რას პასუხობს თვითმკვლელის ოჯახს ბანკი რესპუბლიკა

44 წლის გიორგი ხოსრუაშვილმა გასულ კვირას სიცოცხლე თვთმკვლელობით დაასრულა. ორი შვილის მამამ ვალების გამო თავი ჩამოიხრჩო, მანქანაში კი წერილი დატოვა.  წერილში ბანკს, საიდანაც 27 000 დოლარის ოდენობის სესხი ჰქონდა აღებული, სთხოვა ვალი ჩამოეწერა და მისი შვილები ღია ცის ქვეშ არ დაეტოვებინა. “პატივცემულო “რესპუბლიკა ბანკის” წარმომადგენლებო, ძალიან გთხოვთ, ჩემს მიერ გადასახდელ თანხაზე, მგონი 27 ათასი დოლარია, უარი თქვათ. ჩემს ოჯახს თანხის გადახდის ძალა არ შესწევს. აღარც ბიზნესი მაქვს, აღარც სახლ-კარი… თუ რამეს იშოვიან ჩემები პურის ფული მაინც ჰქონდეთ. ამას დიდი თხოვნით გწერთ და ბოდიში ასეთი ფურცლისთვის”,- წერია წერილში, რომელიც თვითმკვლელობამდე ხოსრუაშვილმა ბანკს მისწერა.

„პრაიმტაიმი“ ბანკი რესპუბლიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. მათ კითხვებზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავეს და მოგვაწოდეს წერილობითი განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

„ბანკი რესპუბლიკა ეხმაურება გუშინ გამოქვეყნებულ მასალას, პირველ რიგში თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს და მწუხარებას გამოხატავს მომხდარის გამო. საქმის დეტალებში უკეთ გარკვევის და არსებული სიტუაციის დარეგულირების მიზნით, ბანკი რესპუბლიკა ახორციელებს შესაბამის კომუნიკაციას გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და აუცილებლად დაეხმარება ოჯახს ამ მძიმე ვითარებაში.  გვინდა აღვნიშნოთ, რომ უზუსტობების თავიდან აცილების მიზნით, ბანკი მუშაობს ამ საკითხზე და სიტუაციაში უმოკლეს დროში გაერკვევა“.

ჩვენ ხელმეორედ დავუკავშირდით აღნიშნულ სამსახურს და კითხვებზე პასუხი ვითხოვეთ.

– განცხადებაში არ არის პასუხები კითხცვებზე, რომელიც მე მაქვს. ჩვენ გვაინტერესებს კონტრაქტის პორობები, ბანკი ათავისუფლებს თუ არა გარდაცვლილის ოჯახს აღნიშნული ვალისგან…

– ახლა ვერაფერს გეყვით, გარკვევის პროცესში ვართ.

– მაგრამ კონტრაქტი ხომ არსებობს, სხვა შემთხვევაში დავალიანებაც არ იარსებებდა. კონტრაქტის პირობებს ვითხოვ…

– საბანკო საიდუმლოებაზეც გსმენიათ ალბათ…

– თქვენც გსმენიათ ალბათ რომ ადამიანმა ამ ვალის გამო თავი მოიკლა და საზოგადოების და ჟურნალისტების ინტერესი აქედან მოდის…

– გავერკვევით სიტუაციში, ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით.

– როდის შემიძლია მივიღო პასუხი?

– ახლა ამ კითხვაზეც არ მაქვს პასუხი. ჩვენს ინტერესშიც არის რომ ყველაფერს ნათელი მოეფინოს.

ნინო მჭედლიშვილი

 

 

წყარო :  primetime.ge

Comments
Loading...