რას აპირებს რუსეთი პანკისის ხეობაში

საქართველოს დისკრედიტაციის მცდელობა თუ საბაბი პანკისში სამხედრო ოპერაციის დასაწყებად – სპეციალისტები მსჯელობენ თუ რა იმალებოდა სერგეი ლავროვის ხმაურიანი განცხადების მიღმა, თითქოს პანკისში ტერორისტული საფრთხეა.
ამბობენ, რომ რუსეთის მესამე პირი ამ ყველაფერს უმიზეზოდ არ იტყოდა და რომ ცხადია, მოსკოვი რაღაცას აპირებს. არ გამორიცხავენ, რომ ლავროვის განცხადება გაზპრომის თემასთანაც იყოს კავშირში და პანკისზე მინიშნებებით ქართულ მხარეს მოლაპარაკებებში გარკვეულ დათმობზბზე წასვლას აიძულებდნენ.
ხსენებული განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ორიოდ დღის წინ ყოველწლიურ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი თქმით, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლები პანკისის ხეობას წვრთნებისთვის იყენებენ.
“პანკისის ხეობაში ტერორისტული საფრთხე არ გამქრალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ “ისლამური სახელმწიფოს” წევრები ამ ძნელად მისადგომ ტერიტორიას იყენებენ წვრთნებისთვის, დასვენებისთვის და მომარაგებისთვის”, – განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ სწორედ ხეობაში არსებული ვითარება იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა.
პოლიტოლოგები და სამხედრო ექსპერტები ლავროვის განცხადების ქვეტექსტის გაგებას ცდილობენ და ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ საკითხს ჯეროვანი ყურადღება უნდა დაუთმოს.
სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია ყურადღებას იმაზე ამახვილებს, რომ ლავროვმა პანკისზე სირიის კონფლიქტთან მიმართებაში ისაუბრა. ამბობს, რომ როგორც ჩანს, რუსები იქ გარკვეული პროვოკაციების მოწყობას აპირებენ. დაახლოებით ისეთს, რასაც ადგილი 2002-2003 წლებში ჰქონდა.
“მაშინ იქ მართლაც იყო საფრთხე. იქ კონტრტერორისტული სპეცოპერაციაც კი ჩატარდა, რომლის მიზანიც ისლამისტების საქართველოდან განდევნა იყო. თუმცა, როცა საუბარი “ისლამურ სახლემწიფოზეა”, რომელიც საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციაა და ორმაგად საშიში, ჩნდება კითხვა თუ რაში სჭირდებოდა ამ კონტექსტში ლავროვს პანკისის მოხსენიება”, – ამბობს მაისაია.
იგი რუსეთის შიდა პოლიტიკურ ვითარებასაც აანალიზებს და ამბობს, რომ დღეს კადიროვი ყველანაირად ცდილობს ვლადიმერ პუტინს ერთგულება დაუმტკიცოს. ამიტომ, ვარაუდობს, რომ შესაძლოა მან სამხედრო პროვოკაციებსაც კი მიმართოს.
მაგალითად, არ გამორიცხავს, რომ კადიროვის სამხედრო დაჯგუფების გადაცმულმა წევრებმა საქართველოში ინსცენირება გაითამაშონ, ვითომდა აქ მართლაც არიან ტერორისტები და შეიარაღებული შეტაკებებიც კი დადგან. ამით კი რუსეთს საბაბი მიეცეს, რომ სამხედრო შეიარაღება პანკისში “მდგომარეობის დასასტაბილურებლად” გამოიყენოს.
“რუსეთში ახლახანს მიღებული რუსეთის ეროვნული უსაფღხოების კონცეფციისა და მანამდე დამტკიცებული სამხედრო დოქტრინის მიხედვით, რუსეთს უფლება აქვს ახლო სამეზობლოში შეიარაღებული ძალები გამოიყენოს, თუკი ჩათვლის, რომ მათ ეროვნულ ინტერესებს საფრთხე ემუქრება.
“ბუნებრივია, თუკი პანკისში “ისლამური ხალიფატის” წევრებს “აღმოაჩენენ”, ამ უფლებას აუცილებლად გამოიყენებენ. სირიაში დაწყებული სამხედრო იპერაციაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა თავისი სამხედრო დოქტრინა აამოქმედა.
