რას ფიქრობენ სააკაშვილ-ადეიშვილის ჩანაწერის შესახებ დიალოგში მოხსენებული პარტიები?

უკრაინულმა “ვიკილიკსმა” ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილსა და საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილს შორის შემდგარი საუბრის მორიგი ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. ჩანაწერში ადეიშვილი და სააკაშვილი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებისთვის გეგმებს სახავენ და სხვადასხვა პარტიებთან კავშირზე საუბრობენ. უცნობია, რამდენად ავთენტურია აღნიშნული დიალოგი, თუმცა მასში მოცემული ანალიზი, რომელიც საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს და პოლიტიკურ პარტებს ეხება, ნამდვილად საინტერესოა.


“ბურჯანაძის პარტია დაშლის პირასაა”-ამბობს დიალოგის ერთ-ერთი მონაწილე ფარულ ჩანაწერში.


გიგლა ბარამიძე, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“

-ასანჟის ვიკილიქსი დამტკიცებული, სახელმწიფოების მიერ აღიარებული და რეალურია, რაც შეეხება უკრაინულს, მე მის ავთენტურობაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ რა საუბარიც ამ მასალაშია მოცემული, მეტ-ნაკლებად საქართველოს პოლიტიკურ კულუარებში ჩახედული ადამიანის დაწერილია. არაა გამორიცხული რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ იყოს შექმნილი.თუმცა რად მინდა ვიკილიქსი, როცა მე, პოლიტიკური დევნილი დავბრუნდი საქართველოში, ვთქვი, რომ რადგან ნაც-ლიდერებმა მოახერხეს წასვლა და ფულის გატანა, ეს არის დიდი უბედურება და ეს ადამიანები დააფინანსებენ საქართველოში არეულობას, პროვოკაციებს და შეკვეთილ მკვლელობებსაც კი. მიუხედავდ იმისა, ეს დიალოგი მართლა შედგა თუ არა ამ პიროვნებებს შორის, მაინც ყურადსაღებია. რაც შეეხება ჩვენს პოლიტიკურ ძალას, არანაირ დაშლის პირას არაა, უბრალოდ არის რაღაც ტექნიკური საკითხები სასამართლოში და ალბათ ამან გააჩინა ეს აზრი იმ ხალხისთვის, ვინც ამ ვიკილიქსს წერს, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს საუბარი მართლაც შედგა ამ 2-ს შორის. დიალოგი ეფუძნება რეალობას და ეს ფაქტია“.

ფარული ჩანაწერი: “თარხან მოურავის პარტია რომ არის, მაგენი ეცდებიან აკრიფონ, მაგარამ ბიძინასგან ელოდებიან წყალობას და მაგ ორბიტაზე ტრიალებენ”.

