რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, აშშ კონგრესმა უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა უკრაინისთვის ლეტალური შეიარაღების გადაცემას მხარი დაუჭირა. რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, კონგრესმა დაამტკიცა კანონპროექტი თავდაცვის პოლიტიკის შესახებ, რომელიც უკრაინისათვის 55 მილიონი დოლარის ლეტალური იარაღის გადაცემას ითვალისწინებს. კანონპროექტი უფლებას აძლევს თეთრ სახლს, გადადგას საპასუხო ნაბიჯი, თუ რუსეთი შეიარაღებული ძალების შესახებ არსებული ძირითადი შეთანხმებების დარღვევას განიზრახავს.
10 ნოემბერს, სენატის მიერ კანონპროექტის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ობამა კანონს მაღალი ალბათობით ხელს მოაწერს. აღნიშნულ კანონპროექტს გასულ კვირაში კონგრესის ქვედა პალატამაც დაუჭირა მხარი.
როგორც “რადიო თავისუფლება” იუწყება, მთლიანობაში, კანონპროექტი პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ ბრძოლაში მყოფი უკრაინისათვის 300 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას ითვალისწინებს. დახმარების პაკეტში ცალკე შედის ლეტალური შეიარაღება – ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, ნაღმსატყორცნები, ყუმბარსატყორცნები, მცირე კალიბრის შეიარაღება და აღჭურვილობა.

Leave A Reply

Your email address will not be published.