რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოს საზღვრებს გარეთ?!


მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა ერისა თუ ქვეყნის მაცხოვრებელთა დიასპორა არსებობს. გამონაკლისი არც საქართველოა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული დიასპორების არსებობა უცხოეთში წლებს არ ითვლის, ამ დროისთვის ის მსოფლიოს 32 ქვეყანაში არსებობს.
სიტყვა დიასპორა ბერძნულიდან მოდის და „გაბნევას“ ნიშნავს.
დიასპორა ანუ „გაბნევა“ რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ესაა იძულებითი გადასახლება, გენოციდის საფრთხე და ეკონომიკური და გეოგრაფიული ფაქტორების ზემოქმედება.
მსოფლიოში პირველი დიასპორის შექმნა ებრაელებს უკავშირდებათ.
პალესტინის გარეთ მცხოვრები ებრაელები სამშობლოდან განდევნეს ჯერ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-მა ძვ.წ. VI–ს და შემდეგ რომაელებმა ახ.წ. I-II სს-ში. ასე ჩამოყალიბდა მსოფლიოში პირველი დიასპორა. ებრაელების შემდეგ კი, ეს პრობლემა ეთნიკურ სომხებზე, ირლანდიელებსა და ჩინელებზე გავრცელდა.
თანამედროვე პოლიტიკურ მეცნიერებაში ცნება „დიასპორა“ აღნიშნავს ეთნიკური უმცირესობის ჯგუფს, რომელიც გადასახლდა, ცხოვრობს და მოღვაწეობს მიმღებ ქვეყანაში, ამასთან აქვს ძლიერი სენტიმენტალური და მატერიალური კავშირები სამშობლოსთან.
აკადემიურ კვლევებს დიასპორის საკითხზე საფუძველი XX საუკნის მეორე ნახევარში ჩაეყარა. ეს კვლევები, ძირითადად, იმ დიასპორებზე ვრცელდებოდა, რომელიც იტორიულად ცნობილი იყო. თანამედროვე დიასპორები XX საუკუნის დასაწყისში გვხვდება.
სწორედ გასული საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი იყო ეთნიკურ დევნილთა მასობრივი ტალღები ომების, ეკონომიკური კრიზისების და მზარდი ნაციონალიზმისა და რასიზმის გამო. საუკუნის პირველ ნახევარში, ასეთი მოძრაობები ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ აფრიკაში იყო. დევნილთა დიდმა ნაწილმა ამერიკის კონტინენტს შეაფარა თავი, რითაც სათავე დაუდო თანამედროვე დიასპორების წარმოქმნას. იმ ხალხებს შორის კი, რომელთაც ეს პროცესი ყველაზე მეტად შეეხო, აღსანიშნავია სომხები 1880–1910 წლებში სომხებით დასახლებულ ტერიტორიებზე ოსმალეთის იმპერიის მიერ გატარებული გენოციდის პოლიტიკის გამო. ებრაელები და ბოშები მე–2 მსოფლიო ომის წლებში მათ წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის პოლიტიკის გამო. მასობრივი მიგრაციისა და რუსეთის რევოლუციების გამო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ჩამოყალიბდა რუსული დიასპორა. გერმანული დიასპორები, გერმანიის იმპერიის განაპირა რეგიონებიდან მათი გადასახლების გამო და ა.შ.
ადამიანთა გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეში, სხვადასხვა მიზეზით, საუკუნეების მანძილზე მიმდინარეობდა. საქართველო, ამ მხრივ, საინტერესო ისტორიული მაგალითია, რომელმაც ემიგრაციის რამდენიმე ეტაპი გაიარა. საქართველოში კულტურული, პოლიტიკური და სოციალური ემიგრაცია განხორციელდა. აქედან კულტურული ემიგრაცია ნებაყოფლობითი იყო, სხვები კი – იძულებითი.
კულტურული ემიგრაცია დაკავშირებული იყო ქართველი ხალხის კულტურულ–საგანმანათლებლო და რელიგიურ მოღვაწეობასთან ქვეყნის ფარგლებს გარეთ: პალესტინაში, სირიაში, საბერძნეთში, ბულგარეთში და სხვაგან. ამ ემიგრაციის შედეგად აღმოცენდა ქართული კულტურის უძველესი კერები საზღვარგარეთ.
პოლიტიკური ემიგრაცია დაკავშირებული იყო საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ტრაგედიასთან. ის რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
პირველი, მრავალრიცხოვანი ემიგრაცია, როდესაც საქართველო კულტურისა და ინტელექტისაგან დაიცალა, იყო ვახტანგ VI-ის დროს, 1724 წელს. ის 1000 კაციანი ამალით წავიდა სამშობლოდან. მათ შორის იყვნენ, სულხან–საბა ორბელიანი, ვახუშტი ბატონიშვილი და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლები.
მეორე ემიგრაცია რუსეთის იმპერიას უკავშირდება. 1801 წელს, როდესაც ქართლ-კახეთის სამეფო გააუქმა ალექსანდრე 1–მა და გასცა ბრძანება, რომ არც ერთი ბაგრატიონი არ დარჩენილიყო საქართველოში, რათა ტახტის რესტავრაცია შეუძლებელი ყოფილიყო.
ცნობილია, აგრეთვე 1811 წლის იმერეთის ემიგრაცია, როცა სოლომონ II ტრაპიზონში გადაიხვეწა და იქვე გარდაიცვალა.
მესამე დიდი პოლიტიკური ემიგრაცია 1921 წლის თებერვალ–მარტში განხორციელდა. მთავრობა ბათუმში ჩავიდა და იქედან გასულმა გემმა გაიყვანა როგორც პოლიტიკოსები, ასევე მეცნიერები, მწერლები და ა.შ.
უკანასკნელ ათწლეულში განხორციელებულ ემიგრაციას, უფრო მეტად სოციალური ხასიათი ჰქონდა, რისი მიზეზიც საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისით, ეთნოკონფლიქტებით და გარდამავალი ეტაპით გამოწვეული სოციალურ–ეკონომიკური პრობლემები გახდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საბჭოთა კავშირის დაშლის წინ, ქართველთა 97% თავის სამშობლოში, საქართველოში ცხოვრობდა და მსოფლიოში ერთ–ერთ ყველაზე „კონსოლიდირებულ“ ერად ითვლებოდა. თუმცა მოგვიანებით ეს ვითარება შეიცვალა.

