რამდენიმე რუსულმა კომპანიამ სტამბოლის ტური თბილისით ჩაანაცვლა

მას შემდეგ, რაც თურქეთმა რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოაგდო, ქვეყნებს შორის პოლიტიკური ურთიერთობა დაიძაბა და რუსეთმა თურქეთს გარკვეული სანქციებიც დაუწესა, მათ შორის ტურისტული მიმართულებით. რუსეთი სხვადასხვა მიმართულებით თურქეთის ჩანაცვლებას ცდილობს.

საინტერესოა, რამდენად მოახერხებს ამას ოფიციალური მოსკოვი და რამდენად შეძლებს საქართველო რუსი ტურისტების ნაკადების მიღებასა და თურქეთისთვის კონკურენციის გაწევას?

„კომერსანტის“ ინფორმაციით, უკვე დაფიქსირდა შემთხვევები, როცა რუსმა დამკვეთებმა სტამბოლში ჯავშნები გააუქმეს და ღონისძიებები თბილისში გადმოიტანეს.

როგორც ტურისტულ კომპანია Georgia Travel Group-ში აცხადებენ, მაის ტურიზმის რამდენიმე ღონისძიება დეკემბერში სტამბოლის ნაცვლად, თბილისში გაიმართება. თუმცა, რამდენად მოხდება თურქეთის ჩანაცვლება საქართველოთი ზაფხულში, კომპანიაში პროგნოზების გაკეთება უჭირთ და ამ საკითხისადმი სკეპტიკურად არიან განწყობილი.

Georgia Travel Group-ში ვარაუდობენ, რომ საქართველოში რუსი დამსვენებლების რაოდენობა გაიზრდება, თუმცა, ქვეყანა თურქეთის კურორტების ჩანაცვლებას ვერ შეძლებს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი ნატა რუხაძე „კომერსანტთან“ აცხადებს, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს, მათ შორის პირველი ფასებს ეხება. ნატა რუხაძის თქმით, თურქეთის სასტუმროები მომხმარებელს ტურებს 300 დოლარიდან სთავაზობენ, რომელშიც ყველა მომსახურება, მათ შორის ავიაბილეთი შედის. საქართველოში კი მხოლოდ ავიაბილეთის ფასი 311$-დან იწყება, რისი მიზეზიც ისაა, რომ რუსეთიდან საქართველოში ძალიან ცოტა ჩარტერული ავიარეისია და ძირითადად მხოლოდ რეგულარული რესიები ხორციელდება, რისი ფასიც საკმაოდ მაღალია.

„თურქეთის სასტუმროებს აქვს კიდევ ერთი უპირატესობა: ყველა მუშაობს Ultra all inclusive-ზე ან inclusive-ის ბაზაზე. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ჩვენი სასტუმროები ამას ვერ აკეთებენ და არც გვაქვს ასეთი ბაზა, რომ ასეთ რამ შევთავაზოთ კლიენტებს“,- აცხადებს ნატა რუხაძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნის კლიმატიც, რადგანაც საქართველოს შავიზღვისპირეთი საკმაოდ ტენიანია და ბათუმში წვიმები შეიძლება 1 კვირასაც გაგრძელდეს, რაც თურქეთის კურორტებისთვის დამახასიათებელი არ არის.

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, კომპანია რუსეთიდან ტურისტების მოზიდვის მიმართულებით მუშაობას აქტიურად აპირებს. კონკრეტულად კი Georegia Travel Group რუსეთში სარეკლამო კამპანიის წარმოებას აპირებს, ამასთან, გეგმავს, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობას, სადაც აქცენტები სწორედ რუსეთის მიმართულებით ექნებათ.

„არ მგონია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაიძაბოს უახლოეს წლებში, რადგანაც ახალი ხელისუფლება კარგ ურთიერთობაშია რუსეთთან. თუ რამე ცუდი მოხდება, ჩვენ ვიქნებით დიდ ზარალში, როგორც ახლა არიან ეგვიპტის ტურ-ოპერატორები, თუმცა, ასეთი რისკი ყოველთვის არსებობს“,- აცხადებს ნატა რუხაძე.

„საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი“ ნატა კვაჭანტირაძეც მიიჩნევს, საქართველოს თურქეთისთვის კონკურენციის გაწევა გაუჭირდება.

„საქართველო, რომელიც გაცილებით მაღალი ფასებით გამოირჩევა, ვიდრე თურქეთი, დიდ კონკურენციას შესაძლოა, ვერ უწევდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს გარკვეული პრიორიტეტები- ვგულისხმობ ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობას, რომელიც იზიდავს რუს მომხმარებელს ჩვენს ქვეყანაში – ღვინო, სამზარეულო, კულტურა, ტრადიციები, გამაჯანსაღებელი კურორტები, რომელიც ძალიან პოპულარულია. ვგულისხმობ არამარტო შავიზღვისპირეთს, არამედ ზამთრის კურორტებსაც“,-აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.

მისი თქმით, საბოლოოდ, თურქეთის ჩანაცვლება საქართველოთი ვერ მოხდება, თუმცა ქვეყანაში რუსი ტურისტების რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება, რისი პოტენციალიც საქართველოს გააჩნია.

„ბოლო წლებში, რაც სავიზო რეჟიმი გამარტივდა რუსეთისთვის, გაცილებით გაიზარდა რუსი ტურისტების რიცხვი. წელსაც რუსი და უკრაინელი მომხმარებლები ჭარბობდნენ ტურისტებს შორის. საქართველო ისედაც მიმზიდველი ქვეყანაა რუსი დამსვენებლებისთვის, ამ მიმართულებით უფრო მეტად გაძლიერდება ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაცია იქიდან გამომდინარე, რომ რაც შეიძლება მეტი ალტერნატივა შევთავაზოთ. ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ რუსეთიდან რაც შეიძლება მეტი ტურისტი მივიღოთ“,- აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.

Comments
Loading...