რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის წარმომავლობაზე მისი მამა

გაზეთ “ვერსიის” არა-ჩვეულებრივი ინტერვიუს სტუმარია მიხეილ სააკაშვილის მამა, სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, “თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის” დირექტორი ნიკოლოზ სააკაშვილი.

– რაც ხელისუფლება შეიცვალა, ბატონო ნიკოლოზ, ინტერვიუ მიგიციათ?

– არა, პირველი თქვენ ხართ.

– ამ ინტერვიუს მიშას წააკითხებთ?

– არ ვიცი…

– მასთან კომუნიკაცია გაქვთ?ბოლოს როდის დაეკონტაქტეთ?

– დაბადების დღე მივულოცე…

– არ გენატრებათ?

– სისხლი და ხორცია და მონატრება, ბუნებრივია.

– კაბინეტში შვილიშვილების სურათები გიკიდიათ, მიშასი – არა…

– შვილიშვილების ფოტოები სხვა რამეა, მაგრამ შვილის სურათები და სხვა აქსესუარები, რომ აქვთ ხოლმე კაბინეტებში, სწორად არ მიმაჩნია. ჩემი სიმდიდრე აი, ეს სერტიფიკატებია! – ოდესაში რომ შემოგთავაზონ სამსახური, წახვალთ?

– არა!

– უხერხული კითხვა უნდა დაგისვათ: ადრეც და ახლაც თქვენს გვარზე დიდი მითქმა-მოთქმაა…

– აბსოლუტურად ხმამაღლა ვაცხადებ: წმინდა წყლის ქართველი ვარ!

– აბა, ეს ხმა რატომ გაჩნდა?

– რა ვიცი, რატომ გაჩნდა? შეიძლება, თქვენზეც თქვან, რომ არუთინოვი ან მამედოვი ხართ! მე სააკაშვილი ვარ! რატომ არ იძახიან, რომ სააკაძეები ვართ? – სააკოვს ამბობენ… – კარგი, რა?! ეს სიტუაცია უკვე სასაცილოა! იმასაც იძახიან, რომ მამაჩების კაბინეტზე, თურმე, სააკოვი ეწერა, მაგრამ 1951 წელს, სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორად სააკოვს დანიშნავდნენ? ვიდრე დირექტორად დანიშნავდნენ, მილიონჯერ გასინჯული იყო. არის ხალხის კატეგორია, რომელიც ყველა დროს ძალიან კარგად ერგება და გარკვეული რაღაცები შეიძლება, მისგანაც მოდის. ხვალ შეიძლება, სიტუაცია ამოყირავდეს და ისევ სააკაშვილები გავხდეთ!

– ბედნიერი ხართ?

– რატომ არ ვარ? ჯერ ერთი, ჩემს ქვეყანაში ვცხოვრობ, შვილები, 7 შვილიშვილი მყავს, მაქვს სამსახური, რომელიც მიყვარს და ჩემი პოლიტიკა ეს დაწესებულებაა! სხვა მიმართულებით წასვლა რომ მდომებოდა, პირდაპირ გეტყვით, ჩემგან კარგი პოლიტიკოსი გამოვიდოდა – ენაც მიჭრის, გონებაც, არაჩვეულებრივად მობილური ტვინი და ანალიზის უნარი მაქვს. შემიძლია, წინასწარ გითხრათ, რა მოხდება, მაგრამ ახლა, თქვენც არ იფიქროთ, რომ კრამიტი დამიჩოჩდა… – ისე, მიშამ ერთხელ თქვა, გიჟს მეძახიანო… – ჩემზეც იძახიან, გიჟიაო. იცით, რა? – შეიძლება, ყველაფერი დაგაბრალონ და ქალების მოყვარულიც დაგარქვან, მაგრამ მერე რა? ქალებისმოყვარულობა ნორმალური ადამიანის ფიზიოლოგიაა!

– ქალებისმოყვარულს ხაზს რატომ უსვამთ?

– იმიტომ, რომ მუდმივად რაღაც სისულელეები ისმის. მთავარია, შენს ოჯახს არ შეეხო და ოჯახის ერთგული იყო, თორემ ქუჩაში შეიძლება, ვიღაცას გახედო და გაუცინო. რაღაცას რომ “გაბამენ”, ეს პროვინციალიზმის დამახასიათებელია. ყველაფერს ის ადამიანები ავრცელებენ, ვისაც ის აკლიათ, რასაც აპიარებენ!

– ბატონო ნიკოლოზ, ე. წ. ციხის კადრები რომ ნახეთ…

– არ მინახავს და არც ვნახავ!

– შეიძლება, მაგრამ ამ თემაზე რას ფიქრობთ?

– ამ კადრების რეალობა არ ვიცი, ასეთი საკითხების ანალიზისგან შორს ვარ და მოდით, ნუ ვილაპარაკებთ, თუმცა ნებისმიერი ძალადობა შემზარავი და ადამიანური თვალთახედვით, დაუშვებელია!

– როგორც მამამ, მიშა ბოლოს როდის დატუქსეთ?

– მგონი, არასოდეს დამიტუქსავს!

Leave A Reply

Your email address will not be published.