რამაზ საყვარელიძე – რუსეთთან მეგობრობა არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე მასთან მტრობა…

„მეჩვენება, რომ ძალიან სერიოზული უწყების ხელმძღვანელმა საკითხი ისე დააყენა, რომ სერიოზულად არ შეუსწავლია. რადგანაც საქართველოში პრორუსული განწყობების გამო, როგორც ამ განცხადებაშია ნახსენები, თითქოს სახელმწიფომ შესაძლოა ორიენტაცია შეიცვალოს, ასე ნამდვილად არ არის. თუ არის, მცირე ძვრებია და მიზეზი სულ სხვაა, ვიდრე ითქვა, რომ დასავლეთის პარტნიორობის რეზულტატს მოსახლეობის დიდი ნაწილი ვერ ხედავს.

აქ რუსული პროპაგანდის წილი იმდენად არ არის, რამდენადაც დასავლეთის რიგ შემთხვევებში, ისეთი მოქმედება, რომელიც მოსახლეობის ამ განწყობილებებს ანგარიშს ნაკლებად უწევს. ეს განცხადება, ვთვლი, რომ არ არის სერიოზული მუშაობის შედეგად მიღებული, უფრო იმ ქვეტექსტურ ფორმულებსაა აყოლილი, რომელიც დასავლეთშია, რომ აი, რუსეთი ცდილობს, გავლენა გააძლიეროს. რაში სჭირდება რუსეთს ამ ტიპის საინფორმაციო გავლენა? ბოლოს და ბოლოს ტანკები უდგას დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში. მიუხედავად ამისა, ქართული მოსახლეობა მთელი ამ ხნის განმავლობაში მაინც ბეჯითად NATO-ზე და ევროსტურქტურებზე იღებს ორიენტაციას. ამ განცხადებაში აი, ეს ფაქტი რომ არ არის დანახული, ძალიან სამწუხაროა.

დასავლეთზე აქცენტი უნდა იყოს იმდენად, რამდენადაც უკეთესი არჩევანი არც გვაქვს. რუსეთზე არჩვენი რომ გააკეთო, მაშინ გვერდით გაიხედე და ნახავ, რომ ასეთი არჩევანი ვინც გააკეთა, მაგალითად, სომხეთმა, მისი მდგომარეობა სავალალოა. რა წარმოებაც იყო სომხეთში რუსეთმა ფაქტობრივად ყველაფერი წაართვა. რუსეთთან მეგობრობა არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე მასთან მტრობა. ერთადერთი მხარე, ვისი ინტერესებიც ემთხვევა საქართველოს ინტერესებს, როგორც რუსეთთან, ისე რადიკალურ ისლამთან მიმართებაში, არის ევროპა. ასე რომ, ევროპა ბუნებრივი პარტნიორია ჩვენთვის. შეცდომებს უშვებს თუ არ უშვებს, პარტნიორია, რადგან ჩვენი ინტერესები ემთხვევა ერთმანეთს. და სანამ ევროპა ძლიერია, ჩვენთვის ასეთი პარტნიორი უდავოდ ხელსაყრელია”, – განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

წყარო:reportiori.ge

Comments
Loading...