რამდენად მომგებიანია თინა ხიდაშელის ბოლოდროინდელი შემტევი რიტორიკა საქართველოსთვის

ბობ დილანის სიმღერის პერიფრაზით (Knock in on heaven s door – ანუ „კაკუნი სამოთხის კარზე“), დავით უსუფაშვილი თვლის, რომ „ნატო არ არის სამოთხე, მაგრამ საქართველოს უნდა, იქ იყოს, რადგან ნატო დაცვის სფეროა“. უსუფაშვილის რბილი რიტორიკის მიუხედავად, რომელიც მოთმინებით აკაკუნებს ნატოს კარზე, თინა ხიდაშელის რიტორიკა ბევრად უფრო კატეგორიულია ნატოსთან მიმართებით: „საქართველო არ ითხოვს MAP-ს, ის ითხოვს ნატო-ში გაერთიანებას!“.

ხიდაშელის მკაცრ რიტორიკას ამ რამდენიმე თვის წინ თავისებურად განიხილავდნენ ცალკეული ექსპერტები, რომლებიც ჩვენთან საუბარში ამბობდნენ, იქნებ, ხიდაშელის შემტევმა ტონმა შეძლოს ნატოს კარის გახსნაო, მაგრამ თავდაცვის მინისტრის ბოლოდროინდელმა განცხადებებმა საზოგადოების ნაწილი შეაშფოთა. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ პუტინის შეჩერება მხოლოდ დასავლეთის მიერ გამოცხადებულ ომს შეეძლო შუაგულ ევროპაში, რის შემდეგაც გაკეთდა შეფასებები, რომ თინა ხიდაშელი მიხეილ სააკაშვილის რიტორიკას იმეორებდა, ეს კი სამხედრო პროვოკაციაში საქართველოს ჩათრევის ალბათობას ზრდიდა. პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე თავდაცვის მინისტრს აგრესიული რიტორიკისგან თავშეკავებას ურჩევდა, რათა რუსეთს მისი განცხადებები საქართველოს ხელახალი ანექსიისთვის არ გამოეყენებინა.

ეკონომიკისა და სამართლის საერთაშორისო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი თედორაძემ კი აღნიშნა, რომ თინა ხიდაშელს სამხედრო სტრატეგია და სამხედრო პოლიტიკა ნაკლებად ესმის. ამიტომ ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა მშვიდობიანი რიტორიკა უნდა აწარმოოს, რადგან არ გვაქვს ფუფუნება, რომელიმე მხარის მიმხრობით ფართომასშტაბიან ბრძოლაში ჩავერთოთ და ქართველი ბიჭები დასახვრეტად გავუშვათ.

რამდენად მომგებიანია თინა ხიდაშელის ბოლოდროინდელი შემტევი რიტორიკა საქართველოსთვის და რას ნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ნატოს მინისტერიალისთვის არ არის საჭირო ზედმეტი აჟიოტაჟისა და ცრუ მოლოდინის შექმნა, რადგან დღეს მსოფლიო განსხვავებულია, ვიდრე-თუნდაც გასულ წელს. ამიტომ ყველა რეალური ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ და ერთმანეთი არ უნდა მოვატყუოთ.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ დღეს ვითარება შეცვლილია, პუტინის ჩასვლა პარიზში, გარკვეულწილად, ძალის დემონსტრირება იყო. ნატოს წევრმა ქვეყნებმაც მას ძალის დემონსტრირებით უპასუხეს, არ შედგა შეხვედრა ერდოღანსა და პუტინს შორის და პუტინმა თურქეთი ისლამისტი რადიკალებისგან ნავთობის მიღებაში დაადანაშაულა. ამ ფონზე, როცა ესკალაცია იწყებოდა, ჩვენს თავდაცვის მინისტრს ფრთხილი განცხადებები მართებდა.