ირმა ინაშვილი, „პატრიოტთა ალიანსი“

-უკრაინული ვიკილიქსის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებს, რა თქმა უნდა, მეც ვადევნებ თვალს, მაგრამ ჩემი ნდობის ხარისხი (მხოლოდ ტექსტური ფორმით გავრცელებული ინფორმაციისადმი) დაბალია. თუ საუბარი რეალურად შედგა, სადაა ჩანაწერი, ანუ ხმა? ამიტომ საეჭვოდ მიმაჩნია მსგავსი ტიპის ჩანაწერები, თუმცა, უკრაინული ვიკილიქსის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ბევრი რამ რეალობას ემთხვევა, ან რეალობასთან საერთოდ ახლოს არაა. მაგალითად, რეალობას დაემთხვა, რაც მოხდა საგარეჯოს არჩევნებში. ანუ თითქოსდა თინა ხიდაშელმა სთხოვა სააკაშვილს დახმარება აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში, ხომ გახსოვთ მერე რა მოხდა? აზერბაიჯანელების უმრავლესობამ მხარი თინა ხიდაშელის კანდიდატურას დაუჭირა. რაც შეეხება ბოლო მიმოწერას, სადაც თარხან-მოურავის პარტიაზეა საუბარი. ჩვენ კი არ ვცდილობთ, რომ ავკრიფოთ, ჩვენ დიდიხანია აკერფილი გვაქვს რეიტინგი. ჩვენ ვართ რეალურად მთავარი ოპოზიციური ძალა, უნდა ვინმეს ამისი აღიარება, თუ არა. ეს დაადასტურა საგარეჯოს არჩევნებმა, სადაც ჩვენ მოვუგეთ კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატს, მაგრამ სადაც არჩევნები ხელისუფლებამ სამარცხვინოდ გააყალბა. მეორე- არავითარი მისწრაფება არ გვამოძრავებს გავერთიანდეთ რომელიმე კოალიციაში. მათ შორის, კოალიცია “ქართულ ოცნებაში”. გვაქვს ჩვენი საარჩევნო ტაქტიკა და სტრატეგია და არ ვსაჭიროებთ ვინმესგან “წყალობის მოღებას”. მათ შორის, ბიძინა ივანიშვილისგან. რესპუბლიკელებზე ჩვენი აზრი ყველასათვის ცნობილია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ხალხს არაფერი საერთო არა აქვს არც დასავლურ ფასეულობებთან, არც დასავლეთთან. არჩევნების გაყალბება, რასაც ორგანიზებას უწევდა ამ პარტიის 2 მინისტრი, სრულიად მიუღებელი ფაქტია დასავლეთში, ევროპული, ან ამერიკული პოლიტიკოსებისათვის. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. ამიტომ რესპუბლიკელების ჩანაცვლებაზე არანაირი პრეტენზია არა გვაქვს. რესპუბლიკელებს ქართველმა საზოგადოებამ უნდა დაატოვებინოს ის მაღალი პოსტები, რაც მათ სწორედ ბიძინა ივანიშვილმა უწყალობა.

ფარული ჩანაწერი: “შალვა ვერაფერს შეძლებს. მაგას ცოტას თუ მივცემთ და ბიძინაზე ვალაპარაკებთ , ეგ იქნება”.

ნინო მეტრეველი, „ლეიბორისტული პარტია“

-ნამდვილად არ ღირს ივანიშვილი-პუტინის სპეცსამსახურის ნაბოდვარზე კომენტარის გაკეთება. ზოგადად, გირჩევთ არც თქვენ მიაქციოთ ყურადღება.

ფარული ჩანაწერი: “ჩერნოვეცკის მიმართულება სოციალური თემა უნდა იყოს. თან თვითონ მაგან , უნდა გამოაცხადოს , რომ არანაირი თანამდებობა არ უნად , რახანც ის საქართველომ დაიფარა ,უყვარს საქართველო და ასეთები რა. ამომრჩეველთა ყველაზე დიდი რაოდენობა პენსიონრები არიან და მაგი უნდა გავხადოთ , პენსიონრების ლიუბიმჩიკი! მე რომ არ შემენახა, ციხეში იჯდებოდა დღესაც და მილიონები გაუფრინდებოდა. შენ სქემა დადე და მიეცი მაგას, გადაგდებას ვაჩვენებ მაგას , ვერ გაბედავს!”

ლეონიდ ჩერნოვეცკის პარტიამ გადაწყვიტა, ვიკილიქსის მასალაზე ამ ეტაპზე კომენტარი არ გააკეთოს, თუმცა “ფოსტალიონის” ჟურნალისტს უთხრეს, რომ თუ გადაწყვეტილებას მიიღებენ, აუცილებლად დაუკავშირდებიან..

რაც შეეხება დანარჩენებს, რესპუბლიკურ პარტიაში და “თავისუფალ დემოკრატებში” ლიდერთან კონსულტაციის გარეშე კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავეს, პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრებთან კი დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. თუ რომელიმე მათგანის სურვილი იქნება, , “ფოსტალიონი” მზად არის აღნიშნულ მასალაზე მათი მოსაზრება გამოაქვეყნოს.

postalioni.com

Comments
Loading...