“ასე რომ, არაა გამორიცხული სირიის მცირე მოდელი საქართველოშიც გაითამაშონ. მერე კი, სახმელეთო ოპერაციას მიმართავენ თუ საჰაეროს, ეს წმინდა ოპერატიული, ტაქტიკური ამოცანაა. იმედია საქართველოს უშიშროების საბჭო, რომელიც დღეს იკრიბება, ასეთ საფრთხეებსაც გაითვალისწინებს და ყურადღებას გაამახვილებს”, – ამბობს მაისაია.
იგი შესაძლებლად მიიჩნევს იმასაც, რომ პანკისის თემი წამოწევა “გაზპრომთან” წარმოებულ მოლაპარაკებებთან იყოს კავშირში. ამბობს, რომ “გაზპრომი” რუსეთის რბილი ძალაა, პანკისში მოსალოდნელი შესაძლო სცენარები კი – ხისტი.
“როგორც ჩანს, ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ორივე ძალის გამოყენებას აპირებს. “გაზპრომის” მათთვის არამარტო ენერგოუსაფრთხოების კუთხითაა მნიშვნელოვანი, არამედ გეოპოლიტიკური კუთხითაც.
“ზოგადად, პანკისში რამე საფრთხის არსებობა, რა თქმა უნდა, თითიდან გამოწვეული თემაა. პანკისში ახლა ისეთი სიმშვიდეა, როგორიც რუსეთის ბევრ რეგიონში არაა. თუმცა, ეს განცხადება შემთხვევით გაკეთებული რომ არაა, ფაქტია. ჟირინოვსკის რომ ეთქვეა იგივე, მაშინ საშიში არაფერი იქნებოდა, მაგრამ როცა პანკისში საფრთხის არსებობაზე რუსეთის მესამე პირი ალაპარაკდა, ადამიანი, რომელსაც გამოზომილი საუბრის მანერა აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსებს რაღაც აქვთ დაგეგმილი”, – დასძენს მაისაია.
ლავროვის მიზანი, პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძის აზრით უფრო საქართველოს დისკრედიტაციაა, ვიდრე შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებისათვის ნიადაგის მომზადება.
მისი თქმით. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცდილობს საქართველოს წარმოაჩინოს როგორც ტერორისტების მფარველი ქვეყანა, რომელიც ტერორისტების მომზადებას უწყობს ხელს, ან ტერორისტების წინააღმდეგ უმოქმედობას იჩენს.
ამბობს, რომ ჩრდოლოკავკასიაში ტერაქტები საკმაოდ ხშრია და შესაძლოა რუსეთმა მომავალში ეს ყველაფერი სწორედ საქართველოს დააბრალოს – ვითომ ტერორისტები სწორედ პანკისის ხეობიდან გადადიოდნენ და ა.შ. ამით, ჩიტაძის თქმით, რუსულ საზოგადებაში საქართველოსგან მტრის ხატს შექმნიან.
“დასავლეთში რუსეთის ნაკლებად სჯერათ, მაგრამ რუსული საზოგადოება ამას დაიჯერებს. რუსეთის ხელისუფლება იმასაც ცდილობს, რომ მთელი ის ეკონომიკური პრობლემები, რომელიც ქვეყანას ამ წლის განმავლობაში აქვს, გარე ფაქტორებს გადააბრალოს და ხალხი ამაში დაარწმუნოს.
“შესაბამისად, შეიძლება ამ ყველაფრის მიზეზად მის საზღვრებთან ტერორისტული საფრთხეების არსებობა დაასახელოს. საქართველოს ხელისუფლებას კი ბოევიკების მფარველობაში დაადანაშაულოს. ასე რომ, ეს რუსეთის საინფორმაციო ომის შემადგენელი ნაწილია. უარეს შემთხვევაში, შესაძლეებელია იქ საჰაერო დაბომბვებიც კი დაიწყოს, მაგრამ ეს ნაკლებად სავარაუდოა”, – აღნიშნავს ჩიტაძე.
ჩიტაძე გაზპრომისა და პანკისის თემების ერთმანეთთან კავშირზეც საუბრობს და ამბობს, რომ თუკი საქართველო დათმობებზე არ წავა, შესაძლებელია რუსეთმა თავისი საინფორმაციო პროპაგანდა გააგრძელოს და ეცადოს ყველა დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველო ბოევიკებს მფარველობს.
“არაა გმორიცხული საქართველოს ხელისუფლების მიმართ გარკვეული შანტაჟის ელემენტებიც კი გამოიყენონ და მიანიშნონ, რომ რუსეთი პანკისთან მიმართებაში უმოქმედოდ არ იქნება”, – დასძენს იგი.
წყარო: რეზონანსი

Comments
Loading...