“რადგან მუშაობდა “ნაციონალების” დროს, ამიტომ უნდა გამოვიდეს მწყობრიდან?” – ბურჭულაძე

ოზურგეთში “საქართველოს განვითარების ფონდის” რეგიონული ოფისი გუშინ გაიხსნა. ფონდის დამფუძნებელმა პაატა ბურჭულაძემ საზოგადოებას ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი საკრებულოს თავმჯდომარე, ასევე პარტია”ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი წარუდგინა.

_ ბატონო პაატა, თქვენ ესაუბრეთ ადგილობრივებს და მათი პრობლემები მოისმინეთ, როგორია თქვენი თვალით დანახული გურია?

_ ჩემი თვალით დანახული გურია არის ძალიან ცუდ დღეში, სამწუხარო ისაა, რომ მარტო გურია არ არის ცუდ დღეში, ასეთი მდგომარეობაა მთელ საქართველოში, ადამიანებს გული ტკივათ, იმის გამო, რომ ვერავინ გაამართლა მათი ნდობა. დღეს არის უნდობლობა საქართველოში, ადამიანებს აღარ აქვთ მომავლის იმედი. ის დავინახე, რომ უმოქმედოდაა ყველაფერი. თავს დამნაშავედ ვგრძნობ. ვერავის და ვერაფრით დღეს ვერ ვეხმარები.

_ბატონო პაატა, ხშირად საუბრობენ თქვენსა და “ნაციონალების” ახლო კავშირზე. ფაქტია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე, “ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო მამეშვილი დანიშნეთ ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელად …

_ რადგან ალეკო მამეშვილი მუშაობდა ” ნაციონალური მოძრაობის” დროს და იყო მაღალი თანამდებობის პირი, იყო “ნაციონალი,” ამიტომ უნდა გამოვიდეს მწყობრიდან? ამის გამო უნდა გავრიყოთ? მე როცა მოვითხოვე და ვიკითხე, რომ მომეცით ყველაზე კარგი წარმომადგენელი ოზურგეთიდან, საზოგადოების უმრავლესობამ არჩევანი ალეკოზე გააკეთა. ჩემს გარემოცვაში არიან როგორც “ქართული ოცნების”, ასევე “ქრისტიან-დემოკრატების” წარმომადგენლები, ეს რას ნიშნავს? იმას, რომ ესენი არიან ის პიროვნებები, ვისაც გული შეტკივათ საქართველოზე. ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყოველ ადამიანზე უარი ვთქვათ . ჩემს გვერდში დგას პატრიოტი ხალხი.

_ ვინ არჩევს კადრებს ?

_ მე ვარჩევ კადრებს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება იმაში, რომ მე ვარ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი, გეტყვით ერთ რამეს, რომ ყველაზე დაჩაგრული ვიყავი “ნაციონალური მოძრაობის“ დროს. თუ გაიხსენებთ, საქართველოს მტრადაც კი გამომაცხადეს ერთი პერიოდი. “ქართული ოცნებიდან” რომ არ ვარ, ესეც ცხადია, რადგან მე აქ არ ვიქნებოდი და ტაშს დავუკრავდი იმაზე, რაც ხდება საქართველოში. ვარ საქართველოს წარმომადგენელი, მე არ ვიცი თქვენიანი, ჩემიანი, საქართველოსთვის ყველა ერთიანდება. ყველა უნდა შემოვიკრიბოთ და ვიქნებით ძლიერი ძალა.

Comments
Loading...