“რაღაც განსაკუთრებული არ მომხდარა”- ნარმანია ნაზღაიძის ოჯახისთვის მიცემულ მილიონზე

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია “რუსთავი 2” ის საქმის მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმისთვის ბიუჯეტიდან 1 მილიონი ლარის კომპენსაციის გამოყოფასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, ნაზღაიძის ძმასთან დაკავშირებითაც “ისევე როგორც სხვა შემთხვევებში, კანონმდებლობის წესებისა და პროცედურების სრული დაცვით იქნა გადაწყვეტილება მიღებული”.

”თბილისის მერიამ სტიქიის ზონაში მოხვედრილ ყველა მესაკუთრეს მისცა შესაბამისი კომპენსაცია. ზოგიერთ შემთხვევაში გაკეთდა ტერიტორიის ჩანაცვლებები. ასე რომ, ამ შემთხვევაში, ისევე როგორც სხვა შემთხვევებში კანონმდებლობის წესებისა და პროცედურების სრული დაცვით იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რათა მესაკუთრეს ტერიტორია ნაწილობრივ ჩანაცვლებოდა და სხვაობა, შესაბამისად, ფინანსური თვალსაზრისით ყოფილიყო დაფარული. წესს ჰქვია ასეთი სახელი, თორემ ეს არ ყოფილა გადაუდებელი აუცილებლობა. ჩვენ საკმაოდ დიდი ხნის გამავლობაში ვიხილავდით ამ საქმეს და მხოლოდ შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება. რაღაც განსაკუთრებული ამ შემთხვევაში არ მომხდარა“ – თქვა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიამ ირაკლი აბესაძის ბრალდებებსაც უპასუხა.

”მეც ძალიან ბევრი კითხვები მაქვს ირაკლი აბესაძესთან, როდესაც ის იყო თბილისის მერის მოადგილე, ან მანამდე ქალაქის იურიდიული სამსახურის უფროსი. ასე რომ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს აბესაძეზეც გადაგზავნილი. არ მაინტერესებს, აბესაძე რას მიიჩნევს”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

Comments
Loading...