რამდენიმე წლის წინ, ქართული დიასპორების შესახებ ნაკლებად იყო ცნობილი, თუმცა დღეს ეს ვითარება შეცვლილია. დიასპორის სამინისტროს აქტიური მუშაობით და ინტერნეტსივრცის მეშვეობით, დღეს საქართელოდან რამდენიმე წლის წინ წასული ქართველებისთვის სამშობლოსთან გაუცხოება აღარ არსებობს.
დღეისათვის, მსოფლიოს ათობით ქვეყანაშია ქართული დიასპორა. უცხოეთში მცხოვრები ქართველების დიდი ნაწილი აქტიურად არის ჩართული მიმღები ქვეყნის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, ამავე დროს, აქტიურ მოღვაწეობას ეწევა ქართული კულტურის პროპაგანდისა და განვითარებისათვის, იქმნება კულტურის ცენტრები, აყალიბებენ ენის შემსწავლელ წრეებს, შემოქმედებით გაერთიანებებსა და ა.შ.
საერთო ჯამში არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ 1,6 მილიონზე მეტი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს. ამას ემატება 1 მილიონზე მეტი ისტორიული დიასპორა თურქეთში და 35,000-მდე ირანში.
გამოდის, რომ მსოფლიოში სულ დაახლოებით 6,3 მილიონი ვართ ქართველები [3,7+1,6+1]. აქედან ნახევარზე ოდნავ მეტი ცხოვრობს საქართველოში, დანარჩენი საზღვარგარეთ.

Leave A Reply

Your email address will not be published.