„რუსეთ-თურქეთს შორის უკვე იმ დონეზე ავიდა დაპირისპირება, რომ ხიდაშელის განცხადებებზე ნაკლებად არის დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებს რუსეთი თუ ნატო. ღმერთმა ნუ ქნას, თუ კონფლიქტი ძალიან საშიშ ფაზაში გადავიდა და საომარი მოქმედებები დაიწყო, ჩვენ ვერანაირი განცხადებები ვერ დაგვიცავს და რუსეთს უკვე აღარ დასჭირდება რაიმე მიზეზის მოძებნა, რომ ჩვენი ან ნატოს საწინააღმდეგო ნაბიჯები გადადგას. ასეთ შემთხვევაში, სჯობს, უფრო მოზომილები ვიყოთ და დაველოდოთ სიტუაციის დასტაბილურებას. რაც შეეხება თინა ხიდაშელის ახლანდელ განცხადებას, რომ ჩვენ მაპი არ გვინდა და გვსურს ნატო, ეს არ მიმაჩნია აგრესიულ განცხადებად. უბრალოდ, ხიდაშელი ამბობს, რომ ჩვენ, ფაქტობრივად, შესრულებული გვაქვს ის პროგრამა, რასაც მაპი ითვალისწინებს და ჩვენ ვითხოვთ ნატოში შესვლას და არა მაპის მინიჭებას. ხიდაშელის ეს განცხადება კატეგორიულია, რომ დასავლეთმა ისევ თავის მოქონვა არ დაგვიწყოს და დამამაშვიდებელი აბები არ გამოგვიგზავნოს. მოდით, შევთანხმდეთ, თუ ლაპარაკია სერიოზულ პოლიტიკაზე, მაშინ არავინ უყურებს, უფრო მკაცრი იქნება განცხადებები თუ უფრო რბილი. სამწუხაროდ, ჩვენზე ცოტა რამ არის დამოკიდებული, უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად არიან ნატოს წევრი ქვეყნები მზად, მიგვიღონ ნატოში ან თუნდაც მოგვცენ მაპი. ისინი ითვალისწინებენ მსოფლიოში არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებას, რასაც ახლა რუსეთ-თურქეთის კონფლიქტიც დაემატა. სწორედ ამის გათვალისწინებით მიიღებენ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნატოში შესვლამ საქართველოსთვის სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო დაძაბოს“, – აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ამასთან, განმარტავს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი და ჩვენი საზოგადოებაც საკმაოდ დიდხანს თამაშობდა, თითქოს ნატოსთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები უჩნდებოდა. სინამდვილეში, ყველამ ყველაფერი კარგად იცოდა და ყველამ კარგად უწყოდა, რომ აქ პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო მისაღები.

ექსპერტი ვაჟა ბერიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ისევ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების მომხრეა, მაგრამ ჩვენს საზოგადოებას ვერავინ ეუბნება, რა სიკეთის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს დღესვე ჩვენი მიღება ნატოში, მით უმეტეს, თუკი მეხუთე პუნქტის გარეშე მიგვიღებენ, ანუ, თუკი კონფლიქტი გვექნება რუსეთთან, ამ შემთხვევაში, ნატოს კოლექტიური თავდაცვის პრინციპი არ იმოქმედებს.

„ჩვენი ტერიტორიების სხვა მოდავე, რუსეთის გარდა, ჯერჯერობით არავინ გვყავს. უფრო იქით, ჩვენს სამხრეთელ მეზობლებთან, დარჩენილია ისტორიული ქართული ტერიტორიები, რომლებსაც ამ ეტაპზე არ ვედავებით და მათთან ტერიტორიული პრეტენზიები არ გვაქვს, რათა არ დავძაბოთ ვითარება ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ამ ქვეყნებთან. ამიტომ არ ვიცი, რატომ უნდა გამოვიდოთ თავი და რატომ ვაბაკუნოთ ფეხები, რომ დღესვე მიგვიღონ ნატოში, თორემ გავბრაზდებითო. იმის მომხრე ვარ, რომ გავაგრძელოთ ჩვენი სტრატერგიული კურსი და, ამავე დროს, კარგად გავიაზროთ, როგორ შეიძლება ვითარების ნორმალიზება რუსეთთან, რას მოგვცემს დღეს ან ხვალ ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება სოციალური პრობლემების გადაწყვეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით. ამაზე ჩვენი საკმაოდ მრავალრიცხოვანი პოლიტიკური სპექტრი ვერაფერს ეუბნება ქართულ საზოგადოებას, ვერც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვპირდებიან რაიმე ხელშესახებს“, – აცხადებს ვაჟა ბერიძე და განმარტავს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლისა და საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ქართულმა საზოგადოებამ მაშინვე დააფიქსირა თავისი ევროატლანტიკური არჩევანი. ამ გადასახედიდან ბუნებრივი იქნებოდა, დროთა განმავლობაში მოვმზადებულიყავით და გავწევრიანებულიყავით ნატოსა და ევროკავშირში, რაც, გარკვეულწილად, საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გარანტია იქნებოდა. თუმცა გულუბრყვილოები არ ვიყავით და იმთავითვე ვიცოდით, რომ რუსეთი ამ არჩევანს შეეწინააღმდეგებოდა.

წყარო
for.ge

Comments
Loading...