა:
ჰიპნოზის სპეციალისტს პაციენტზე მაგიური გავლენა აქვს. სინამდვილეში კი ასე სულაც არ არის, ჰიპნოზის სპეციალისტი უბრალო ადამიანია, რომელმაც ქვეცნობიერი შთაგონების ხელოვნება შეისწავლა და არა ჯადოქარი.

-ჰიპნოზურ ტრანსში მყოფ ადამიანს შეიძლება აიძულონ რაიმე მისი ნების წინააღმდეგ გააკეთოს. ეს მცდარი წარმოდგენაა. პირველ რიგში, ადამიანის დაჰიპნოზება მისი სურვილის წინააღმდეგ შეუძლებელია, რადგან ნორმალური კონტაქტისათვის აუცილებელია პაციენტისა და ექიმის მჭიდრო თანამშრომლობა. და მეორე, ჰიპნოზის ქვეშ ადამიანს ისეთს ვერაფერს გააკეთებინებენ, რასაც ფხიზელ მდგომარეობაში არ გააკეთებდა.

-ჰიპნოზს მხოლოდ უჭკუო და გაუნათლებელი ადამიანები ემორჩილებიან. რეალობა კი საპირისპიროა – რაც მეტად განათლებულია ადამიანია, მით უკეთ ემორჩილება მისი ცნობიერება ჰიპნოზს.


ჰიპნოზის მდგომარეობაში ადამიანი გონს კარგავს. ესეც ტყუილია. დაჰიპნოზებული ადამიანი ფხიზლობს, სრულად აღიქვამს მის ირგვლივ არსებულ სიტუაციას, მხოლოდ მთელი მისი ყურადღება კონცენტრირებულია ექიმის ინსტრუქციებზე. სწორედ ამის წყალობით ახერხებს პაციენტი ირგვლივ ყველაფრის იგნორირებას.

Comments
Loading...